საბერძნეთი მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

6 მარტს პრესკონფერენცია გამართეს საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პანოს სკურლეტისმა და მოქალაქეობის საკითხების სპეციალურმა მდივანმა ლაბროს ბალციოტისმა. მათ მედიას წარუდგინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს.

კერძოდ, განახევრდება პროცედურის ხანგრძლივობა. ამჟამად პროცედურა განაცხადის ჩაბარებიდან 6 წლის განმავლობაში გრძელდება. როგორც წესი, გასაუბრებაზე კანდიდატებს 4 წლის შემდეგ იბარებენ, ხოლო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ისინი კიდევ 2 წელიწადს იცდიან მოქალაქის ფიცის დასადებად, რის გარეშეც პროცესი დასრულებულად არ ითვლება. ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს პროცედურის გავლას ორჯერ ნაკლებ დროში ანუ მაქსიმალური ვადა 3 წელიწადი იქნება.

მთავარი სიახლე მაინც გასაუბრების წესის ცვლილებას უკავშირდება: აქამდე კანდიდატი ზეპირ გასაუბრებას გადიოდა სპეციალური კომისიის წინაშე. ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს წერილობითი გამოცდის წესის შემოღებას. გამოქვეყნდება 300 კითხვა თავისი პასუხებით. გამოცდაზე 30 კითხვა იქნება დასმული, საიდანაც კანდიდატმა 20 კითხვა უნდა აირჩიოს და უპასუხოს. ამდენად, გამოცდა ავტომობილის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ემგვანება.

ცვლილებები არ ეხება მოქალაქეობის მსურველ კანდიდატთა იმ კატეგორიას, რომლებმაც ბერძნული განათლება მიიღეს, ან საბერძნეთში დაიბადნენ – მათთვის პროცედურა ისედაც უკიდურესად გამარტივებულია.

პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გარკვეული სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა. კერძოდ, 2017 წელს საბერძნეთის მოქალაქეობა 33 700 ადამიანმა მიიღო. მათგან უმრავლესობას (25 ათასი) შეადგენენ ბავშვები, რომლებმაც ბერძნულ სკოლაში ისწავლეს. ამას გარდა, საბერძნეთის მოქალაქეობა 3 ათასზე მეტმა ალბანელმა მოიპოვა. საინტერესოა, რომ საბერძნეთის მოქალაქეობის მსურველთა შორის 27 ამერიკელიც აღმოჩნდა.

ჩვენ თვალს მივადევნებთ მოვლენების განვითარებას და აუცილებლად შეგატყობინებთ იმ კონკრეტული ცვლილებების შესახებ, რომლებიც კანონში შევა.

წყარო : https://www.dikaiologitika.gr/eidhseis/koinonia/197241/allazei-i-diadikasia-apoktisis-tis-ithageneias

კომენტარები
Загрузка...