ხელოვნებაარტისტი

სოფიკო ჭიაურელის „გამოუსწორებელი შეცდომა“

დღეს უკვე ლეგენდად ქცეული ვარსკვლავი სოფიკო ჭიაურელი პრესის ჟურნალისტებს მაინცდამაინც არ სწყალობდა. მე აშკარად გამიმართლა. ალბათ იმიტომ, რომ თავის დროზე ქალბატონ სოფიკოს არა საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე, არამედ მამაზე, ბატონ მიხეილ ჭიაურელზე საუბარი ვთხოვე. მახსოვს, მითხრა, სპექტაკლზე მობრძანდით და ინტერვიუზე მერე შევთანხმდეთო. ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი?! როგორც ყოველთვის, მშობლების ხსოვნისადმი მიძღვნილმა სპექტაკლმა „პლანეტების დაბადება“ ერთი მსახიობის თეატრში იმ დღესაც ანშლაგით ჩაიარა. მსახიობი სპექტაკლის შემდეგ მეორე დღისთვის ნახევარსაათიან შეხვედრაზე შემითანხმდა, თუმცა ეს ინტერვიუ საათზე მეტხანს გაგრძელდა. წამოსვლისას კარამდე მიმაცილა, თავად გამიღო და მითხრა: „არ ვიცი, ინტერვიუზე რატომ დაგთანხმდი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სწორად მოვიქეცი“.

ამის შემდეგ სოფიკოსთან კიდევ ერთხელ, მაშინ უკვე უპრობლემოდ მომიხდა შეხვედრა. სამწუხაროდ, ლეგენდარული მსახიობი იმ დროს უკვე ავად იყო, იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ, თუმცა ირგვლივ მყოფებს ამას არ აგრძნობინებდა და ყველას ჩვეული ხალისითა და ენერგიულობით ხვდებოდა… ჩვენი ბოლო ინტერვიუდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ სოფიკო ჭიაურელი ზეციური საქართველოს ბინადარი გახდა, მიწაზე კი თავისი ვარსკვლავი და უკვდავი სახელი დატოვა; გარდაიცვალა ფიქრის გორაზე, იმავე სახლში, სადაც 1937 წლის 21 მაისს დაიბადა, სახლში, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა ვერიკო ანჯაფარიძეს პირველი პაემნის ადგილას აუგო.

ელენე თუ სოფია?

სოფიკო თავის დაბადების დღეს ყოველთვის ხუმრობით იხსენებდა ხოლმე და ამბობდა, რომ მიუხედავად ამ წელს (1937 წ.) ხალხში გამეფებული შიშისა, თავად არაფრის შეშინებია: „ჩვენი ოჯახისათვის ეს იყო ბედნიერი წელი და მეც ბედნიერი ვიყავი, რომ ქვეყნიერებას მოვევლინე“… ჟურნალისტის შეკითხვაზე, საიდან იცით, რომ ბედნიერი იყავითო – მახსოვსო, სიცილით პასუხობდა.

სხვათა შორის, სოფიკო ჭიაურელმა საკუთარი სახელი თავად აირჩია. საქმე ისაა, რომ მომავალი მსახიობის მშობლებმა, მიხეილ ჭიაურელმა და ვერიკო ანჯაფარიძემ მთელი ერთი თვის განმავლობაში ვერაფრით გადაწყვიტეს, ბავშვისთვის რა დაერქმიათ. „დედას უნდოდა ელენე მრქმეოდა, რადგან 21 მაისს, წმინდა ელენეს ხსენების დღეს დავიბადე. მამა ოცნებობდა, დედის პატივსაცემად, სოფია დაერქმია. ამის გამო დიდხანს კამათობდნენ. სწორედ მაშინ მამამ გადაწყვიტა, არჩევანი მე თვითონ გამეკეთებინა. ქაღალდის ორი პატარა ფურცელი აიღო, ერთზე „ელენე“ დაწერა, მეორეზე – „სოფია“ და ქუდში ჩააგდო. შემდეგ აიღო ჩემი ხელი და ქუდში ჩამაყოფინა, საიდანაც „სოფია“ ამოვიღე“, – იხსენებდა შემდგომში სოფიკო.

