„თქვენ საუბრობთ ბერძნულად, თუმცა ეს არ იცით“ – რამდენი ბერძნული სიტყვაა ინგლისურში?

ცნობილია, რომ ძველი ბერძნული ენა ძალიან მდიდარი იყო და დღემდე საერთაშორისო ტერმინოლოგიაში უამრავი ბერძნული სიტყვა გამოიყენება. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბერძნულმა სადღეისოდ ყველაზე პოპულარულ ენაზე – ინგლისურზე.
რამდენიმე წლის წინათ მწერალმა ანა სტეფანიდუმ ინგლისურ ენაზე დაწერა წიგნი სახელწოდებით: „You speak Greek, you just don’t know it“ („თქვენ საუბრობთ ბერძნულად, თუმცა ეს არ იცით“). მწერალი ამბობს, რომ თანამედროვე ინგლისურში დაახლოებით 6 ათასი ბერძნული სიტყვა გამოიყენება.
საგულისხმოა საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პროფესორის, ქსენოფონ ზოლოტასის ორი გამოსვლა ვაშინგტონში 1957 და 1959 წლებში. ზოლოტასმა ორივეჯერ ინგლისურად ისაუბრა, მაგრამ, ძირითადად, ბერძნული წარმოშობის სიტყვები გამოიყენა. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა თავისი გზავნილი სრულყოფილად გადაეცა ინგლისურენოვანი აუდიტორიისთვის.
ბერძნული სიტყვები ყველაზე ხშირად გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში, აგრეთვე, მეცნიერებასა და ხელოვნებაში.
გიორგი ჯანელიძე
ცნობისათვის: 9 თებერვალს ბერძენი ეროვნული პოეტის, დიონისე სოლომოსის (Διονύσιος Σολωμός, 1798-1857 წწ.) ხსოვნის დღეა, 2017 წლიდან კი ეს თარიღი აღინიშნება, აგრეთვე, როგორც ბერძნული ენის საერთაშორისო დღე.
დიონისე სოლომოსს ეკუთვნის „ჰიმნი თავისუფლებას“ (1823), რომელიც საბერძნეთის და კვიპროსის ეროვნული ჰიმნი გახდა.
ამავე თემაზე: ბერძნული ენის დღისთვის შეიქმნა ვიდეო, რომელშიც ქართველი ბიჭიც ამბობს ბერძენი პოეტის სტრიქონებს (ვიდეო)
კომენტარები