საზოგადოებაფსიქოლოგია

ფეხმძიმობა საკუთარ გვამზე

გამოქვეყნდა liberali.ge-ზე
ავტორი: ნათია ფანჯიკიძე

„არ შეუძლია იყოს პირფერი… არ შეუძლია მტვერი არ იყოს..” – გალაკტიონი.

ეს მონოლოგი ჩემ მიერ სხვადასხვა დროს ჩანიშნული ძალიან ბევრი ადამიანის  მდგომარეობის, ცალკეული ფრაზის, შეგრძნების ნაზავია. ტექსტი აღწერს დეპრესიით დაავადებულთა შინაგან განცდებს ყოველგვარი კლინიკური დახასიათების და დაავადების გამომწვევი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მიზეზების განმარტების გარეშე. დეპრესია არარასკენ სწრაფვა და არარად თავის გრძნობაა. ნებისმიერ ადამიანს, მძიმე თუ მსუბუქი ფორმით, დეპრესიული შეგრძნებების გემო ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც უგრძვნია.

ძალიან დიდხანს, უკვე ზრდასრული, თავს მიტოვებულ ბავშვად განვიცდიდი. შიგნით, სულში რაღაც დამრჩა ვერგაზრდილი, შეშინებული და მარტოდმარტო. ჩემი ამ უსუსური, უუნარო ნაწილის გამო თავს არასრულყოფილად ვგრძნობდი, მუდმივად სხვაზე მინდოდა მიკედლება, ამის გამო ხან მრცხვენოდა, ხან უვარგისობის განცდა მტანჯავდა.

მოგვიანებით, როცა მშობელი გავხდი, ძალა ვიპოვე ჩემში, ერთად გამეზარდა ჩემი შვილები და ჩემი შინაგანი ბავშვი.

გამომივიდა.

კარგა ხანს ასე ვიცხოვრე. ზრდასრულმა, დროდადრო სრულ ჰარმონიაშიც კი, მაგრამ  მეორე კრიზისი, ჩემ შიგნით ერთ-ერთი ნაწილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ გამოიწვია. „მეს” მნიშვნელოვანი ნაწილი ჩემში დაუძლურდა და მოკვდა.

ამ კრიზისის გადალახვაც შევძელი. ვისწავლე ცხოვრება ჩემსავე გარდაცვლილ ნაწილთან ერთად. ვმოქმედებდი, დავდიოდი, ვფიქრობდი, ვურთიერთობდი, უბრალოდ ყველგან თან დამქონდა გარდაცვლილი მე და მართალია, ცოტა მიჭირდა მისი ტარება, მამძიმებდა, მაგრამ ასე თუ ისე, ვმონაწილეობდი სიცოცხლეში.

თანდათან მდგომარეობა დამძიმდა. მკვდარმა ნაწილმა ჩემს შიგნით უსწრაფესად დაიწყო ზრდა. მე უკვე სახლიდან ვეღარ გავდივარ. სხეულიც ძნელად მემორჩილება. მოძრაობა შემინელდა.

ოთახიდან არ გამოვდივარ. ვდარაჯობ ჩემსავე გვამს, რადგან სად წავიღო, არ ვიცი.  ან ვის გავუმხილო, მეშინია, მკვლელობა არ დამაბრალონ. არ მომიკლავს.  მოკვდა. იქნებ მოკლეს კიდეც, მაგრამ მართლა არ დამინახავს კონკრეტული მკვლელი. იქნებ ბევრნი იყვნენ და ვერ გავარჩიე რომელმა დამჭრა სასიკვდილოდ. ან იქნებ არც არავის ბრალია და თვითონ მოკვდა.

საუკეთესო მე იყო, თითქმის უნაკლო. სულ რამდენიმე ნაკლი მოკვდა მასთან ერთად, ყველა დანარჩენი ნაკლი ცოცხალია და საერთოდაც, ახლა მხოლოდ ნაკლიღა ვარ.

ხანდახან ვფიქრობ, მთლიანადაც სიამოვნებით ვიქნებოდი ირონიული მკვდარი, რომელსაც ენაგამოყოფილს მიასვენებენ.

საათობით მივჩერებივარ ჭერს. მივჩერებივარ, მაგრამ ვერ ვხედავ. ვუყურებ, იმიტომ, რომ თეთრია.