ექიმობაზე მეოცნებე მომავალი ვარსკვლავი

მიუხედავად იმისა, რომ თეატრის კულისებში გაიზარდა, სოფიკო ჭიაურელს მეათე კლასამდე მსახიობობა საერთოდ არ იტაცებდა, უნდოდა ქირურგი გამხდარიყო, ადამიანებისთვის ტკივილი შეემსუბუქებინა და სიკეთე მოეტანა. გენეტიკამ თავი მეათე კლასის ბოლოს შეახსენა და გადაწყვეტილებაც უცებ მიიღო – მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში გადაწყვიტა სამსახიობო განათლების მიღება. ვერიკო ანჯაფარიძე ქალიშვილის გადაწყვეტილებამ ძალიან დააფიქრა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა, სოფიკოს მსახიობის ნიჭი ჰქონდა თუ არა. მას ხომ ცხოვრებაში არასოდეს მოესმინა, როგორ კითხულობდა მისი გოგონა თუნდაც ლექსს სტუმრების წინაშე, რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ მათ სახლში… რაც შეეხება მამას, მიხეილ ჭიაურელს, მისთვის რომ გეკითხათ, სოფიკო იქნებოდა უდიდესი მსახიობი, გენიალური პიანისტი, გენიალური მომღერალი, გენიალური ბალერინა…

სოფიკო მამასთან, მიხეილ ჭიაურელთან ერთად

„მამა მაღმერთებდა, ყველაფერი მოსწონდა, რასაც ვაკეთებდი. იმდენად მოსწონდა, რომ დედა ბრაზდებოდა, როგორ შეიძლება ასე ყველაფერი მოგწონდესო?! შემდგომში, სცენაზე ან ეკრანზე რომ მიყურებდა, ლამის ტიროდა ხოლმე – შენ გენაცვალე, შენ შემოგევლეო. მოსკოვში, მაგიდაზე მინა ედო, რომლის ქვეშაც სურათები ელაგა. ერთხელ დედამ თავისი ბავშვობის სურათი გაუგზავნა, სადაც ძალიან მგავს მე. მამამ ეს სურათი მინის ქვეშ ამოდო და ეფერებოდა. „რას ეფერები ამ სურათს, მე მომეფერე, აგერ არ ვარ?“ – უთხრა ვერიკომ. „მე ჩემს გოგოს ვეფერები“, – უპასუხა მამამ. ჩვენი ბავშვობის სურათებს შორის ისეთი დიდი მსგავსება იყო, მამა გაგიჟდა, როცა ვერიკომ უთხრა, ეს მე ვარო. სულ უნდოდა, მის გვერდით ვყოფილიყავი. მამიკო, მოდი, რა, მოდი, რაღაცას მოგიყვებიო, მეუბნებოდა. მე კი არასოდეს მეცალა: მოიცა, რა, მოიცა-მეთქი, ვეუბნებოდი და ჩემს ტოლებთან გავრბოდი. იგივე ხდება ახლა: ჩემს შვილიშვილს, ნატაშას არასოდეს სცალია ჩემთვის. მოიცა, რა, სოფა, მოიცაო, მეტყვის და ისიც გარბის. მერე ინანებს, როგორც მე ვნანობ…

ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, უსმინონ მშობლების მონაყოლს, რადგან შემდეგ უამრავი კითხვა დარჩებათ უპასუხოდ…“ – ეს რჩევაც და სინანულიც სოფიკომ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გამიმჟღავნა.

გიორგი შენგელაია, სოფიკო, ვერიკო და მიხეილ ჭიაურელი

ოქროს ასოებით ჩაწერილი როლები

საოცარი ენერგიითა და ხალისით, ქარიშხალივით შემოიჭრა სოფიკო ჭიაურელი ქართულ ხელოვნებაში და ძალიან მალე მისი ნიჭიერება საქართველოს ფარგლებს გასცდა.

ინსტიტუტში სწავლის პირველივე წელს კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის ფილმში „ჩვენი ეზო“ თავისივე თანატოლის, ახტაჯანა ციცინოს როლი შეასრულა, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა. წარმატებული აღმოჩნდა მისი დებიუტი სცენაზეც. ეს იყო ჰარას როლი ბერძენი დრამატურგის, პერიალისის პიესაში „ბაფთიანი გოგონა“ (რეჟ. ანზორ ქუთათელაძე). მას შემდეგ არაერთი თეატრალური თუ კინოროლი სოფიკო ჭიაურელის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა…

სხვათა შორის, სოფიკოს ქართული თეატრის სცენაზე ფეხი პირველად ცნობილმა მსახიობმა გიორგი შავგულიძემ დაადგმევინა.

