ბერძნული მართვის მოწმობა: შესაძლებელია თუ არა თეორიული გამოცდის ჩაბარება ქართულ ენაზე?
საბერძნეთში სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის გაცემა ტრანსპორტის სამინისტროს კომპეტენციაში შედის, რომელიც შესაბამის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს ატარებს. ამჟამად თეორიული გამოცდის ჩაბარება ბერძნულის გარდა ინგლისურ, ალბანურ და რუსულ ენებზეა შესაძლებელი.
ცნობილია, რომ საბერძნეთის ქართული დიასპორა ევროპის ქვეყნების ქართულ დიასპორებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია. მართალია, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ საბერძნეთში ათეულობით ათასი ქართველი ცხოვრობს. ზოგიერთი მონაცემებით ეს რიცხვი 100 ათასს აჭარბებს. ცხადია, ასეთი მრავალრიცხოვანი დიასპორის წევრებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ბერძნული მართვის მოწმობის აღება; ამ დოკუმენტის ფლობა ბევრ ჩვენს თანამემამულეს, განსაკუთრებით მამაკაცებს, დასაქმებაში ძალიან დაეხმარებოდა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში მათ უჭირთ მართვის მოწმობის აღება, რადგან საკმარისად კარგად ვერ ფლობენ ბერძნულ ენას.
ცხადია, საბერძნეთის ხელისუფლება არ და ვერ მისცემს საშუალებას ყველა ემიგრანტს, მშობლიურ ენაზე ჩააბაროს მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო თეორიული გამოცდა, მაგრამ ზემოთ აღნიშნული ქართული დიასპორის მრავალრიცხოვნება და ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილგანწყობილი ურთიერთობა საშუალებას იძლევა, ეს საკითხი დადებითად გადაიჭრას.
მეორე საკითხი ამ პროექტის ფინანსური უზრუნველყოფაა. მისი განხორციელება საკმაოდ დიდ მატერიალურ სახსრებს მოითხოვს და ბერძნული მხარე, სავარაუდოდ, ნაკლებად დაინტერესდება, გაიღოს შესაბამისი სახსრები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს სახელმწიფომ და, კერძოდ, ჩვენმა საელჩომ საბერძნეთის რესპუბლიკაში უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და საკითხი საბერძნეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან მოლაპარაკებების საგნად აქციოს. ვფიქრობთ, ამ საკითხის მოგვარება შეუძლებელი არ არის, მისი დადებითად გადაწყვეტა კი საბერძნეთში მცხოვრებ ბევრ ჩვენს თანამემამულეს გაახარებს და დასაქმების მეტ შანსს მისცემს.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები