„დროებით შერცხვა დროს და…გაჩერდა“ – ნიკო გომელაურის გახსენება
ნიკო გომელაური… დღეს საქართველოში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველამ იცის ეს სახელი და გვარი, სიყვარულით იხსენებენ, მის ლექსებს ჰყვებიან, საიტებს ქმნიან, სკოლაში ბავშვები მისდამი მიძღვნილ საღამოებს აწყობენ… აღნიშნავენ, რომ მისი მსგავსი არაორდინარული და საოცრად გულწრფელი შემოქმედი თანამედროვე საქართველოს არ ჰყოლია.
„არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა…
და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?!
– როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და… გაჩერდა…“
ნიკო გომელაურის დრო 2010 წლის 13 აპრილს, დილის ხუთ საათზე გაჩერდა. იგი 39 წლის იყო. გარდაცვალების წინა დღეს – 12 აპრილს ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო საღამოზე საკუთარი ლექსებით უნდა წარმდგარიყო მაყურებლის წინაშე, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლო და მისი შემოქმედება მეგობრებმა წარმოადგინეს. მაშინ ფონდმა ნიკო გომელაურის სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს ბინის გასაღები გადასცა.
ნიკომ კი ზეცაში „დაიდო ბინა“ და თან დიდი სიყვარული წაიყოლა. გარდაცვალების შემდეგ ბევრისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ნიკო გომელაური განუმეორებელი იყო თავისი ნიჭით, ცხოვრების წესით, პროფესიონალიზმით, მეგობრობისა და სიყვარულის უნარით… „მუდმივი შეყვარებული ვარ, – მითხრა წლების წინათ, ჩვენი პირველი შეხვედრისას, – მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის გამო ვცხოვრობ: ეს მაღელვებს, ეს მაწერინებს, ეს მათამაშებს, ეს მაკეთებინებს სისულელეებს…“
სისულელეებში პროფესიასაც გულისხმობდა: „მსახიობობა სისულელეების პროფესიაა. რაც მეტ სისულელეს გააკეთებ, მით უფრო კარგი მსახიობი ხარ. არავინ თქვას, რომ ეს რაღაც სერიოზული პროფესიაა, უბრალოდ, სისულელეა სერიოზულობის დონეზე აყვანილი, მეტი არაფერი. მერე ამ სისულელეებიდან იქმნება შემოქმედება, ამიტომაა კარგი პროფესია… თუ შევთანხმდებით, რომ „ცხოვრებაც თეატრია“, მაშინ სისულელეები ყოველთვის უნდა აკეთო, ოღონდ ზიანი არავის უნდა მიაყენო. სანამ თავი გაქვს, რომ სისულელეები აკეთო, რატომ არ უნდა აკეთო?! კარგია, რა!“
„პროფესიული სისულელეების“ საკეთებლად ბავშვობიდან ემზადებოდა, თუმცა არ ახსოვდა, რომ შვიდი-რვა წლის ასაკშიც იგივე სურვილი ჰქონდა, რაც სკოლის დამთავრებისას: „ბოლო ზარზე დამრიგებელმა პირველ კლასში დაწერილი თემა „ვინ მინდა გამოვიდე“ დაგვირიგა, სადაც, ჩემდა გასაოცრად, მეწერა, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი. უფრო სწორად, უბრალოდ მსახიობი კი არა, კინომსახიობი. ვერ გეტყვით, ეს სურვილი რით იყო განპირობებული. შეიძლება იმით, რომ ძალიან პატარა ვიყავი, როცა პირველად ჩემმა დეიდაშვილმა ტატო კოტეტიშვილმა გადამიღო თავის საკურსო ფილმში „გმირი“. როგორც ჩანს, ჩემი მსახიობობისკენ სწრაფვა შეამჩნია და ფილმშიც ამიტომ მათამაშა. სხვათა შორის, ორ როლს ვთამაშობდი – მოსწავლეს და ჯუჯა სპარსელს დიდი ჩალმით, რომელსაც ჩემზე გრძელი ხმალი ჰქონდა. მახსოვს, წვერი მიმაწებეს, სახე საერთოდ არ მიჩანდა…
სკოლაში ტექნიკურ საგნებს საერთოდ არ ვსწავლობდი და მასწავლებელს კლასიდან კლასში იმის გამო გადავყავდი, რომ ვამბობდი, მსახიობი უნდა გამოვიდე, ეს საგნები (ფიზიკა, ქიმია, გეომეტრია…) საერთოდ არ მჭირდება და დამიწერეთ სამიანი-მეთქი. ზოგი მენდობოდა და მიწერდა სამიანს, ზოგიც ეჭვის თვალით მიყურებდა და ლექსის წაკითხვას მთხოვდა. იყო შემთხვევები, როცა, მაგალითად, ქიმიის გაკვეთილზე ლექსი წამიკითხავს…“
ქართველი პოეტებიდან განსაკუთრებით გალაკტიონი, მუხრან მაჭავარიანი და ვაჟა-ფშაველა უყვარდა. თავად კი ლექსების წერა კითხვამ დააწყებინა: „როცა ბევრს კითხულობ, შენც გებადება სურვილი, რომ რაღაც დაწერო, თუ, რა თქმა უნდა, ამის მონაცემები გაქვს. მერე ყველაფერი თანდათან იხვეწება და აუცილებლად შენი ფორმა უნდა მიიღოს. ვფიქრობ, მე ჩემი სტილი ვიპოვე პოეზიაში“.
მისი ლექსების პირველი კრებული 2001 წელს გამოიცა, ბოლო წიგნის პრეზენტაცია კი 2010 წლის მარტში გაიმართა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.
გარდაცვალების შემდეგ კი ნიკოს მეუღლემ, ნინა ჩოდრიშვილმა გამოსცა მისი ლექსების წიგნი „ოცნებები მცნებებივით ირღვევიან“, რომელიც დღეს უკვე ბესტსელერია. მასში ნიკოს უცნობი ლექსებია შესული. ნინამ თავი მოუყარა ნიკოს ინტერვიუებსაც და ერთ წიგნად („უბრალოდ ნათქვამი“) აკინძა.
ნიკოს ხსოვნის უკვდავსაყოფად ნინას ინიციატივითვე გადაიღეს მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „ნიკო… აპლოდისმენტები“. ფილმში იმის შესახებაც არის მოთხრობილი, თუ როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი.
სიყვარულის ისტორია
ნინა ჩოდრიშვილი: „ჩვენი გაცნობის ისტორია, რომელიც ძალიან სასაცილო და საინტერესოა, ჩემდაუნებურად შევიდა ფილმში. სცენარისტს, რომელიც რუსია, ნიკო რომ გამეცნო მისთვის, რასაც მეკითხებოდა, ცხადია, პასუხს ვცემდი. ერთ-ერთი კითხვა ისიც იყო, თუ როგორ გავიცანით ერთმანეთი და მოვუყევი, როგორ ძალიან არ მინდოდა კაფეში წასვლა, სადაც ჩემი მეგობარი მეპატიჟებოდა. უარი რომ ვუთხარი, სერიოზულად გამიბრაზდა, მე მჭირდება და რომ წამომყვე, ვითომ რა მოხდებაო?! ფეხები ძლივს მიმქონდა, იქ რომ მივედი. „გირჩა“ იყო ეს კაფე. მერე დაწერა კიდეც ნიკომ: „იქ დავუგე ლექსის მახე, ის კი ვეღარ გადამირჩა“… მართლაც მახე დამიგო… ასე მგონია, უფალმა იმ დღეს სარკმელი გამოაღო და ნიკოს შემახვედრა“.