ბოლო სპექტაკლი, რომელზეც მსახიობი მუშაობდა, ფსიქოლოგიური დრამა იყო დედამთილებისა და რძლების ურთიერთობაზე, რომელიც თამაზ ჭილაძის პიესის („არაბეთის სურნელი“) მიხედვით იდგმებოდა, სადაც სოფიკო ჭიაურელს 90 წლის დედამთილის როლი უნდა შეესრულებინა, თუმცა…

რაც შეეხება კინოს, მსახიობი გარდაცვალებამდე სამი წლით ადრე მოსკოვში გადაიღეს ფილმებში: „შუქურა“ და „იყიდება აგარაკი“.

სოფიკოს პირველი როლი კინოში – ციცინო; კადრი ფილმიდან „ჩვენი ეზო“; დათო – გიორგი შენგელაია

ფილმისთვის „არ იდარდო“ ბენჟამენის დის როლი სპეციალურად სოფიკო ჭიაურელისთვის დაიწერა. როგორც შემდგომში ფილმის რეჟისორი, სოფიკოს დეიდაშვილი გიორგი დანელია იხსენებდა, ამ პერსონაჟს საკუთარი დეიდაშვილის ხასიათი მიაკუთვნა: „მანაც ისე ითამაშა, როგორც მე მინდოდა და წარმომედგინა – ჩემებურად. მთელი ფილმის განმავლობაში ერთი შენიშვნაც არ მიმიცია, მითითებაც არ დამჭირვებია, სად რა ან როგორ უნდა გაეკეთებინა. ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა, ის იყო, რომ სოფიკოს გადაღებაზე ყოველთვის მოჰქონდა მზესუმზირა და მარტო თვითონ კი არ „ხრავდა“, ყველას უმასპინძლდებოდა. არადა, მზესუმზირას ჭამა გადასაღებ მოედანზე კინოს მუშაკებს ცუდად გვაქვს დაცდილი. ხან ვეხვეწე, ხან ვეჩხუბე, დავემუქრე კიდეც – აღარ დავინახო, მაგ სისაძაგლეს აკნატუნებდე-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ… ბოლოს მივხვდი, რომ მასთან ბრძოლა უაზრობა იყო და ხელი ჩავიქნიე. გადაღებების ბოლოსკენ კი თვითონაც დავიწყე მზესუმზირას ჭამა…

სოფიკო ჩემზე რვა წლით უმცროსია, რაც უზარმაზარი სხვაობაა. როცა ის სამი წლის იყო, მე თერთმეტის ვიყავი. მე რომ ოცი წელი შემისრულდა, ის მხოლოდ თორმეტის გახდა. მერე სოფიკომ მსახიობობა მოინდომა და აისრულა კიდეც სურვილი. მე, ცხადია, მესმოდა, რომ კარგი მსახიობი დადგა, ნიჭიერი, მაგრამ ჩემთვის დიდი მსახიობი ვერიკო იყო… როგორი არტისტია სოფიკო, მაშინ მივხვდი, როცა ხელოვნების მუშაკთა სახლში მისი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. იქ უამრავი ფრაგმენტი აჩვენეს მისი ფილმებიდან, თვითონ კი სპექტაკლებიდან წარმოადგინა ნაწყვეტები…. და თვალწინ ისეთი ფართო დიაპაზონის მსახიობი წარმომიდგა, იმდენად მდიდარი პალიტრით, რომ მივხვდი – ვერიკოს სახლში ერთი კი არა, ორი დიდი არტისტი იყო…“

ფუფალა, „ნატვრის ხე“

არა მარტო დიდი არტისტი…

და არა მარტო დიდი არტისტი, სოფიკო ჭიაურელი საოცარი ორგანიზატორული ნიჭისა და პასუხისმგებლობის მქონე პიროვნება იყო. გარკვეული დროის განმავლობაში ის საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც იყო და ვინ იცის, რამდენი გაჭირვებული ადამიანისთვის გაუმართავს ხელი. საუბრის ცალკე თემაა ის ტიტანური ბრძოლა უსამართლობასთან, გენიალური რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ჯერ ციხიდან დასახსნელად, შემდგომში კი მისი რეაბილიტაციისთვის რომ დასჭირდა.

