დღის თემაკულტურასაქართველო

აღდგომა და ძველი ქართული ტრადიციები

„ღმერთმა მრავალსა დაგასწროთ აღდგომა-ქრისტეს შობასა!“

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თავისი მადლმოსილებითა და დიდებულებით განსაკუთრებით გამორჩეული და აღმატებულია იმ თორმეტ უდიდეს საუფლო დღესასწაულს შორის, რომელთაც მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს.

აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნას საქართველოში ოდითგან ძალიან საინტერესო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები უკავშირდება, რომელთაგან ზოგი დღესაც შემორჩენილია.

სააღდგომო წეს-ჩვეულებებში შედის: კვერცხის შეღებვა, სააღდგომო გართობა-თამაშობები, მიცვალებულის გახსენებასთან დაკავშირებული ტრადიციები – საფლავზე გასვლა, ნათლიების მიერ ნათლულებისთვის მილოცვა, სააღდგომო სუფრის ხის მწვანე ტოტებით მორთვა და სხვა.

მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სააღდგომო განწყობის შესაქმნელი მილოცვა, რომელსაც ჭონაზე სიარული ერქვა. ეს არის „შემოვლითი შემოლოცვის“ ერთგვარი რიტუალი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სოფლის ახალგაზრდები  და ბავშვები ასრულებდნენ დიდ ხუთშაბათს, დიდ შაბათს ან აღდგომა დღეს. ისინი ზოგჯერ ნიღბებს იკეთებდნენ და თავიანთი სოფლის ყველა ოჯახს, ხშირად კი სხვა სოფლებსაც შემოივლიდნენ ხოლმე მისალოცი სიმღერით. ამის დასტურია სარიტუალო სიმღერის შემდეგი სტრიქონები: „ქვემოთ ქართლიდან წამოველ,/შემოვიარე დვირიო,/აწყვრამდის უზმო ვიარე,/იქ დავიბანე პირიო,/ნინომ რომ კვერცხი შეღება,/ის არის შობის პირიო“.

ჭონაზე მოსიარულენი სოფელ-სოფელ კალათებით დადიოდნენ. მათ სხვადასხვა სურსათ-სანოვაგით ასაჩუქრებდნენ: კვერცხით, ფქვილით, ხილით… არსებობს ამ წეს-ჩვეულების ამსახველი ძალიან ცნობილი სტროფი, რომელსაც სხვა შემოვლითი რიტუალების დროსაც ასრულებენ: „ალათასა, ბალათასა, / ხელი ჩავკარ კალათასა, / დედი, კვერცხი გამოიტა, / ღმერთი მოგცემს ბარაქასა“.

და კიდევ: „ჭონას ვიყავ, ჭონა ვნახე,/ვერხვი ვერხვსა ეხვეოდა,/ყველა წმინდა ღვთისმშობელი/სულ ამ ოჯახს ეხვეოდა“; „სიცოცხლე და დღეგრძელობა/სულ თქვენს ოჯახს ეხვეოდა“; „ქრისტე აღსდგა, გიხაროდენ! მადლი მახარობლისაო!“;  „ჩიტი ღობეზე შემოჯდა,/იძახდა ქიშმიშობასა, ღმერთმა მრავალსა დაგასწროთ/აღდგომა-ქრისტეს შობასა!“

მოსახლეობა სიხარულით ეგებებოდა ჭონაზე მისულთ, ასაჩუქრებდნენ, ოჯახს დაალოცვინებდნენ და მხიარულად ისტუმრებდნენ.

ქრისტეს აღდგომით გამოწვეულ სიხარულთან ერთად ამ რიტუალს გლეხისთვის ერთგვარი პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა, რომელიც წარმატებულ სამეურნეო წელთან იყო დაკავშირებული: ხვავსა და ბარაქასთან, სურვილების შესრულებასთან.

 

ფიროსმანი, სააღდგომო სუფრა

სააღდგომო წეს-ჩვეულებებში, ცხადია, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სააღდგომო კვერცხს, როგორც ახალი სიცოცხლის სიმბოლოს. შუასაუკუნეებში, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კვერცხებს ეკლესიაში აკურთხებდნენ და ყველაზე წმინდა საჩუქრად მიაჩნდათ. ქართული ტრადიციის თანახმად, კვერცხი წითელ პარასკევს იღებებოდა, მაგრამ მხოლოდ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ იწყებოდა წითელი კვერცხების გაცვლა, გაჩუქება და ჩატეხა. სააღდგომო კვერცხის სხვისთვის გატეხა კარგ ნიშნად ითვლებოდა.

ტრადიციის მიხედვით, სააღდგომოდ რაიმესთვის აუცილებლად უნდა „დაედინებინათ სისხლი“, იქნებოდა ეს ქათამი, ინდაური თუ გოჭი. აღდგომას სამი კვირის განმავლობაში დღესასწაულობდნენ. აღდგომის პირველი სწორი ასევე დიდი დღესასწაული იყო და მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებდნენ: ახალკვირა, კვირაცხოვლობა, „უფლის-უფლიში“ (სვანეთში)… სხვათა შორის, სვანეთში სააღდგომო სუფრაზე მიცვალებულთათვის განკუთვნილი მწვანე ტოტის ანუ რიტუალური „კამარაის“ დადგმა იცოდნენ. „კამარაი“ რომელიმე ადგილობრივი მცენარის, ხშირად ნაძვის ნახევარწრედ მოღუნული ტოტია, რომელზეც ყველანაირ ხილს, შეღებილ კვერცხებს, პურის თავთავებს, დაწნულ ყველს, ყველისგან გაკეთებულ სხვადასხვა ფრინველისა თუ ცხოველის გამოსახულებებს კიდებდნენ, შემდეგ კი ხეს ორივე მხრიდან სანთლებს უნთებდნენ. „კამარაი“ აღდგომის გარდა, მიცვალებულებისთვის ორმოცსა და წლისთავზეც იდგმებოდა.

აღდგომიდან ამაღლების დღესასწაულამდე, ორმოცი დღის განმავლობაში, ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებდნენ: „ქრისტე აღდგა!“, „ჭეშმარიტად აღდგა!“

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენში მცდარად არის დამკვიდრებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მიცვალებულებთან დაკავშირებული ტრადიცია. ეს ტრადიცია ათეისტურ საბჭოთა პერიოდში წარმოიშვა. რადგან აღდგომა კვირა დღე  – დასვენების დღე იყო, ადამიანები თავიანთი მიცვალებულების საფლავზე გასვლას მხოლოდ ამ დღეს ახერხებდნენ. აღდგომას საფლავზე გასვლის ტრადიცია ბევრგან დღემდეა შემორჩენილი, რაც არასწორია, რადგან აღდგომა ცოცხალთა დღესასწაულია და ეს დღე მორწმუნეებმა სხვაგვარად უნდა გაატარონ. სადღესასწაულო დღეებში მორწმუნე ქრისტიანს მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდ ცოდვად ეთვლება. მიცვალებულთა მოხსენიების დღე აღდგომიდან მეცხრე დღეა – სამშაბათი.

მოამზადა თამარ ოთიაშვილმა

ამავე თემაზე: როგორ გავატაროთ ბრწყინვალე შვიდეულის დღეები

როგორ გავატაროთ ბრწყინვალე შვიდეულის დღეები

დაგაინტერესებთ, აგრეთვე: „პირველი ხილული სასწაული ცეცხლის გარდამოსვლა იყო, რაც ჩვენ ვნახეთ აქ, საქართველოში!“- სასწაულმოქმედი ხატის მცველების აქამდე უცნობი ისტორიები

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close