ორმაგი მოქალაქეობა – რას ნიშნავს და ვისთვისაა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება?

ძალიან მალე საქართველოს პარლამენტი ისტორიულ კანონს მიიღებს – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აღარ გახდება ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო მათ, ვინც უკვე დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო, შესაძლებლობა ეძლევათ, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში აღიდგინონ.

ეს გადაწყვეტილება ნამდვილად ისტორიულია ქვეყნისთვის, რომელსაც მილიონიანი ემიგრაცია ჰყავს. კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტში უკვე ინიცირებულია – ინიციატორია იურიდიული კომიტეტი (თავმჯდომარე – ეკა ბესელია); დოკუმენტი გადაეგზავნა დიასპორის საკითხთა კომიტეტს, რომ კანონპროექტზე იმუშაოს, მოამზადოს შენიშვნები და იურიდიულ კომიტეტს წარუდგინოს. კომიტეტებსა და ფრაქციებში გამართული განხილვების შემდეგ პროექტი პლენარულ სხდომაზე გავა (პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო დროა 1 ივლისი – 21 სექტემბერი, ანუ  კანონპროექტის მიღება სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება).

ვფიქრობთ, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის საინტერესოა ამ კანონპროექტში მოცემული დებულებების გაცნობა. შემოთავაზებულ ცვლილებებზე  კომენტარი და აზრის გამოთქმა ვთხოვეთ იურისტ დავით ზარდიაშვილს, რომელიც დეტალურად განმარტავს, კანონპროექტში მოცემული დებულებების თანახმად, რა შემთხვევაში უნარჩუნდება პირს საქართველოს მოქალაქეობა და როგორ აღიდგენენ ჩვენი თანამემამულეები საქართველოს მოქალაქეობას, რომელიც ავტომატურად დაკარგეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო.

***

უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩვენი თანამემამულეებისათვის უმნიშვნელოვანესი და სასიხარულო სიახლეა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია პრაქტიკულად უშვებს ორმაგ მოქალაქეობას;  გარდა ამისა, ასევე მისასალმებელი სიახლეა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ეს ჩანაწერიც: „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“ (იხ. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი).

თვალსაჩინოა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ქართველი ემიგრანტების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების არსებითად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, როდესაც სახელმწიფოს ვალდებულებად მიიჩნევს მათთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებას; რაც მთავარია: იმ ქართველებს, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა უკვე აქვთ ან შეიძლება რომ შეიძინონ, სამშობლოსთან სამართლებრივი კავშირის გაწყვეტის, ე. ი. საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად დაკარგვის საფრთხე აღარ ემუქრებათ. მართლაც:

კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: „საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.  (მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე)“.  (გამოქვეყნებულია 2018 წლის 2 აპრილს).

კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამ ჩანაწერიდან ნათლად ჩანს შემდეგი: პირს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, იგი იმავდროულად შეიძლება საქართველოს მოქალაქეც იყოს; ხოლო საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით უნდა განისაზღვროს.

ამ საკითხისადმი გამორჩეული დამოკიდებულების შედეგია ისიც, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით ეს უმნიშვნელოვანესი ნორმა გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, განსხვავებით საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ნებისმიერი სხვა ნორმისგან – ისინი მხოლოდ ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა ძალაში (მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს).

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის 32-ე მუხლით დადგენილი პირობები ფორმალურად გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებულია, ბუნებრივია, სანამ „მოქალაქეობის შესახებ“ ახალი ორგანული კანონი არ იქნება მიღებული, ვერც ეს პირობები იარსებებს და კონსტიტუციის 32-ე მუხლის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება რეალურად შეუძლებელი იქნება. ამასთან, ისიც აშკარაა, რომ დღეს მოქმედი მოქალაქეობის კანონი უკვე ეწინააღმდეგება ფორმალურად ამოქმედებულ კონსტიტუციის 32-ე მუხლს.

აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ახლახან ინიცირებულ ორგანული კანონის პროექტს, რომლითაც „მოქალაქეობის შესახებ“ მოქმედ კანონში არსებითი ცვლილებები უნდა შევიდეს,  რეალურად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რათა ეს კანონი კონსტიტუციის 32-ე მუხლს შეესაბამებოდეს და პრაქტიკულად დამკვიდრდეს პირობები, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ჩვენმა ემიგრანტებმა, მიუხედავად უცხო ქვეყნის მოქალაქეობისა, აღარ დაკარგონ სამართლებრივი კავშირი სამშობლოსთან;  ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღარც ქართულმა სახელმწიფომ გააბნიოს ის მდიდარი შესაძლებლობები, რომლებიც ქართველების მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას მათთან კავშირის გაწყვეტის გამო შეიძლება დაიკარგოს.

„მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში  ინიცირებული ცვლილებები სწორედ  ამგვარ პირობებს განსაზღვრავს.

პროექტის თანახმად, ემიგრანტს, რომელიც უკვე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს, თუკი  საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი წინაპარი: ა)  ცხოვრობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ანდა ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილდა; ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამშობლოდან ემიგრაციაში წავიდა;

ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტის თანახმად, საგამონაკლისო წესით პირისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად სხვა ხელშემწყობი პირობებიც მიიღება მხედველობაში, კერძოდ, თუ: ა) პირი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს; ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს და ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს პირობებს მათთვისაც, ვისაც სურს შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა და, ამავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეც გახდეს. ამისათვის აუცილებელია, რომ მან წინასწარ მიიღოს სახელმწიფოსგან თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ასეთი თანხმობის მიღება შემდეგი ერთ-ერთი წინაპირობის შემთხვევაში მოხდება: ა) თუ საქართველოს მოქალაქე აპირებს მიიღოს იმ ქვეყნის მოქალაქეობა, რომლის მოქალაქეც უკვე არის მისი ოჯახის რომელიმე წევრი; ბ) საქართველოს მოქალაქე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრობს ან მუშაობს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც აპირებს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებით უფლებასაც იმ პირებისთვის, ვინც უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა უკვე დაკარგა. ეს დროებითი უფლება კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში ითვალისწინებს შესაძლებლობას, პირმა მიმართოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით შესაბამის სააგენტოს და მას მოქალაქობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუკი მან: ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს „მოქალაქეობის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის წესით მოპოვებისათვის დაწესებული გამომრიცხავი გარემოებანი (ეს გარემოებები უკავშირდება იმგვარ მძიმე შემთხვევებს, როცა პირს ჩადენილი აქვს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ, ან/და ქვეყნის  უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება).

როგორც ვხედავთ, პროექტი ქმნის საკმაოდ ფართო შესაძლებლობებს, რათა, სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში, თუკი კანონით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს, ყველამ, ვისაც საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია, ქართულ სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირი აღარ დაკარგოს – მიუხედავად იმისა, რომ უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საგამონაკლისო წესით მოიპოვოს საქართველოს მოქალაქეობა; აგრეთვე, შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა და, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეც გახდეს; ხოლო თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო უკვე დაკარგა, კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა.

რასაკვირველია, აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ორმაგი მოქალაქეობის დაშვება გარკვეული რისკის მატარებელიცაა, რადგან ის მტერმა შეიძლება მზაკვრულად გამოიყენოს. ეს დამატებითი ტვირთი ნამდვილად იქნება უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, თუმცა მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?!

„საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკრგავი?!“ – სწორედ ამ სულისკვეთებას გამოხატავს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლიცა და მის შესაბამისად „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ახლახან ინიცირებული ცვლილებებიც:  მიუხედავად იმისა, არის თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე, სამშობლოსთან სამართლებრივი კავშირის გაწყვეტის საფრთხე არცერთ ჩვენს თანამემამულეს, ვისაც ქართველობის ნება აქვს, აღარ დაემუქრება და აღარც ქვეყანა დაკარგავს თავის თუნდაც უცხოეთში მცხოვრებ შვილებს.

დავით ზარდიაშვილი,

იურისტი, ექსპერტი

ვისაც გაინტერესებთ კანონპროექტის სრულად თავისი განმარტებითი ბარათით, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქვემოთ მოცემული პდფ ფაილი.

ormagi moqalaqeoba

კომენტარები
Загрузка...