ყელზე წარმოვიდგენ შემოჭერილ ყულფს. ყულფი თეთრია. სავარაუდოდ, დაგრაგნილი ზეწრის. ქათქათა თეთრი.

ზოგი სიმაღლიდან გადახტომაზე ფიქრობს. სისწრაფე არასდროს მიყვარდა. ციგითაც არასდროს მიყვარდა დაშვება. ქარი რომ მიბერავს, მცივა. ისედაც სულ მცივა. ხმაურიც არასდროს მიყვარდა. ბრახვანის გაგონება არ მსიამოვნებს. ბრახ..

გასკდომა.

ჭურჭელი რომ იმსხვრევა, უსიამოვნოდ ჩამესმის ხმა.

ცინიკურია ასფალტზე დახეთქება. ცინიკური მათ მიმართ, ვინც უნდა აგკრიფოს. მე ცინიკოსი არასდროს ვყოფილვარ.

ენაგადმოგდებული და თვალებგადმოკარკლული რომ დახვდები სხვას, შესაძლოა ვინმეს ეს უფრო ცინიკურად ეჩვენოს, მაგრამ სიმართლე გითხრა, სხვებზე ფიქრი ძნელია, როცა საკუთარი გვამი გყავს დასამარხი. სანამ ლაპარაკობ, არ გიჯერებენ, რომ მკვდარი ხარ. ლეში რამდენს დაგაცდის? ყოველდღე იხრწნება. სულ უფრო ძნელი ხდება მისი შენში ტარება.

ჩემი გვამი ისე მძიმეა, ადგომის თავი არ მაქვს.  მკვდარი სხეული მძიმდება.

სიცოცხლე ჰაეროვანია.

უფრო მეტად ცოცხალი რომ ვიყავი, შეგეძლო ხელში თავისუფლად აგეყვანე, სულ რომ არ დაგხმარებოდი, ჩემი უხილავი ფრთები გეხმარებოდნენ. ახლა, როცა უფრო მეტად მკვდარი ვარ, სული გინდ ყოფილა, გინდ არა, კარტოფილით სავსე ტომარაში კარტოფილებს შორის ჩაკუჭული ჰაერივითაა მისი ადგილი შემჭიდროვებული. გვამი კი მძიმეა და ახლა, რომ მოგინდეს, იოლად  ვეღარ ამწევ.

სიმართლე გითხრა, ეს არ არის აუტანელი მდგომარეობა. აუტანელი იცი რომელია? როცა შენს გვამში ხარ დამწყვდეული მატლივით.

აუტანელი ისიცაა, როცა ამაზე ლაპარაკობ, არავის სჯერა. არ სჯერათ, რომ კარტოფილის ტომარა ხარ. ეუბნები, რომ არცერთი ორგანო აღარ გაქვს, მუცელში სიცარიელეა. უხსნი, რომ უკვე მატლები დაგესია და არ სჯერათ. განა რამე მნიშვნელობა აქვს მკვდრისთვის, ვის სჯერა და ვის არა, მაგრამ სადღაც მაინც შეურაცხმყოფელია, როცა უნდობლად გეკიდებიან.

ერთი ექიმი დამდგომოდა თავს და ჩემს ჭირისუფალს ჭკვიანი სახით უხსნიდა, ეს ფენომენი ფრანგმა ფსიქიატრმა კოტარდმა აღწერა 1882 წელს, ფსიქოზური დეპრესიის ბოდვააო.

სულ ოდნავ მეტად ცოცხალი რომ ვყოფილიყავი, საკადრის ადგილს მივუჩენდი ამ მართლაც მბოდავს.

დაბანა არ მსიამოვნებს. ან კი საკუთარი გვამის გაპატიოსნებაზე ვინმე თვითონ ზრუნავს? თუმცა, კი, როგორ არა,  ეგეთებიც მინახავს, არტისტული ბუნების ხალხია, ესთეტიკას ეთაყვანებიან. აი ის, „თვითმკვლელები”, ლამაზი მკვდრები რომ უნდათ იყვნენ. წამლებს რომ ყლაპავენ და სულ ყოველ ჯერზე ერთი აბით ნაკლებს იღებენ, რომ ცალი თვალით ცოცხლები დარჩნენ და ყველაფერი ნახონ, რაც მათი “სიკვდილის” შემდეგ მოხდება..  გადათვალონ, ვინ იტირა და ვინ გააგრძელა ცხოვრება ჩვეულ რიტმში. ეს ის ხალხია, ვენებს რომ ნაზად იჭრიან. ტკივილის ეშინიათ. მათი ეს სიკვდილიც სხვას ეძღვნება ხოლმე. თუმცა ხანდახან მართლა კვდებიან. სამწუხაროა. გულის სიღმეში სიცოცხლე უნდათ. მათ არ იციან, რა პირადი რამაა სიკვდილი და რომ ის არავის არ შეიძლება ეძღვნებოდეს.

