4 მაისს თურქეთის პოლიციამ ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების გათავისუფლების ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შორის 6 ქალი საქართველოს მოქალაქეა. ამის თაობაზე თურქული მედია წერს. ჟურნალისტების ცნობით, ადანის პროვინციაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ექვსი ქართველი ქალი გამოიხსნეს, რომლებსაც პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.
თურქეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, კოზანის რაიონში მდებარე 3 სახლში სულ რვა ქალი იმყოფებოდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს 30 წლის ოლესია ვ. დახვდათ, რომელმაც პოლიციის გამოჩენისთანავე კარი ჩაკეტა. სამართალდამცავებმა კარი ძალის გამოყენებით გააღეს და ბინაში შესვლისას ნახეს, რომ მსხვერპლთა ნაწილი კარადებში იყო ჩაკეტილი.
ჩხრეკის დროს ამოღებულია ერთი პისტოლეტი და სამი შაშხანა. სახლში იმყოფებოდნენ პიტბულის ჯიშის ძაღლები, რომლებითაც ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს აშინებდნენ.
როგორც გამოძიებამ გაარკვია, საქართველოს მოქალაქეები თურქეთში მოტყუებით ჩაიყვანეს და მათ დაქორწინებას ჰპირდებოდნენ. სამართალდამცველების ინფორმაციით, ერთ ქალთან გაფორმებული კონტრაქტის სანაცვლოდ ეჭვმიტანილები 100-400 ლირას იღებდნენ; ასევე ერიცხებოდათ მათ მიერ თურქეთში ჩაყვანილი ქალების პროსტიტუციის შედეგად მიღებული შემოსავლის 50%.
პოლიციამ ჩხრეკის დროს ამოიღო 75 ათასი ლირა და საბუღალტრო წიგნი, რომელშიც პროსტიტუციაში ჩართული ქალების შემოსავლები იყო ნაჩვენები.
პროსტიტუციაში იძულებით ჩართვის საქმეზე დაკავებულია 18 ადამიანი. როგორც პოლიციამ დაადგინა, ისინი და მათი ნათესავები წლების განმავლობაში ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, საიდანაც მილიონობით ლირა აქვთ მიღებული. დამნაშავეებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
ტრეფიკინგის მსხვერპლი ექვსი გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე სამშობლოში დააბრუნეს.
კომენტარები