დღეს, როცა კვლავაც აქტუალურია დავითგარეჯის საკითხი, ალბათ არ შეიძლება, არ გავიხსენოთ მისი წვლილი ამ უნიკალური კომპლექსის გადასარჩენად.

სოფიკო ჭიაურელის მოღვაწეობა ქართული კულტურის პოპულარიზაციაში რომ ფასდაუდებელია, ამას ალბათ მტკიცება არ სჭირდება. იშვიათად თუ ჩამოსულა ხელოვანი სტუმარი საქართველოში, რომლის მასპინძელიც არ ყოფილა სახლი ფიქრის გორაზე და მისი ბრწყინვალე დიასახლისი. მარტო ის საღამოები რად ღირს, რომლებსაც სოფიკო ჭიაურელი აწყობდა.

სერგო ფარაჯანოვის „საიათნოვა“ („ბროწეულის ფერი“)

ეძიეთ ქალი

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ სოფიკო ჭიაურელი თავს იღბლიან ადამიანად თვლიდა, თუნდაც იმიტომ, რომ უდიდეს რეჟისორებთან და არაჩვეულებრივ პარტნიორებთან ჰქონდა ურთიერთობა. 100 პროცენტით ვერავინ ვერასოდეს ისრულებს ოცნებებს, მაგრამ მე ცხოვრებაში სადღაც 80 პროცენტით მაინც გამიმართლაო, გულწრფელად ამბობდა, თუმცა იყო რაღაცები, რაზეც გული სწყდებოდა.

თავის დროზე შეკითხვაზე: „ნანობთ რაიმეს, ქალბატონო სოფიკო?“ – ასეთი პასუხი მივიღე: „ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ის არის, რომ მე და კოტეს (სოფიკო და კოტე მახარაძე1990 წელს შეუღლდნენ – რედ.) საერთო შვილი არ გვყავს. როცა შევუღლდით, ორივეს უკვე გვყავდა შვილები პირველი ქორწინებიდან. ამაში მე ვარ დამნაშავე, რადგან აღარ მინდოდა ბავშვი გამეჩინა, მეშინოდა, რომ ამით ჩემს უფროს ბიჭს ყურადღება მოაკლდებოდა. კოტე ამის გამო მთელი ცხოვრება მსაყვედურობდა, ეს ჩემი გამოუსწორებელი შეცდომა იყო…“

სოფიკო და კოტე

თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღედ კი უდიდესი მსახიობი იმ დღეს მიიჩნევდა, როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო: „კარგად მახსოვს, როგორ გავბრაზდი, ტროლეიბუსში ადგილი რატომ არ დამითმეს-მეთქი, თანაც, გაგეცინებათ და, ამ დროს საერთოდ არ მეტყობოდა ორსულობა… ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება შვილია და ყველაზე დასამახსოვრებელი – მისი გაჩენის დღე…“

სხვათა შორის, სოფიკო ჭიაურელს ერთი საყვარელი ფრაზა ჰქონდა ცხოვრებაში: „კარგი ქალის გვერდით მამაკაციც შეიძლება ადამიანად იქცეს“, – ამ ფრაზას მისი გმირი, ალისა პოსტიკი ამბობს რეჟისორ ალა სურიკოვას ფილმში „ეძიეთ ქალი“.

კადრი ფილმიდან „ეძიეთ ქალი“

ამ მოგონებებს  სოფიკო ჭიაურელის ერთ-ერთი გმირის, ნანო თავყელიშვილის სიტყვებით დავასრულებთ ფილმიდან „დათა თუთაშხია“: „ჩვენ არ ვკვდებით, ჩვენ ვცვლით ერთ ყოფას მეორეზე“.

სოფიკო ჭიაურელმა ყოფა შეიცვალა, ადამიანთა გულებში კი შეუცვლელი დარჩა.

თამარ ოთიაშვილი

მსგავს თემაზე: „ჩვენი ეზო“ – რეზო ჩხეიძისთვის ყველაზე ძვირფასი ფილმი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close