საბერძნეთში მემარჯვენე ნეონაცისტური დაჯგუფების ნეიტრალიზაციის ოპერაცია მიმდინარეობს

6 მარტს, დილიდან, საბერძნეთის ანტიტერორისტული სამსახური მემარჯვენე ნეონაცისტური დაჯგუფების ნეიტრალიზაციის ოპერაციას ახორციელებს. ცნობილი ხდება, რომ საუბარია ორგანიზაცია COMBAT HELLAS 18-ზე, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მოქმედ ყველაზე საშიშ ტერორისტულ გაერთიანებად ითვლება.

ჩხრეკა მიმდინარეობს ათენის რამდენიმე უბანში (ნეა სმირნი, ხაიდარი, მენიდი, მოსხატო), ასევე, ქალაქ იოანინაში; ამოღებულია დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი მასალა, ასევე, ნაცისტური ლიტერატურა, სანადირო თოფები და დანები; დაკავებულია ექვსი პიროვნება, მათ შორის, ორნი ორგანიზაციის მეთაურებად ითვლებიან.

ნეონაცისტური ორგანიზაცია  Combat 18 გასული საუკუნის 90-იან წლებში დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ცნობილი გახდა იმით, რომ იმიგრანტებს ესხმოდა თავს. სახელწოდებაში რიცხვ 18-ს შემდეგი მნიშვნელობა აქვს: 1 – არის გერმანული ანბანის პირველი ასო A, ხოლო 8 – მერვე ასო ანუ H,  შესაბამისად, დაჯგუფების წევრები საკუთარ თავს ადოლფ ჰიტლერის მებრძოლ რაზმად მიიჩნევენ. საბერძნეთში ისინი, ძირითადად, ანარქისტებს უპირისპირდებიან, იმიგრანტებზე თავდასხმის ფაქტების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

კომენტარები
Загрузка...