რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს კომისია საბერძნეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას?
ეს ვრცელი, მაგრამ ძალიან საინტერესო სტატია ბოლომდე წაიკითხეთ, ბევრ საჭირო ინფორმაციას გაიგებთ.
სადღეისოდ საბერძნეთში საკმაოდ ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს, რომელთაც შეუძლიათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღონ. ამათგან ყველაზე ადვილად მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს, რომლებმაც ბერძნული საშუალო სკოლის მინიმუმ 6 კლასის კურსი გაიარეს წარმატებით და აქვთ სასკოლო ატესტატი, ან აქვთ ატესტატი და ბერძნული სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი. ასეთ შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭება ფორმალური პროცესია და საბუთების ჩაბარების დღიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ხდება გადაწყვეტილების მიღება.
გაცილებით უფრო რთულადაა საქმე ზრდასრული მოქალაქეების შემთხვევაში. მართალია, მოქალაქეობა შეუძლია მოითხოვოს ყველამ, ვინც საბერძნეთში ხანგრძლივად ცხოვრობს ლეგალურად, ან ბერძენი მეუღლე ჰყავს, მაგრამ რეალურად პრობლემას წარმოადგენს გასაუბრების წარმატებით ჩაბარება. ჩვენს საიტზე განთავსებულია სტატია გასაუბრების პროცედურისა და სავარაუდო კითხვების შესახებ, მაგრამ, რეალურად, ეს პროცედურა უფრო რთულია და მარტო ბერძნული ენისა და საბერძნეთის ისტორიის ცოდნას არ მოიცავს: არსებობს სპეციალური ცირკულარი, რომლითაც ხელმძღვანელობს კომისია გადაწყვეტილების მიღების დროს. ამ ცირკულარის პრინციპების გათვალისწინება აუცილებელია გასაუბრების წარმატებით გავლისათვის.
ცირკულარის მიხედვით, კომისიამ კანდიდატი უნდა შეაფასოს სამი კრიტერიუმის მიხედვით:
1. ბერძნული ენის ცოდნის დონე; 2. საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი; 3. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ცოდნა.
საგულისხმოა, რომ კანდიდატმა სამივე კრიტერიუმის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, ანუ თუკი ძალიან კარგად იცით ბერძნული ენა და საბერძნეთის ისტორია, მაგრამ ვერ დაამტკიცებთ, რომ თქვენს მომავალს საბერძნეთს უკავშირებთ, კომისია უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კომისია ითვალისწინებს კანდიდატის პიროვნულ მახასიათებლებს: ასაკი, ქვეყანაში ცხოვრების ხანგრძლივობა, განათლების დონე და სხვა.
პირველი კრიტერიუმი: ენის ცოდნა
კანდიდატმა გასაუბრებისას უნდა გამოავლინოს ბერძნული ენის ცოდნა. კომისიასთან კომუნიკაციის დროს უნდა მოერიდოს მოკლე პასუხებს, უნდა მოახერხოს საკუთარი მოსაზრებების გადმოცემა, სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა. გრამატიკული შცდომები მნიშვნელოვანი არ არის, ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ -მთავარია ურთიერთობის დამყარების უნარი.
კანდიდატს შეუძლია კომისიას წარუდგინოს ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ჩვენს საიტზე ასევე ნახავთ საჭირო ინფორმაციას ამ სერტიფიკატის მიღების თაობაზე, რაც არც ისე რთულია, როგორც შეიძლება გეგონოთ); თუმცა ისიც უნდა აღინისნოს, რომ სერტიფიკატს კომისიისათვის სავალდებულო ხასიათი არ აქვს, ანუ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც იმ შთაბეჭდილების მიხედვით იღებენ, რომელსაც მათზე გასაუბრების დროს მოახდენთ.
საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი
საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხი დგინდება შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: კანდიდატს უნდა ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი წლების განმავლობაში (წლიური შემოსავალი 8500 ევრო საკმარისად მაღალ შემოსავლად ითვლება ერთი ადამიანისთვის. ოჯახის ყოველ დამატებით წევრზე დაანგარიშებით ეს შემოსავალი 15 პროცენტით იზრდება), სასურველია ჰქონდეს უძრავი ქონება საბერძნეთში, არ ჰქონდეს საგადასახადო დავალიანება; საჭიროა სრული სამედიცინო დაზღვევის ქონა.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია საბერძნეთის ისტორიისა და ბერძნების ტრადიციების ცოდნა. ამავე დროს, რომელიმე ბერძნულ საგანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, ან პროფესიული დახელოვნების კურსების გავლა დამატებით არგუმენტებად გამოგადგებათ; დაგეხმარებათ, ასევე, ნათესაური კავშირის ქონა საბერძნეთის მოქალაქესთან.
მართალია, აქ ბევრი კრიტერიუმია ჩამოთვლილი, მაგრამ ყველა მათგანის დაკმაყოფილება აუცილებელი არ არის. მაგალითად, შეიძლება არ გყავთ ბერძენი ნათესავი და არ გაგაჩნიათ უძრავი ქონება, მაგრამ თუკი გაქვთ სტაბილურად მაღალი შემოსავალი და კარგი განათლება, კომისია მაინც დადებითად შეაფასებს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თქვენი ჩართულობის ხარისხს.
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრების ცოდნა
გასაუბრების დროს კანდიდატს დაუსვამენ კითხვებს სახელმწიფო ინსტიტუციების შესახებ. მან უნდა იცოდეს, როგორაა მოწყობილი საბერძნეთის რესპუბლიკა, რა უფლებები და მოვალეობები აქვთ მოქალაქეებს; ასევე, უნდა შეეძლოს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე მსჯელობა, ჰქონდეს ინფორმაცია პოლიტიკური პარტიებისა და თვითმმართველობის ორგანოების შესახებ. პროფესიული კავშირის წევრობას ან ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას (ხანგრძლივი ბინადრობის უფლების მქონე ემიგრანტს შეუძლია ხმა მისცეს ადგილობრივ არჩევნებზე) კომისია ასევე დადებითად შეაფასებს.
კანდიდატს შეუძლია კომისიას წარუდგინოს ნებისმიერი ოფიციალური საბუთი, რომელიც, მისი აზრით, ზემოთ დასახელებული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში დაეხმარება. ასეთები შეიძლება იყოს: საშემოსავლო დეკლარაცია, უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი სანოტარო აქტი, ენის ცოდნის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი, დიპლომი, ცნობა სასწავლებლიდან და სხვა.
კომისია კანდიდატს აფასებს სამივე კრიტერიუმის მიხედვით ცალ-ცალკე ოთხბალიანი სისტემით (1, 2, 3, 4). შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენის ცოდნას. ქვემოთ გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც ჩანს, თუ რა შემთხვევაში შეფასდება კანდიდატი უარყოფითად სამი კრიტერიუმის მიხედვით:
აქვე გთავაზობთ ცხრილს, რომელიც აჩვენებს დადებითად შეფასების შემთხვევებს:
პირველი მაგალითი:
ემიგრანტი ცხოვრობს საბერძნეთში 12 წლის განმავლობაში, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა დაზღვევის გარეშე, კარგად წერს და კითხულობს ბერძნულად, მაგრამ, რამდენადაც ბევრს მუშაობს, არაფერი იცის ქვეყნის ისტორიის შესახებ, არ იცნობს პოლიტიკურ ინსტიტუციებს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, დაქორწინებულია ბერძენზე და არ მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში.
შეფასება:
ასეთი კანდიდატი პირველი კრიტერიუმით, ენის ცოდნის თვალსაზრისით, იღებს შეფასებას 4. ჩართულობის ხარისხთან დაკავშირებით: აქვს მუდმივი სამუშაო, დაქორწინებულია საბერძნეთის მოქალაქეზე, მაგრამ არ იცნობს ისტორიას, დიდი ხნის განმავლობაში არ იყო დაზღვეული. მიუხედავად ამისა, მეორე კრიტერიუმის მიხედვით იმსახურებს შეფასებას 3. მესამე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს და იღებს შეფასებას 1.
