საქართველო ცხოვრების სიიაფის მიხედვით ევროპაში მესამე ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში – მეშვიდეზე

საქართველო მსოფლიოში ყველაზე იაფი ქვეყნების ათეულში მოხვდა. რეიტინგი ბრიტანულმა კომპანიამ, MoveHub-მა შეადგინა Numbeo-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

Numbeo არის ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. სულ ბაზაში მოცემულია 50-მდე მაჩვენებელი, მათ შორის, ბინის ქირა, საშუალო ფასები იაფ რესტორანში, ბოთლი ღვინისა და ჭიქა ყავის, წყლის, რძის, თეთრი პურის და ა. შ. ფასები.

ფოტო: ვებსქრინშოთი

MoveHub-ის რეიტინგის თანახმად, ევროპაში ცხოვრება ყველაზე იაფია უკრაინაში, ამ მხრივ, მეორე ადგილზეა კოსოვო, ხოლო მესამეზე – საქართველო. უკრაინა მსოფლიო მასშტაბით მესამეა ცხოვრების სიიაფით, პირველ ადგილზეა პაკისტანი, მეორეზე- ეგვიპტე, მეოთხეზე – ინდოეთი, მეხუთეზე- ტუნისი, მეექვსეზე- კოსოვო. საქართველო მსოფლიო რეიტინგში ცხოვრების სიიაფის მხრივ მეშვიდე პოზიციას იკავებს. ათეულში შედის საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი, რომელიც მერვე ადგილზეა, მას მოსდევს ბანგლადეში და ალჟირი.

MoveHub-ის მიერ შედგენილი რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია ცხოვრება ბერმუდის კუნძულებზე, მას მოსდევს შვეიცარია, ირლანდია, ნორვეგია და ბაჰამის კუნძულები. ძვირი ქვეყნების ათეულში შედის ლუქსემბურგი, დანია, სინგაპური, იაპონია და ისრაელი.

აღსანიშნავია, რომ Numbeo-ს მონაცემთა თანახმად, საქართველოში ცხოვრება 56,30%-ით იაფია, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ხოლო გადასახადები საქართველოში, შეერთებულ შტატებთან შედარებით, მთელი 73,88%-ით ნაკლებია.

იხილეთ საქართველოს სამომხმარებლო ფასები Numbeo-ს საიტზე: https://www.numbeo.com/cost-of-living/country_result.jsp?country=Georgia

კომენტარები
Загрузка...