ბერძნულ-ქართული ოჯახის სიამაყე, 4 წლის ვასილი – საბერძნეთის მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი

მოგეხსენებათ, გასული საუკუნის ბოლოს საბერძნეთში უამრავი საქართველოს მოქალაქე წავიდა ბედის საძიებლად და ნელ-ნელა ქართული სათვისტომოც ჩამოყალიბდა. ელადაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების რიცხვი დღემდე იზრდება. ცხადია, ამ გარემოებამ ორი ერის წარმომადგენელთა ურთიერთობებზეც მოახდინა სასიკეთო გავლენა; მომრავლდა შერეული ქორწინებებიც. დღეს ერთი ასეთი ბერძნულ-ქართული ოჯახის შესახებ გვინდა გიამბოთ.

ნინო კობიაშვილი წარმოშობით თელავიდანაა. იგი დიდხანს ცხოვრობდა თბილისში, სადაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე სწავლობდა, შემდეგ კი ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა. ნინოს ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალმა სოციალური ქსელით ბერძენი გრეგორის თეოდორაკისი გაიცნო. გარკვეული ხნის შემდეგ გრეგორიმ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა, რათა ახლოს გაეცნო ნინო და მისი ოჯახი. ნინოთი და საქართველოთი მოხიბლულმა ბერძენმა სერიოზული ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა და წყვილი მალე დაქორწინდა. ასე აღმოჩნდა ნინო ათენში.

გრეგორი და ნინო უკვე ექვსი წელია დაქორწინებულები არიან. მათი ოჯახის მთავარი წევრი და სიამაყე ოთხი წლის ვასილია, ხუჭუჭთმიანი ლამაზი და ცელქი ბიჭი, რომელიც, შეიძლება ითქვას, საბერძნეთის მოდის ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავია.

როგორც ნინომ გვიამბო, სამი თვის წინ პოპულარულ სააგენტო „ნიუ მოდელს აჯენსის“ ვასილის ფოტო გაუგზავნა. აღნიშნული სააგენტო მოდის ინდუსტრიის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებთან თანამშრომლობს, როგორიცაა: „ლაპინ ჰაუსი“, „მანდარინო“ და სხვ. სააგენტოს მესვეურები ვასილის გარეგნობით მოიხიბლნენ, თუმცა სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მომავალ მოდელს სამი ქასთინგის გავლა მოუწია. ერთი თვის ლოდინის შემდეგ სააგენტოდან ოჯახს აცნობეს, რომ პატარა ვასილისთან რვაწლიანი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს. კომპანიებმა – „მარასილიმ“ და „მანდარინომ“ ვასილი თავის „სახედ“ აირჩიეს. პატარა მოდელ ბიჭუნას ყოველ სამ თვეში მოუწევს გადაღებებში მონაწილეობა, ხოლო ხელფასს ექვს თვეში ერთხელ მიიღებს. იგი უკვე გადაიღეს კატალოგისა და საშემოდგომო კოლექციისთვის. კატალოგი სექტემბრის დასაწყისში დაიბეჭდება.

ვასილის ძალიან მოეწონა გადაღების პროცესი და სიამოვნებით პოზირებდა კამერის წინ, რამაც ფოტოგრაფებს მუშაობა გაუადვილა. მართალია, ბავშვის მამა – გრეგორი თავიდან წინააღმდეგი იყო, რომ ბიჭუნას პროფესიული კარიერა დაეწყო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ვასილის ეს საქმიანობა ძალიან მოსწონდა, აზრი შეიცვალა.

როგორც ნინო ამბობს, ბიჭუნას ქართული ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს. რამდენადაც მას თავიდანვე ერთდროულად რამდენიმე ენაზე უწევდა საუბრის მოსმენა, მშობლებმა პრობლემების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს ბავშვს ჯერ ბერძნული ენა ესწავლა. გაისად ვასილი პირველად ეწვევა საქართველოს და ქართულ გარემოში ბევრად უფრო გაუადვილდება თავისი მეორე მშობლიური ენის შესწავლა.

ვასილის ხატვაც უყვარს და, საერთოდ, ძალიან აქტიური ბავშვია. ნინოს შვილის აღზრდაში დედა ეხმარება, რომელიც ასევე საბერძნეთში ცხოვრობს.

გიორგი ჯანელიძე

აქვე გთავაზობთ ვიდეოს, როგორ პოზირებს პატარა მოდელი ფოტოკამერის წინ:

კომენტარები
Загрузка...