„ქეთო და კოტე“ – უკვდავი ქართული ვარსკვლავური კომედია
„ქეთო და კოტე“ ალბათ ერთადერთი ქართული ფილმია, რომლის მონაწილე თითქმის ყველა მსახიობი, ეპიზოდურ როლებში გადაღებულიც კი, ვარსკვლავია, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ლეგენდად ქცეული ვარსკვლავი, რადგან მათი უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის: ნატო ვაჩნაძე, გიორგი შავგულიძე, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, ვასო გოძიაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, ცეცილია წუწუნავა, სესილია თაყაიშვილი, მედეა ჯაფარიძე, მერი დავითაშვილი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, შალვა ღამბაშიძე, იაკობ ტრიპოლსკი, გოგი გელოვანი… რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა მსახიობთა მართლაც რომ უნიკალური გალერეა შექმნა და განუმეორებელი სილამაზის ფილმი გადაიღო.
„ქეთო და კოტე“ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ერთხმად აღიარეს. ფილმმა წარმატებით შემოიარა მთელი მსოფლიო. ვაშინგტონში თურმე ისე მოეწონათ, რომ ერთ-ერთ კინოთეატრში ორი კვირის განმავლობაში უჩვენებდნენ, რაც იქ ძალზე იშვიათი მოვლენა ყოფილა. ჩვენების დროს დარბაზი გაჭედილი იყო. უცხოელები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ, მოდით, ნახეთ, როგორ ცხოვრობენ ქართველებიო. 1954 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთი გაზეთი წერდა: იშვიათად, რომ ჰოლივუდს მსგავსი რამ გაეკეთებინოსო.
„ქეთო და კოტე“ დღემდე არ კარგავს კინემატოგრაფიულ ხიბლს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაღებიდან (1948 წ.; პირველი ჩვენება გაიმართა 1953 წლის 8 ივნისს) საკმაოდ დიდი დრო გავიდა.
სტალინის დაკვეთა
„ქეთო და კოტე“ სტალინის დაკვეთით გადაიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. სწორედ სტალინის მოთხოვნა იყო ავქსენტი ცაგარელის პოპულარული კომედიის – „ხანუმას“ („ქეთო და კოტე“ შემდგომში ეწოდა) ეკრანიზაცია. კინოსტუდიის ხელმძღვანელობამ ფილმის გადაღება ვახტანგ ტაბლიაშვილს დაავალა, რომელიც იმ პერიოდში „ნიკოლოზ ბარათაშვილის“ ეკრანიზაციაზე მუშაობდა. იგი ახალი მისული იყო კინოსტუდიაში; მანამდე, 16 წლის განმავლობაში, მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, 10 წელი კი – ოპერის თეატრში, ამიტომაც გაუკვირდა, როდესაც ერთ მშვენიერ დღეს კინოსტუდიის დირექტორმა ვლადიმერ მაჭავარიანმა დაიბარა და სტალინის ხელმოწერილი ქაღალდი აჩვენა, რომელზეც რამდენიმე ფილმი იყო ჩამოწერილი, მათ შორის, „ქეთო და კოტე“. გაუკვირდა, მაგრამ გონებით უცებ ბარათაშვილის წლებში გადაინაცვლა, ქეთო და კოტე პეტერბურგში რომ სწავლობდნენ, სადაც დადეს „ფიცი სიყვარულისა“ და თითქოს მთელი ფილმი წამიერად იხილა. თანაც სტალინს უარს როგორ ეტყოდა?!
„ქეთო და კოტე“ რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის პირველი კინოსურათია.
სცენარი მამის რჩევით
ცხადია, ფილმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სცენარია. ძველი თბილისი გრიშაშვილზე უკეთ ვინ იცოდა, მაგრამ რეჟისორმა მას შეგნებულად არ მიმართა: „მეჯღანუაშვილის“ გასცენიურებაზე უარი მითხრა და აქაც რომ უარი მიმეღო, მეწყინებოდაო, იხსენებდა შემდგომში ტაბლიაშვილი. „მეჯღანუაშვილის“ სცენარი კი თავად დაწერა, მაგრამ „ქეთო და კოტეს“ სცენარს „ვერ შებედა“ და, მამის რჩევით („რევოლუციამდელ საქართველოში მაგას დიდი წარმატება ჰქონდაო“), სიკო ფაშალეიშვილს მიმართა, რომელიც იმ პერიოდში ჟურნალ „ნიანგში“ იუმორისტულ მინიატურებს აქვეყნებდა „ფარსადანის“ ფსევდონიმით. ფაშალეიშვილმა რეჟისორის წინადადება სიამოვნებით მიიღო. სცენარი საგურამოში, ილიას სამსართულიან სახლში დაიწერა, რომელიც მაშინ მწერლების დასასვენებელ ადგილს წარმოადგენდა.
