ბერძნული ტელესერიალის პატარა ქართველი მსახიობი – თამთა (ათინა) თოდაძე

ჩვენს საიტზე ვწერდით პატარა ქართველ გოგონაზე, რომელიც ბერძნული სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის როლს ასრულებს. ჩვენმა ინფორმაციამ მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტეთ, პირადად გვენახა ათინა და ინტერვიუ ჩაგვეწერა მასთან. დიდი მადლობა ბავშვის დედას, ქალბატონ ხათუნას, რომელმაც ამის საშუალება მოგვცა. როგორც აღმოჩნდა, ათინას ნამდვილი სახელია თამთა, გვარად კი თოდაძეა. იგი ათენში დედასთან, ქალბატონ ხათუნასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც წარმოშობით დასავლეთ საქართველოდანაა. გოგონას ასევე ჰყავს 15 წლის უფროსი და, ანა. თამთა საბერძნეთში დაიბადა და სამშობლოში არასდროს ყოფილა. იგი სერიალის გადაღებაზე ყოველ პარასკევს დადის… დანარჩენს პატარა მსახიობის ინტერვიუდან შეიტყობთ.

თამთა, რამდენი წლისა ხარ და სად სწავლობ?

თერთმეტი წლის ვარ და დაწყებითი სკოლის მეხუთე კლასში ვსწავლობ.

რომელი საგნები მოგწონს ყველაზე მეტად?                       

ძალიან მიყვარს საზოგადოებრივი და სამოქალაქო აღზრდის და ბერძნული ენის გაკვეთილები, ასევე, სპორტი, რადგან ძალიან ვერთობი.

როგორ აღმოჩნდი სერიალში?

სერიალის რეჟისორს ანდრეა გეორგიუს სურათები გავუგზავნე და დაინტერესდა. შემდეგ შევხვდი და გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში მომწერა, რომ როლზე აყვანილი ვიყავი.

როგორი რეაქცია ჰქონდათ შენს თანაკლასელებს, როდესაც გაიგეს, რომ სერიალ „ტატუში“ გიღებდნენ?

ძალიან გაუხარდათ და ყველანაირად გვერდში მიდგანან.

თავად თუ მოგწონს მსახიობობა?

კი, ძალიან. მსიამოვნებს, რომ ტელევიზიით გამოვდივარ და ადამიანები მცნობენ. ასევე სასიამოვნოა ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა. მინდა პროფესიონალი მსახიობი გამოვიდე. დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ მინდა სწავლა ხელოვნების გიმნაზიაში გავაგრძელო.

რას იტყვი შენი კინოგმირის შესახებ, ჰგავს ალკიონი თამთას?

ალკიონი ძალიან კარგი გოგოა, რომლის დედას საშუალება არ აქვს, იგი არჩინოს, ამიტომ სამათხოვროდ უშვებს. მიუხედავად ამისა, ალკიონი დედას მაინც ძალიან უყვარს. ალკიონის როლის შესრულება არ მიჭირს, რადგან ხასიათით მგავს.

რას იტყვი მსახიობებზე, რომლებთან ერთადაც თამაშობ

ძალიან კარგი ადამიანები არიან. იციან და უყვართ თავიანთი საქმე, მეხმარებიან, რომ თავი კარგად ვიგრძნო.

საქართველოში თუ ყოფილხარ?

არა, არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში არის შავი ზღვა. ასევე, საქართველოში ბევრი ხილია. როცა ქვეყანაში შედიხარ, გზაზე ბევრ ყვავილს ხედავ…

თავისუფალ დროს რას აკეთებ

ძალიან მიყვარს ხატვა, ასევე, კითხვა და მეგობრებთან ერთად თამაში.

რას ეტყვი ჩვენს მკითხველებს, ქართველ ემიგრანტებს?

მადლობა მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. იმედია ჩვენს სერიალს უყურებენ და მოსწონთ.

ესაუბრა გიორგი ჯანელიძე

ავტორის ფოტოები

p. s. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქალბატონ ნონა ბაიდოშვილს, რომელმაც აღმოაჩინა თამთა და მასთან დაკავშირებაშიც დაგვეხმარა; ასევე, ჩვენი საიტის გულშემატკივარსა და ავტორს, საქართველოს დიდ მეგობარს – იოანის ბულიასს მხარდაჭერისთვის.

აქვე შეგახსენებთ, რომ სერიალი „ტატუ“ ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და ხუთშაბათს გადის ტელეარხ „ალფაზე“. ახლა კი შეგიძლიათ პატარა თამთას ვიდეომიმართვა ნახოთ.

კომენტარები
Загрузка...