რიგრიგობით მაძალებენ ახლობლები აბაზანაში შესვლას. ნაგავი რატომ არ გაგაქვს, ლპობის სუნი დგას, შენც ყარხარო…

ცხადია, ვყარვარ. ეს ხრწნის სუნია.

საშინელებაა, როცა შენი არ ესმით. განა მადარდებს მათი უნდობლობა, უბრალოდ მინდა თავი დამანებონ.

ისედაც ვიცი, ყველაფერი ჩემი ბრალია. ის, რაც ჩავიდინე და ის, რაც არ ჩამიდენია. ჩემი ბრალია ადამიანთა მარტოობა, მთელ პლანეტაზე  ბავშვები რომ შიმშილით იღუპებიან, ამქვეყნად ამდენი ტკივილი რომ არსებობს. ჩემი ბრალია ყველა ცოდვა, ყველა ჯოჯოხეთი და ამის გამო ჩემი თავი მძულს. ჩემთვის არ უსწავლებიათ სხვისი დადანაშაულება.

არავის ვარგივარ, არარაობა ვარ, სამარცხვინო უუნარო ვარ, ვერავის ტკივილს ვერ ვშველიმეთქი, ჩემს ფსიქოლოგს რომ ვუთხარი, თუკი ყველას ტკივილი შენი საზიდი გგონია, არარაობად როგორღა მიიჩნევ თავსო. იქნებ საკუთარი თავის ერთგულებით დაიწყოო. საკუთარი თავი სხვათა გარეშე არასდროს მიგრძვნია.

ხანდახან თავი შემცოდებია, არავის ვუყვარვარ-მეთქი, მაგრამ ვერავის  გავამტყუნებ, რა უნდა შეყვარებოდათ ჩემისთანა არარაობაში. ან რით ვუპასუხო, რომ შემიყვარონ?

რაც ცოცხალია, მაწუხებს. ან გვამი უნდა ჩამოვიშორო, ან ის მოვიშორო, რაც ცოცხალია. გვამი უფრო დიდია, ვერ გადავათრევ ჩემით. ამ პაწაწინა სიცოცხლის მოსპობას კი რა უნდა. ერთი ციცქნაა, პატარა ნაჩხვლეტი ეყოფა, რომ გამოთავისუფლდეს.

  • მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ სხვები?
  • გარკვეულწილად. ეს სურვილია, რომ აღარ ჩანდე სარკეში, რომ არ იყო ასე მახინჯი სხვის აღქმაში. სხვა არაფერი.
  • ჩვენ ხომ სარკეების გარეშეც შეგვიძლია ვიცხოვროთ?
  • არ ვიცი სარკის გარეშე როგორ ხდება დადასტურება, ვინ ხარ.
  • სარკე არაფერს ადასტურებს ჩვენს შესახებ. მას შენახვაც კი არ შეუძლია ჩვენი ანარეკლის.

დეპრესია ნორმალური გრძნობაა, თუკი გლოვის მდგომარეობა, მოულოდნელად გადატანილი ძლიერი სტრესის შემდგომი პერიოდი ან დანაკარგის ძლიერი განცდა გვაქვს. თუმცა ეს მდგომარეობებიც უსაზღვროდ არ უნდა გახანგრძლივდეს. ფსიქიკამ უნდა შეძლოს სტრესის შემდეგ აღდგენა და ბალანსი.

თუ გრძნობთ, რომ აღწერილი ფრაზების ნაწილი ჰგავს ან გამოხატავს თქვენს განცდას, მიმართეთ სპეციალისტს.

ორიგინალური ვერსია იხილეთ: http://liberali.ge/blogs/view/39061/fekhmdzimoba-sakutar-gvamze

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close