„ქეთო და კოტეთი“ „დაავადებული“ თბილისი
ტაბლიაშვილს ფილმზე მუშაობისას არაერთი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. ზოგიერთ რეჟისორს აშკარად არ უნდოდა, რომ ფილმი მას გადაეღო. თავადების დროსტარება ბურჟუაზიული გადმონაშთიაო, აცხადებდნენ და ყოველმხრივ ცდილობდნენ, ტაბლიაშვილი აეძულებინათ, თავადვე ეთქვა უარი ფილმზე. იმ დროისათვის ცეკას პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი იყო. ტაბლიაშვილმა როგორღაც მოახერხა მასთან შეხვედრა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო, თუ ვინ იყო და რას აპირებდა… ჩარკვიანმა თურმე პირდაპირ კაბინეტში მოაყოლა მთელი სცენარი, ძალიან მოეწონა და აღუთქვა, რომ მუშაობაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. ასეც მოხდა…
სასინჯ გადაღებებზე ოპერის თითქმის ყველა მომღერალი მიიწვიეს. თავდაპირველად კოტეს როლზე დრამის მსახიობი, ვინმე კობალაძე დაამტკიცეს, თავადი ლევანის როლზე კი – ბათუ კრავეიშვილი, მაგრამ ხანშიშესული თავადის გრიმსა და კოსტიუმში გამოწყობილი ბათუ რეჟისორს როლისთვის არ მოეწონა; არც კობალაძე აღმოჩნდა კოტეს როლში იდეალური ვარიანტი. „კრავეიშვილის იმედი მქონდა, მაგრამ გადაღების დროს ჩიკორად მომეჩვენა, მე კი ძველი დიდების ნაშთი მინდოდა. თვითონ ბათუსაც ხალისი ვერ შევამჩნიე. გადაღების შემდეგ მითხრა, მოხარული ვიქნები, ლევანის როლს თუ შევასრულებ, მაგრამ უფრო მოხარული ვიქნები, კოტეს როლს თუ მანდობო“, – იხსენებდა შემდგომში ვახტანგ ტაბლიაშვილი.
კრავეიშვილის გარდა საცდელ გადაღებებში მონაწილეობდნენ ლადო კავსაძე, სანდრო ინაშვილი და სპარტაკ ბაღაშვილი. საბოლოოდ კოტეს როლზე არჩევანი კრავეიშვილზე შეჩერდა, მაგრამ ამისთვის საჭირო გახდა ტენორის პარტიის ბარიტონად გადაკეთება, თავადი ლევანის როლს კი საოცრად კარგად მოერგო საოპერო სცენის დიდოსტატი პეტრე ამირანაშვილი, რომელმაც რეჟისორს თავად შესთავაზა საკუთარი კანდიდატურა: „ვივარგებ – კარგი, არ ვივარგებ – კარგად იყავით“. მათი შემხედვარე, გიორგი შავგულიძე თურმე ამბობდა, მაინც საიდან მოგძებნათ ტაბლიაშვილმა ეს ორი ბარიტონი ბიძა-დისშვილის როლზეო. სხვათა შორის, ბათუ კრავეიშვილისთვის „ქეთო და კოტე“ მეორე ფილმი იყო. მანამდე, ჯერ კიდევ 1935 წელს, მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგ იგი რეჟისორმა დავით რონდელმა გადაიღო ლაზარიას როლში, ფილმში „დაკარგული სამოთხე“.
რაც შეეხება ქეთოს როლს, რეჟისორს თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ამ როლს მედეა ჯაფარიძე ითამაშებდა, ამიტომ როდესაც ქეთოს როლზე მომღერალი ქალის აყვანა ურჩიეს, არ დათანხმდა – არჩევანი მედეაზე შეაჩერა და სწორადაც მოიქცა. დასტურად ის ფაქტიც კმარა, რომ ფილმის ეკრანებზე გამოსვლისთანავე მთელი თბილისი „ქეთო და კოტეთი“ „დაავადდა“, ყოველ მეორე ახალშობილ გოგონას მედეას არქმევდნენ…
განაწყენებული ოპერის მომღერლები
სიკოს და ნიკოს კუპლეტები ოპერის მომღერლებს უნდა ჩაეწერათ. რეჟისორმა გადაღებაზე ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძეც მიიწვია, პროცესს დაესწარით, იქნებ თქვენი დახმარება დამჭირდესო. ოპერის მსახიობებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, სწორად მღეროდნენ, მაგრამ ნათქვამით არ ცოცხლობდნენ, მათი შესრულება ერთფეროვანი იყო. გოძიაშვილმა რაღაც ფრაზები წაიმღერა, ჟორამაც სცადა სწორი ინტონაციები მიეწოდებინა ოპერის მომღერლებისთვის, მაგრამ არაფერი გამოვიდა. უცებ დირიჟორმა შალვა აზმაიფარაშვილმა ვასოს და ჟორას უთხრა: იმღერეთ ორკესტრთან ერთად! მსახიობები შეკრთნენ, მაგრამ იმღერეს და… ოპერის მომღერლები განაწყენდნენ, რადგან დირექტორმა ფილმისთვის თავის მომღერლებს გოძიაშვილი და შავგულიძე ამჯობინა.