ასეთ შემთხვევაში, მესამე კრიტერიუმის დაუკმაყოფილებლობის გამო კანდიდატთან დაკავშირებით კომისია უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს.
მეორე მაგალითი:
45 წლის ემიგრანტი ქალი ცხოვრობს საბერძნეთში 10 წლის განმავლობაში და ჰყავს 70 წლის ბერძენი მეუღლე, დაკავებულია საოჯახო საქმიანობით და არასდროს უმუშავია; პირველი ქორწინებიდან ჰყავს 2 შვილი, რომლებიც ცხოვრობენ სამშობლოში. სახლი, სადაც ცხოვრობს, ეკუთვნის მის მეუღლეს, კარგად ბერძნულად საუბრობს, თვალყურს ადევნებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რამდენადაც აქვს ბევრი თავისუფალი დრო, იცნობს ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს, კარგად არ იცნობს პოლიტიკურ სისტემას, მაგრამ ურთიერთობს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურთან, ჰყავს ბერძენი მეგობრები და მონაწილეობს მუნიციპალური დონის ღონისძიებებში.
შეფასება:
ასეთი კანდიდატი ენის ცოდნის კრიტერიუმს აკმაყოფილებს უმაღლეს დონეზე – 4. ჩართულობის ხარისხთან დაკავშირებით: მართალია, ბერძენი მეუღლე ჰყავს, მაგრამ ქვეყანასთან მტკიცე კავშირს ვერ ამტკიცებს, რადგან მისი შვილები საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ამას გარდა, არ მუშაობს. სამაგიეროდ, იცის ქვეყნის ისტორია და ტრადიციები, არის აქტიური მოქალაქე და იღებს შეფასებას – 3. მესამე კრიტერიუმი: მართალია, არ იცის თეორიულ დონეზე სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა, მაგრამ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების საქმის კურსშია. შეფასება – 3. ასეთ კანდიდატს კომისია დადებითად შეაფასებს.
მესამე მაგალითი:
ემიგრანტი ქალი 5 წლის მანძილზე ცხოვრობს საბერძნეთში, დაქორწინებულია ბერძენზე და მასთან ჰყავს 2 შვილი; მუშაობს დიდ კომპანიაში და აქვს კარგი შემოსავალი, ცხოვრობს კერძო სახლში. რამდენადაც მისი კოლეგების უმრავლესობა უცხოელია და ცოტა ხანია, რაც საბერძნეთში ცხოვრობს, ცუდად იცის ბერძნული ენა. ცოტათი იცნობს სახელმწიფო წყობას და ისტორიას, მონაწილეობს ადგილობრივ არჩევნებში, მაგრამ ცუდად იცნობს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, რადგან, ძირითადად, უცხოურ ტელევიზიას უყურებს.
შეფასება:
ასეთი კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს ენის ცოდნის კრიტერიუმს – შეფასება 2; მეორე კრიტერიუმს აკმაყოფილებს სრულად – შეფასება 4; მესამე კრიტერიუმს აკმაყოფილებს კარგად – შეფასება 3. ასეთი კანდიდატი იღებს უარყოფით პასუხს, რადგან არ იცის კარგად ბერძნული ენა.
მაგალითები აღებულია საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ცირკულარიდან. ცხადია, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და კანდიდატს მოუწევს საკმაო შრომის გაწევა, რათა გასაუბრება წარმატებით გაიაროს. ნებისმიერ შენმთხვევაში, ცდა ბედის მონახევრეა, ხოლო თუ მოინდომებთ და ძალისხმევას არ დაიშურებთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.
წარმატებებს გისურვებთ, მით უმეტეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, საქართველოს ახალი კანონმდებლობით, მალე აღარ იქნება საქართველოს მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველი.
მოამზადა გიორგი ჯანელიძემ
კომენტარები