მაღალმთიან პაკისტანში, ავღანეთის საზღვარზე, ნურისტანის პროვინციაში რამდენიმე პატარა პლატოა გაშლილი. ადგილობრივები ამ რაიონს ჩინტალს უწოდებენ. აქ უნიკალური ხალხი ცხოვრობს – კალაშები. კალაშები აზიური რეგიონის ყველაზე მცირერიცხოვანი და ამოუცნობი ეთნიკური ჯგუფია. მათი რაოდენობა დაახლოებით 6 ათასია. ზოგიერთი კალაშის გარეგნობა ჩრდილოევროპელისას ჩამოჰგავს – ცისფერთვალება და ქერათმიან კალაშებს მეცნიერები თეთრ რასას მიაკუთვნებენ.
კალაშთა ტომი მარტო გარეგნობით არ განსხვავდება მეზობელი ხალხებისგან. ეს არის მუსლიმური სამყაროს სიღრმეში ჩაკარგული პატარა ეთნიკური ჯგუფი, რომელსაც პოლითეისტური რელიგია აქვს. კალაშების ღმერთების იერარქია ძალიან ჰგავს ბერძნული ოლიმპიური ღმერთების დოდეკათეონს. არსებობს ვერსია, რომ ისინი ალექსანდრე მაკედონელის მეომრების და ადგილობრივების ქორწინების შედეგად წარმოშობილი ეთნიკური ჯგუფის შთამომავალნი არიან. თავად კალაშებიც ამ მოსაზრებას ეთანხმებიან. მათი ენა ინდოევროპული წარმოშობისაა და სპარსულის, სანსკრიტისა და ბერძნულის ელემენტებს შეიცავს. კალაშები ალექსანდრე მაკედონელს საკუთარ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ და დარწმუნებულები არიან, რომ მოვა დრო, როდესაც მისი მეშვეობით საკუთარ სამშობლოში დაბრუნდებიან. მითის მიხედვით, ახალი დაპყრობებისთვის წასულმა დიდმა მეფემ ჰიმალაის მთებში ჯარისკაცები დატოვა და მათ დაჰპირდა, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდებოდა. დარჩენილებს ევალებოდათ საკუთარი ტრადიციები, რელიგია, კულტურა და ენა შეენარჩუნებინათ, სანამ უცხოტომელთა შორის ცხოვრება მოუწევდათ. იმ ჯარისკაცების შთამომავლები უკვე 23 საუკუნეა ელოდებიან დიდი ალექსანდრეს დაბრუნებას…
კალაშების საზოგადოებრივი სისტემა დემოკრატიულია. მათ არ ჰყავთ ბელადი, გადაწყვეტილებებს უხუცესთა საბჭო და საერთო კრება იღებს. 16 წლის ახალგაზრდები მოქალაქის ფიცს დებენ და სხვებთან ერთად მონაწილეობენ საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტაში. კალაშები არ ქორწინდებიან მუსლიმებზე. მეზობელი ხალხები კი მათ „ურწმუნოთა ტომად“ მოიხსენიებენ.
ბოლო დროს კალაშების არაერთი გენეტიკური კვლევა ჩატარდა. ამ კვლევებმა ბერძნებთან მათი ნათესაური კავშირი არ დაადასტურა, თუმცა მეცნიერებს არც იმის ახსნა შეუძლიათ, რატომ აკავშირებენ კალაშები საკუთარ თავს ალექსანდრე მაკედონელთან. ნებისმიერ შემთხვევაში კალაშების ეთნიკური ჯგუფი მსოფლიო კულტურის მონაპოვარია და დაცვას საჭიროებს. თანამედროვე გლობალურ სამყაროში ასეთი პატარა, უნიკალური სოციუმის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.
კომენტარები