კოტე ბევრად ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო
ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობების გარდა ფილმში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებიც არიან გადაღებულები. ვერიკო ანჯაფარიძეს, სესილია თაყაიშვილს, ცეცილია წუწუნავას ეპიზოდური როლები აქვთ, მაგრამ მარტო მათი ეკრანზე გამოჩენა რად ღირდა?!.. ფილმში განუმეორებელი ნატო ვაჩნაძე მსახიობ ზურა ლეჟავასთან ერთად მასობრივ სცენაში ვალსს ცეკვავს, ვერიკო ანჯაფარიძის პარტნიორი კი ამ ეპიზოდის გადაღებისას გოგი გელოვანია, რომელიც „ქეთო და კოტეში“ თავადი ლევანის ერთ-ერთი მეგობრის როლსაც ასრულებს. შემდგომში ბატონი გოგი ასე იხსენებდა ფილმის გადაღების საინტერესო მომენტებს:
„ტაბლიაშვილს კოტეს როლზე ბათუ კრავეიშვილის აყვანა არ უნდოდა, ოპერის ახალგაზრდა მსახიობს ეძებდა, მაგრამ ბათუ კანდიდ ჩარკვიანმა ურჩია და უარი ვეღარ უთხრა, თორემ კოტე ბევრად ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო. ბატონი ვახტანგი უკმაყოფილებას ვერ მალავდა – ზურა ანჯაფარიძე ჰყავდა შერჩეული ამ როლისთვის, მაგრამ ბოლოს თქვა, კარგი ვქენი, ჩარკვიანს რომ დავუჯერეო. სხვათა შორის, კინოსტუდიაში რამდენიმე კაცი გიორგი შავგულიძის წინააღმდეგიც იყო, მაგრამ ფილმი რომ დასრულდა, მიხვდნენ, ყველა კარგად ერგებოდა თავის როლს. მაგალითად, მე მგონია, ქაბატო მერი დავითაშვილს რომ არ ეთამაშა, ფილმი ასეთი კომიკური არ გამოვიდოდა. მედეა ჯაფარიძეზე ყველა გიჟდებოდა, ისე მოსწონდათ. მისი შემხედვარე ოპერის ახალგაზრდა მსახიობები ლამის გონებას კარგავდნენ, მაგრამ ვინ რას გაუბედავდა?! იმ დროს მისი მეუღლე, გრიშა კოსტავა ახალი დაჭერილი იყო. მახსოვს, ძალიან გაუჭირდათ იმ ეპიზოდის გადაღება, ქეთო და კოტე გარეთ რომ სეირნობენ და კოტე ქეთოს კოცნის. მედეას ეს ეპიზოდი უხერხულობას უქმნიდა. ამის გამო საკმაოდ ბევრი დუბლის გადაღება მოუწიათ.
გადაღებები, ძირითადად, ძველი კინოსტუდიის პავილიონში მიმდინარეობდა. მაკარის სასახლეში საქორწილო ლხინსა და ბაღში სიმღერის სცენები კი მაშინდელი პიონერთა სასახლის ეზოსა და დარბაზებშია გადაღებული.
გადაღების დროს საოცარ დროს ვატარებდით. იმ ეპიზოდში, ვითომ ქარვასლა რომ იწვის და ჟორჟოლიანი და კვანტალიანი – ჭორიკანა თავადები რომ გარბიან და ახალგაზრდებმა დამბაჩა უნდა ვესროლოთ, ჟორჟოლიანს ფრაკის ქვემოდან შუშხუნა ჰქონდა დამაგრებული და ბოლი იმას ასდიოდა. ვინც დამბაჩებს ტენიდა, ვთხოვე, რამე ისეთით დატენე, ჟორჟოლიანმა მართლა იგრძნოს, რომ რაღაც მოხდა-მეთქი. რეჟისორიც გავაფრთხილეთ. ჟორჟოლიანის გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა. ყვირილი რომ დაიწყეს: „ხანძარია, ხანძარია!“ – და გამოიქცნენ, დამბაჩა ვესროლეთ. ჟორჟოლიანი შიშისგან ახტა, ისე დაიბნა, რომ ეგონა, მართლა დავიჭერიო. ბევრი ვიცინეთ. ფილმში სწორედ ეს ეპიზოდი შევიდა…
ერთ ამბავსაც მოგიყვებით: მთავარი ყარაჩოხელი სერგო ზაქარიაძე იყო. ტივზე ვიდექით და გადასაღებად ვემზადებოდით. ამ დროს გამოქანდა ყოჩი და დაეტაკა სერგოს. ზაქარიაძე ფიზიკურად ძლიერი კაცი იყო და თავი შეიკავა. ყოჩი ისევ გამოქანდა და ისევ დაეტაკა. სერგო ადგა და დაიჭირა. ყოჩი მაინც არ ისვენებდა, არ ეპუებოდა სერგოს. რეჟისორმა გადაწყვიტა, ცხვრის პატრონისთვის ჩაეცმია ყარაჩოხელის ტანსაცმელი. ვერ იცნო პატრონი ცხვარმა, იმასაც ეცა და მიწაზე გააგორა, კინაღამ მოკლა კაცი. მახსოვს, გამწარებული ყვიროდა, არ მინდა თქვენი ფული, არ მინდა გადაღებაო.
სხვათა შორის, „ქეთო და კოტე“ პირველი მიუზიკლია ყოფილ საბჭოთა კავშირში და რეპიც პირველად ამ ფილმში გაისმა – გახსოვთ ალბათ, მაჭანკლის რეჩიტატივი – მზითვის ჩამონათვალს რომ კითხულობს“.
***
„ქეთო და კოტე“ ომის შემდგომ პერიოდშია გადაღებული. იმ დროს მთელ საქართველოში ტალონების სისტემა მოქმედებდა და მსახიობები ნახევრად მშივრები დადიოდნენ გადაღებებზე. ვახტანგ ტაბლიაშვილი იხსენებდა: „იმ ეპიზოდს ვიღებდით, სიკო და ნიკო სხვენში რომ არიან ასულები, ქაბატო ყვირის: „მოგვატყუეს, მაკარ!“ – ზემოდან კი კაკლები ეყრება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები ნახევრად მშივრები იყვნენ, ერთი კაკალიც კი არ გაუტეხიათ და შეუჭამიათ, შეაგროვეს და ისევ ტომარაში ჩაყარეს“.
შავგულიძე – „ხანუმა“
ერთ დღეს ხანუმას როლის შემსრულებელი თამარ ჭავჭავაძე ცუდად გამხდარა და კინოსტუდიაში დაურეკავს, ცუდად ვარ, გადაღებაზე ვერ მოვალო, რაც იმას ნიშნავდა, რომ გადაღება ჩაიშლებოდა. ამის შესახებ მდივნის გარდა შავგულიძემ იცოდა, რომელიც მათ საუბარს შეესწრო. შავგულიძემ ჩაიცვა თურმე ხანუმას ტანსაცმელი და ხის ქვეშ წამოწვა. შეიკრიბნენ მსახიობები, მხოლოდ შავგულიძე არ ჩანდა არსად. გაგიჟდა რეჟისორი. ამასობაში მდივანი შემოვიდა და დღეს ხანუმა ვერ მოვაო, თქვა. რას ჰქვია, ვერ მოვა, უკვე მოსულია, ლამის ერთი საათია, ხის ქვეშაა წამოწოლილი და, მგონი, ჩასძინებია კიდეცო. მივიდნენ ახლოს, უტრიალეს აქეთ-იქიდან, რადგან „ხანუმას“ გაზეთი ჰქონდა სახეზე დაფარებული; ბოლოს ხვრინვაზე მიხვდნენ, რომ ეს შავგულიძის მორიგი ოინი იყო.
იმ დღეს გადაღება, ცხადია, ჩაიშალა.
***
სტალინს „ქეთო და კოტე“ არ უნახავს. ამბობენ, სხვა რეჟისორებმა შეუშალეს ხელი, რომ ენახა, სამაგიეროდ, ბერიამ ნახა და ძალიან მოეწონაო; უთქვამს, სასწრაფოდ თარგმნეთ რუსულადო. მაშინ ერთ უცხოურ გაზეთს დაუბეჭდავს, სტალინი იმ ქვეყნიდან არის, კინტოები რომ ცხოვრობენო…
თამარ ოთიაშვილი
P. S. რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა 2008 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი „სახლი სიხარულისა“, რომელიც „ქეთო და კოტეს“ შექმნის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ვახტანგ ტაბლიაშვილისა და მხატვარ იოსებ სუმბათაშვილის ინტერვიუების სახით უნიკალურ მასალას მოიცავს.
კომენტარები