თესალონიკში მოკლული დიანა ბერიძის ოჯახი 5 მლნ ევროს კომპენსაციას ითხოვს
5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს დიანა ბერიძის ოჯახი, რომელიც თესალონიკის იპოკრატეოს საავადმყოფოში ექიმის შეცდომის გამო შარშან აპრილში გარდაიცვალა.
თითქმის ერთწლიანი გამოძიებისა და განხილვის შემდეგ 36 წლის დიანა ბერიძის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის ანგიოქირურგს, დიმიტრის პელეკასს თესალონიკის სასამართლომ 2018 წლის აპრილში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი დიანა ბერიძის ოჯახი საავადმყოფოს უჩივის და 5 მლნ ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს – ამის თაობაზე გაზეთი Star Press-ი წერს.
სასამართლოში შეტანილ სარჩელში მითითებულები არიან დაღუპული ახალგაზრდა ქალის ქმარი, შვილები და დედა. მასში, სხვა გარემოებებთან ერთად, ბრალდების სახით აღნიშნულია თესალონიკის იპოკრატეოს საავადმყოფოში „გაუტკივარების საშუალებების არასათანადო შენახვა, რომლებზეც ექიმს ხელი მიუწვდებოდა და რამაც 36 წლის ქალის სიკვდილი გამოიწვია“ (გავრცელებული ინფორმაციით, მკურნალობის პროცესში ექიმს ხელი მიუწვდებოდა საანესთეზიო საშუალებებზე – ფენტანილსა და პროპოფოლზე, რომლებიც დაღუპული ქალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა).
დიანა ბერიძის ოჯახის მტკიცებით, საანესთეზიო საშუალებების არასათანადო, დაუდევარი აღრიცხვა ნიშნავს, რომ იპოკრატეოს საავადმყოფოს ხელმძღვანელობას არ ხელეწიფება შეაფასოს, ასეთი სახის რამდენი პრეპარატი აქვს და, შესაბამისად, არც ის, ვინ და რამდენს იყენებს მათ.
სარჩელში, აგრეთვე, წერია, რომ „საავადმყოფოს შენობის სათავსოების გასაღებები არ არის დაცული სათანადოდ“ და „სწორედ ამის შედეგად შეძლო ექიმმა საოპერაციოში შეღწევა, სადაც მარტომ გადაწყვიტა რთული ოპერაციული ჩარევა, რამაც პაციენტის სიკვდილი გამოიწვია“.
***
2017 წლის 26 აპრილს დიანა ბერიძემ კლინიკაში ანგიოქირურგს მიმართა სამედიცინო დახმარებისთვის – ვიზიტზე იგი ექიმთან წინასწარ შეთანხმებული იყო. ოპერაციის მიმდინარეობისას ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ექიმმა კი, იმის მაგივრად, რომ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ ეცნობებინა (ექიმის შეცდომა, რომელმაც ლეტალური შედეგი გამოიწვია), ისარგებლა იმ გარემოებით, რომ საავადმყოფოში არავინ იმყოფებოდა და, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი გადამალა. თავდაპირველად ანგიოქირურგი დიმიტრის პელეკასი ყველაფერს უარყოფდა, თუმცა გამოძიებისას ამოიღეს ვიდეოკამერების ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ 26 აპრილს, ღამის 11 საათზე კლინიკიდან 150 კილომეტრის მოშორებით მას საკუთარი ავტომობილით მალულად გადაჰქონდა დაღუპული ქალის სხეული. ქირურგმა დიანა ბერიძის ცხედარი ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე, თავის სოფელში მდინარეში გადააგდო. დაღუპული ახალგაზრდა ქალის სხეული მე-9 დღეს აღმოაჩინეს.
დიანა ბერიძე ამ შემთხვევამდე 6 წლით ადრე ჩავიდა საბერძნეთში ოჯახთან ერთად და იქ რიელტორად (უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაში დახმარება) მუშაობდა. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
კომენტარები