ნინა მაშინ ათი თვის გაცილებული იყო ქმართან (კოკი დადიანი) და ორი პატარა ბავშვი ჰყავდა. ნიკოსაც დანგრეული ჰქონდა პირველი ოჯახი – მსახიობ ეკა ნიჟარაძესთან მასაც ორი შვილი ჰყავდა. ნიკომ და ნინამ ერთმანეთი იპოვეს. გაცნობიდან ერთ წელიწადში, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, ჯვარი დაიწერეს და თორმეტი წელი ისეთი სიყვარულით იცხოვრეს, რომ დღეს მათ სიყვარულზე ლეგენდები დადის.
პირველ მეუღლესთან ნიკოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მეტიც, ცხადია, მისი დამსახურება იყო, რომ ნინას და ეკასაც ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან. „რატომ უნდა ჰქონდეთ ცუდი ურთიერთობა, რაიმე დაუშავეს ერთმანეთს?!.. ცუდი ურთიერთობა აქვთ ქალებს, როცა ერთ კაცს იყოფენ. ისინი მე ხომ არ მიყოფენ, გარკვეული გვაქვს ყველაფერი და რატომ უნდა ჰქონდეთ ცუდი ურთიერთობა?! ერთი საყვარელი ხომ არ არის და მეორე – ცოლი?! კი არ ვმეტიჩრობ, მართლა არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეთ ცუდი დამოკიდებულება ერთმანეთთან!.. მე თვითონაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ეკასთან – კარგი მეგობრები ვართ…“
ნინა კი მაინც სხვა იყო ნიკოსთვის – მე მისნაირი ადამიანი მეორე არ შემხვედრიაო, ამბობდა. მახსოვს, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ასეთი ფრაზაც მითხრა: „ნინამ გადამარჩინა“. ალბათ ასეც იყო… დიახ, ნამდვილად ასე იყო, რადგან ნინამ მასში, უპირველესად, შემოქმედი გადაარჩინა.
ნიკო თეატრსა და კინოში
ნიკო „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი იყო, სადაც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა: „ავთო ვარსიმაშვილი „ჰამლეტს“ დგამდა „თეატრალურ სარადაფში“ რუსთაველზე და ლაერტის როლის შემსრულებელი არ ჰყავდა. მე ჩემს საქმეზე ვიყავი მისული თეატრში – მეგობარს ვეძებდი. ავთოს ნანახი ვყავდი სპექტაკლებში და რომ დამინახა, მითხრა, ხომ არ გინდა ლაერტის როლი ითამაშოო? რა ვიცი, ვცადოთ-მეთქი, ვუთხარი… იმ დღიდან ერთად ვართ, მის თითქმის ყველა სპექტაკლში ვთამაშობ“, – იხსენებდა შემდგომში მსახიობი, რომლისთვისაც „თავისუფალი თეატრი“ მეორე სახლი იყო. მისი კოლეგები და მეგობრები ამბობენ, რომ ნიკოს სული ახლაც თეატრში ტრიალებს – როგორღაც სულ გრძნობენ მის სიახლოვეს და გვერდში დგომას.
სპექტაკლების გარდა ნიკო გომელაურმა ავთო ვარსიმაშვილის მიერ გადაღებულ ფილმებშიც დასამახსოვრებელი სახეები შექმნა. მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა (უკურნებელი სენი – ფილტვის კიბო 2007 წელს დაუდგინდა), სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე სცენაზე იდგა როგორც მსახიობის, ისე პოეტის სტატუსით. მაინც რომელი იყო – მსახიობი თუ პოეტი? „არტისტი! – ასეთი იყო მისი პასუხი, თანაც „ბედის ნებიერა“, რადგან, როგორც თავად ამბობდა, რასაც ცხოვრებაში მიაღწია, ამისთვის არასოდეს „უჩალიჩია“…
ბოლო სპექტაკლი, რომელიც ნიკო გომელაურმა „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე ითამაშა, მთავრდება სიტყვებით: „მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!“ – თითქოს ამ სიტყვებით გამოემშვიდობა ყველას და დევიზად დატოვა, რომ უნდა გვიყვარდეს, გვიყვარდეს, გვიყვარდეს!!!
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები