შეუძლია თუ არა ორგანს ქართველები და ბერძნები გააერთიანოს?

ბერძნული ორგანი „ლატერნა“ (λατέρνα)

უძველესმა საკრავმა, რომელსაც ძველბერძნულად „სტატონ ავტომატონ“ (ΣΤΑΤΟΝ ΑΥΤΟΜΑΤΟΝ) ეწოდება, დროსა და სივრცეში იმოგზაურა. როგორც ინსტრუმენტის ძველბერძნული სახელწოდებიდან ჩანს, საუბარია დასადგმელ ავტომატურ საკრავზე, რომელიც შესაძლებელია მოთავსდეს რაიმე საყრდენზე.

ეს იყო მბრუნავი პორტატული პოლიორგანო, რომლის ოპერატორს ეწოდებოდა „ორღანარიოსი“ (οργανάριος). ჭკვიანურად მოწყობილი, კონცეპტუალური, სქემატური და სტრუქტურული თვალსაზრისით ნოვატორული ეს მასიური მუსიკალური საკრავი, გარკვეულწილად, ერთ ინსტრუმენტში გაერთიანებულ მუსიკალურ ორკესტრს, ანუ თავისი ეპოქის სტერეოფონიურ ანსამბლს წარმოადგენდა.

ნაპოლეონ ბონაპარტის კორსიკული ორგანი

„სტატონ ავტომატონ“ თავის ისტორიას ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნეში იწყებს, როდესაც ბერძენმა მექანიკოსმა ჰერონ ალექსანდრიელმა თავისი ავტომატური მექანიზმი შექმნა. ბევრს უჩნდება ასოციაცია ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში კტესიბიოსის მიერ შექმნილ ჰიდრავლოსთანაც (ჰიდრავლოსი კაცობრიობის პირველ კლავიშებიან საკრავს წარმოადგენს და თანამედროვე ორგანის პროტოტიპად ითვლება). ჰერონის მექანიზმი „სტატონ ავტომატონის“ სახეს საბოლოოდ ბიზანტიურ ეპოქაში იღებს.

კონცენტრირებულ, მრავალი საკრავის გამაერთიანებელ ინსტრუმენტზე დაკვრის ტრადიცია მოგვიანებით დასავლეთ ევროპულმა საზოგადოებამ, კერძოდ, ინგლისელებმა და გერმანელებმა გაიზიარეს. ამის შემდეგ ესტაფეტა ფრანგებსა და იტალიელებს გადაეცათ. აღნიშნულ ქვეყნებში ინსტრუმენტმა მეცხრამეტე საუკუნეში საბოლოო სახე მიიღო და ძალიან პოპულარულიც გახდა.

გერმანული ორგანი

იტალიაში დახვეწის შემდეგ „სტატონ ავტომატონ“ მშობლიურ საბერძნეთს დასადგამი „ლატერნას“ (მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან la torno) ანუ „ორღანაკის“ სახით დაუბრუნდა.

საკრავის კიდევ ერთ ვარიაციას ბორბლებიანი „რომვია“ წარმოადგენდა (უფრო მართებული სახელწოდებაა „პომბია“, რადგან ბერძნები არასწორად გამოთქვამენ იტალიური მწარმოებელი ფირმის სახელწოდებას POMBIA). უკრაინის, ძირითადად, ოდესის გავლით ლატერნა საქართველოში გავრცელდა, სადაც ადგილობრივი, განსხვავებული ფორმით წარმოგვიდგა ქართული არღანის სახით. არღანმა მდიდარი ქართული პოლიფონიური მუსიკის მთელი მშვენიერება შეითვისა და მისი განუმეორებელი სტილის გადმოცემა მოახერხა.

ლატერნას „ტვინს“ ლუსმნებიანი დასაქოქი ცილინდრი წარმოდგენდა, რომელიც სპეციალური სახელურის მეშვეობით ბრუნავდა.

დროთა განმავლობაში მუსიკის აღქმა შეიცვალა და ლატერნა გრამოფონმა ჩაანაცვლა. მოგვიანებით გრამაფონმა ელექტრონულ ფირსაკრავს, ე. წ. „ჯოუქ-ბოქსს“ დაუთმო ადგილი, ხოლო ციფრული ტექნოლოგიის განვითარებამ კომპაქტდისკების გავრცელება გამოიწვია.

ლატერნამ, შეიძლება ითქვას, ისტორიული წრე შეკრა, როდესაც საბერძნეთიდან დაიწყო თავისი მოგზაურობა და საქართველომდე მიაღწია. ამ მოგზაურობისას მან სიამოვნება მიანიჭა ყველა იმ ერს, რომელსაც კი თავი გააცნო.

იოანის ბულიასი

ისტორიკოსი, ენათმეცნიერი

კომენტარები
Загрузка...