ვარსკვლავების ბრწყინვალება „ოსკარის“ წითელ ხალიჩაზე
„ოსკარის“ 2018 წლის 90-ე დაჯილდოებამ, ტრადიციისამებრ, პომპეზურად ჩაიარა. ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულებს ნანატრი ჯილდოები გადასცა. წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გილერმო დელ ტოროს THE SHAPE OF WATER-მა („წყლის ფორმა“) გაიმარჯვა, თავად დელ ტორო კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა. მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი მამაკაცი გარი ოლდმენია (ფილმში DARKEST HOUR), მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი კი ფრენსის მაკდორმანი (THREE BILLBOARDS OUTSIDE EBBING, MISSOURI) გახდა.
სხვა გამარჯვებულების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებთ, უბრალოდ, აღვნიშნავთ, რომ წლის ყველაზე დიდი კინომოვლენა მაყურებლის ყურადღებას არა მხოლოდ ფილმებისა და ნომინაციების გამო იმსახურებს, არამედ ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩაცმულობის გამოც. წითელ ხალიჩაზე მათი გამოჩენა მთავარი ნომინაციების გამარჯვებულთა ვინაობის გამოცხადებას დიდად არ ჩამოუვარდება. მეტიც, მათ გარეგნობას მილიონობით მახვილი თვალი აკვირდება და ამ თემაზე საუბარი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება.
მოდით, ჩვენც გადავალოთ თვალი ჰოლივუდის ვარსკვლავების ჩაცმულობას, ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდნენ „ოსკარის“ დაჯილდოების 90-ე ცერემონიაზე.
***
2018 წლის ყველაზე მომხიბლავად ჩაცმულთა სიაში მოხვდნენ:
ჯეინ ფონდა – 80 წლის ვარსკვლავის ბრწყინვალე იერსახემ ყველა დაარწმუნა, რომ უმშვენიერესი ჯეინ ფონდა მართლაც უბერებელია.
ირლანდიელი ვარსკვლავი სირშა რონანი მომხიბვლელი იყო Calvin Klein-ის ნაზ ვარდისფერ კაბასა და კრისტიან ლაბუტენის ფეხსაცმელში.
ტრადიციულად თვალისმომჭრელი იყო „კრისტიან დიორის“ წითელ კაბაში გამოწყობილი მერილ სტრიპი.
მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის ნომინაციაში გამარჯვებული ელისონ ჯენი Reem Acra-ს გრძელსახელოებიან წითელ კაბაში ბრწყინავდა.
„ვერსაჩეს“ ატელიეს ოქროსფერი კაბა ლუპიტა ნიონგოს სილამაზეს კიდევ უფრო წარმოაჩენდა.
„ჟივანშის“ ულამაზეს ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილმა გალ გადოტმა კი საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია.
აი, ნიკოლ კიდმანის დიდბაფთიანი მუქი ლურჯი კაბა კი საკამათო გახდა: ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ზოგი კი შეშფოთდა.
ემა სტოუნის ჩაცმულობა – შარვალი და ბლეიზერი – მოდის კრიტიკოსებმა „ოსკარის“ წითელი ხალიჩისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს, ყოველდღიური სამოსი უფროაო.
ამერიკელი წამყვანის, კელი რიპას კაბა კი ძირტკბილას კანფეტების ასორტს შეადარეს.
მომხიბლავმა სელმა ჰაიეკმა ძველებური თოჯინების მსგავსი კაბით და ჭაღის მორთულობით მაყურებლის მოწონება ნამდვილად ვერ დაიმსახურა.
ჯენიფერ ლოურენსის კაბას დასაწუნი არაფერი აქვსო, კი ამბობენ, მაგრამ დასძენენ, ჯენიფერისთვის მეტისმეტად მოსაწყენიაო.
სხვები? აი, სხვებზე ყველას მოსაზრებებს სიამოვნებით მოვისმენთ. მაგალითად, ვუპი გოლდბერგი ყვავილებში როგორ მოგწონთ?
მოამზადა თამარ ოთაშვილმა
კომენტარები