ეკა ასტამაძე: „გახსოვდეთ თქვენი უფლებები და არ მისცეთ არავის იმის უფლება, რომ დაგამციროთ“
ეკა ასტამაძე პროფესიით იურისტია, მაგრამ რომში პიცერიაში მუშაობს, თუმცა ძალიან მალე საფრანგეთში აპირებს გადასვლას. ეკა ამბობს, რომ საქართველოში დიპლომს ფასი არ აქვს და თაროზე შემოსადებად არის „განწირული“, რადგან თუ არავინ წაგაშველა ხელი, კარიერას ვერ ააწყობ. „საქართველოში ალბათ არ დავბრუნდები, რადგან მინდა მარტო კი არ ვიარსებო, ვიცხოვრო კიდეც“, – ამბობს იგი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში და თავის მიზანსაც გვიმხელს – სურს, რომ „ოცნების სახლი“ ააშენოს…
ეკა, რამდენი ხანია, რაც რომში ცხოვრობთ და რა იყო თქვენი გამგზავრების მიზეზი?
ერთი წელია უკვე, რაც რომში ვიმყოფები. სხვა ქართველი ემიგრანტების მსგავსად მეც უკეთესი მომავლის და აზრიანი ცხოვრების შესაქმნელად წამოვედი იტალიაში. ცხოვრების რიტმი აქ ჩქარი, განსხვავებული და საინტერესოა. თავს ვიმხნევებ. რომი საოცარი ქალაქია; მჯერა, რომ ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება და ის რაღაც სადღაც აქვეა, ჩემთან ახლოს.
რომანტიკოს ადამიანს რეალობის აღქმა და სირთულეებთან შეჭიდება არ გაგიჭირდათ?
ყველაფერი ახალი ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. აქ ცხოვრება იმაზე რთულია, ვიდრე საქართველოდან ჩანს. ვფიქრობ, სანამ ადამიანი ცოცხალი ხარ, ყველაფრის გამოსწორების და შეცვლის საშუალება გაქვს, ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა მოუხმო შენში არსებულ ყველა ძალასა თუ ენერგიას და გადადგა ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის, სამყაროს შესაცნობად თუ შესაქმნელად. ყოველი ჩვენგანი საკუთარ სამყაროს ჩვენივე ხელებით ვაშენებთ. ამ ეტაპზე დიდი სურვილი მაქვს ჩემი მიზანი განვახორციელო და ელემენტარული პირობები მაინც შევიქმნა საარსებოდ. ცხოვრება ხომ სიხარულია და არა დღეების გადაგორება.
რა პროფესიის ხართ?
იურიტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე.
დაოჯახებული ხართ, არა?
დიახ, მყავს მეუღლე და პატარა ლიზა, რომელიც ცხოვრების სტიმულსა და დიდ ენერგიას მაძლევს. მეორე შვილი – ლაზარე 11 თვის გარდამეცვალა.
ძალიან ვწუხვარ… რატომ?
თავიდანვე სუსტი ბავშვი იყო, ავადმყოფობდა და ვერ გაუძლო… არ ვიცი, ამ ტკივილს ოდესმე რამე თუ უშველის, დღემდე ვერ გავითავისე, რაც მოხდა და ალბათ ვერც გავითავისებ…
ამჟამად რას საქმიანობთ და საკუთარი პროფესიით თუ გიმუშავიათ?
ვმუშაობ პიცერიაში. როგორც წესი, დიპლომები საქართველოში თაროზე შემოსადებად გვჭირდება, რადგან საქართველოში არ მუშაობს დასაქმების სისტემა. რაც არ უნდა კარგი იყო, თუ არ გყავს დამხმარე, ვინც ელემენტარულად ხელს მაინც მოგიმართავს ცხოვრებაში და ხელს წაგაშველებს კარიერულ წისვლაში, ყველა შრომა ფუჭად ჩავლილია.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
ვცდილობ აზრიანად გავატარო ჩემს ოჯახთან ერთად.
სამომავლო გეგმებზე რა შეგიძლიათ თქვათ?
ამ დღეებში საფრანგეთში გადავდივართ საცხოვრებლად. მინდა ავაშენო ჩემი ოცნების სახლი, ოღონდ პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ – უკეთესი მომავალი და მშვიდი ცხოვრება მინდა ვაჩუქო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, ჩემს ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი სჯერა. საქართველოში ალბათ არ დავბრუნდები, რადგან მინდა მარტო კი არ ვიარსებო, ვიცხოვრო კიდეც!
რას ეტყვით ქართველ ემიგრანტებს?
ყველა თქვენი ოცნება რეალობა გამხდარიყოს. გახსოვდეთ თქვენი უფლებები და არ მისცეთ არავის იმის უფლება, რომ დაგამციროთ! ძალიან მინდა, რომ ყველა თქვენგანს შრომა დაუფასდეს. გეპოვოთ საკუთარი ბედნიერება!
ესაუბრა ქეთი კვირკველია
კომენტარები