მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო საშუალება აღმოაჩინეს
მინესოტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ბუნებრივი ნივთიერება ფიზეტინი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობის მდომარეობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
მეცნიერებმა ახსნეს მექანიზმი, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ფიზეტინი ხანდაზმულ ორგანიზმზე.
ფიზეტინი – ფლავონოიდია, რომელსაც მრავალი ხილი და ბოსტნეული შეიცავს, მათ შორის, მარწყვი (ყველაზე მაღალი შემცველობა), ხურმა, ვაშლი, ატამი, კივი, ყურძენი, ხახვი, კიტრი და პომიდორი. ფიზეტინს ადრეც უკავშირებდნენ დაბერების პროცესების შენელებას და ალცჰაიმერის დაავადების პრევენციას, ამჯერად კი უფრო ზუსტად გაარკვიეს, რასთან გვაქვს საქმე.
როდესაც ჩვენი უჯრედები დაბერებას იწყებენ და გაცვეთის ნიშნები დაეტყობათ, ორგანიზმი მათ თიშავს. თუ უჯრედის დაპროგრამებული სიკვდილი არ ხდება, ასეთ შემთხვევაში დაბერებულ უჯრედებს ორგანიზმის იმუნური სისტემა ანადგურებს. ახალგაზრდის იმუნური სისტემა ძლიერია და შეუძლია სწრაფად მოაშოროს დაზიანებული უჯრედები, თუმცა ხანდაზმული ასაკის დადგომასთან ერთად ეს პროცესი ნელდება და ბებერი უჯრედები ორგანიზმში გროვდება. ისინი დუნედ მიმდინარე ანთებით პროცესებს იწვევენ და გამოათავისუფლებენ ფერმენტებს, რომლებსაც ქსოვილების დაზიანება და კიბოს გამოწვევაც კი შეუძლიათ.
ზუსტად ასეთ დაბერებულ უჯრედებზე ზემოქმედებს ფიზეტინი და ორგანიზმში მათ დონეს ამცირებს, თანაც ამას ნებისმიერ ასაკში აკეთებს.
ამერიკელ მეცნიერთა ექსპერიმენტის შედეგები იმედს იძლევა, რომ მოვა დრო და სიბერე ჯანმრთელობის გაუარესებასთან აღარ იქნება ასოცირებული, ხოლო ტიპური ასაკობრივი დაავადებები ნორმად აღარ ჩაითვლება. ფიზეტინისთვის აფთიაქში წასვლა საჭირო არ არის, საკმარისია საკუთარ რაციონში სათანადო რაოდენობის ხილი და ბოსტნეული ჩართოთ. მართალია, სწორი დოზირების საკითხი ჯერჯერობით გასარკვევია, მაგრამ მეცნიერები გვპირდებიან, რომ ამ თემას უახლოეს მომავალში შეისწავლიან.
კირა კარიაული
ასევე, დაგაინტერესებთ: ნაწლავების მსუბუქი გაწმენდა და ორგანიზმის გაახალგაზრდავება მარტივი მეთოდით
კომენტარები