საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

ბინადრობის უფლება: „პარავოლოს“ ღირებულება მცირდება

საბერძნეთის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ვალდებულებიდან გამომდინარე, საბერძნეთის პარლამენტმა 5 ივნისს დაამტკიცა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც იცვლება ბინადრობის მოწმობის მიღების ან განახლების შემთხვევაში გათვალისწინებული გადასახადის – ე. წ. პარავოლოს ოდენობა. ამავე დროს, იმიგრანტთა შვილებს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ენიჭებათ იგივე სადაზღვევო უფლებები, რაც საბერძნეთის მოქალაქეებს აქვთ.

დღემდე არსებული წესის მიხედვით, როდესაც იმიგრანტის შვილი სრულწლოვანი ხდებოდა, მას ავტომატურად უწყდებოდა სოციალური დაზღვევა, რომლითაც სარგებლობდა, როგორც ოჯახის დაცული წევრი. შესაბამისად, თუკი 18 წლის ასაკს მიღწეული იმიგრანტი დაუყოვნებლივ არ დაიწყებდა შრომით საქმიანობას, მას ექმნებოდა პრობლემები დაზღვევისა და ბინადრობის მოწობის განახლების თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეები იძულებული ხდებოდნენ, კერძო დაზღვევისთვის მიემართათ, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ამიერიდან სრულწლოვანებას მიღწეული იმიგრანტი მშობლების მიერ დაცული ოჯახის წევრის სტატუსს ინარჩუნებს, სანამ 24 წლისა გახდება (ცხადია, იგულისხმება, რომ მშობელს აქვს სახელმწიფო დაზღვევა). იმ შემთხვევაში, თუკი იგი სწავლას გააგრძელებს, შეუძლია მშობლების დაზღვევით ისარგებლოს 26 წლის ასაკამდე. დღემდე ასეთი პრივილეგია მხოლოდ საბერძნეთის მოქალაქეებს ჰქონდათ. ამიერიდან უცხოელთა და ადგილობრივთა უფლებები თანაბრდება.

რაც შეეხება ე. წ. პარავოლოს ღირებულებას: შესწორების მიხედვით, მცირდება პარავოლოს ფასი იმ კატეგორიის ბინადრობის მოწმობებზე, რომლებიც ევროკავშირის ინსტრუქციის შესაბამისად გაიცემა. კერძოდ, პარავოლოს ღირებულება განისაზღვრება 150 ევროთი და აღარ იქნება დაკავშირებული ბინადრობის მოწმობის ხანგრძლივობაზე.

ევროკავშირის ინსტრუქციით გაცემულ ბინადრობის მოწმობებზე პარავოლოს ფასის შემცირებით გამოწვეული შემოსავლების კომპენსირების უზრუნველსაყოფად, იზრდება ეროვნული კანონმდებლობით დაშვებული ბინადრობის მოწმობების პარავოლოების ფასი და სხვადასხვა სახის ჯარიმები.

უფრო კონკრეტულად, 150 ევრო პარავოლოს ღირებულებად განისაზღვრა შემდეგი სახის ბინადრობის მოწმობის მქონე იმიგრანტებზე: 1. მესამე ქვეყნის მოქალაქის ოჯახის წევრი (Μέλη οικογένειας πολιτών τρίτων χωρών); 2. ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის მქონენი (Επί μακρόν διαμένοντες); 3. მკვლევარები (Ερευνητές); 4. მოსწავლე-სტუდენტები (Σπουδαστές); 5. დაქირავებული შრომის უფლების მქონე იმიგრანტები (Άδεια διαμονής για εξαρτημένη εργασία).

ცვლილება ეხება ასევე რამდენიმე სხვა კატეგორიას, რაც ქართველი ემიგრანტებისთვის ნაკლებად საინტერესოა (მაგალითად, „საზოგადოებრივი ინტერესის საფუძველზე“ გაცემული ბინადრობის მოწმობა).

პარავოლოს ფასი არ მცირდება ე. წ. მეორე თაობის ბინადრობის მოწმობის მქონე მოქალაქეებზე (Άδεια διαμονής δεύτερης γενιάς). ასეთი სახის ბინადრობის მოწმობის მოპოვების ან განახლების შემთხვევაში პარავოლო 300 ევრო ეღირება.

ათწლიანი ბინადრობის მოწმობის მქონენი (Άδεια διαμονής δεκαετούς διάρκειας) აღნიშნული მოწმობის განახლების შემთხვევაში გადაიხდიან 150 ევროს 450 ევროს ნაცვლად. ასეთი სახის ბინადრობის მოწმობის პირველადი მოპოვების შემთხვევაში პარავოლოს ფასი რჩება 900 ევრო, როგორც ეს ადრე იყო განსაზღვრული.

პარავოლოს არ გადაიხდიან მეორე თაობის ბინადრობის მოწმობის მქონე მოქალაქეები (Άδεια διαμονής δεύτερης γενιάς) და ათწლიანი ბინადრობის მოწმობის მქონენი (Άδεια διαμονής δεκαετούς διάρκειας) იმ შემთხვევაში, თუკი ბინადრობის მოწმობის განახლებისას ხუთწლიანი ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის (Επί μακρόν διαμένοντες) მიღებას მოითხოვენ.

დღემდე მოქმედებდა წესი, რომლის მიხედვითაც, ხუთწლიანი ხანგრძლივი ბინადრობის მოწმობის (Επί μακρόν διαμένοντες) აღების შემთხვევაში პარავოლოს ღირებულება შეადგენდა 400 ევროს. ახალი კანონით განსაზღვრულია 500 ევრო.

კანონის შესწორების მიხედვით წესდება ჯარომა 100 ევროს ოდენობით იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქე პასპორტს გამოცვლის და, შესაბამისად, საჭირო გახდება მისი ბინადრობის მოწმობის ხელახალი გაცემა.

ცვლილებები ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.

შესწორების ოფიციალური ტექსტი ბერძნულ ენაზე იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://www.hellenicparliament.gr/UserFiles/bbb19498-1ec8-431f-82e6-023bb91713a9/10742654.pdf

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close