22 წლის ქართველი იმიჯმეიკერის მოდელის ფოტო „ვოგმა“ გამოაქვეყნა
მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი მოდის ჟურნალის, VOGUE ITALIA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე 22 წლის ქართველი იმიჯმეიკერის, მარიამ ნასყიდაშვილის მოდელის ფოტო გამოქვეყნდა. მარიამი მილანის ცნობილი უნივერსიტეტის – Haute future fashion academy-ს fashion styling-ის ფაკულტეტის სტუდენტია და პარალელურად Nouva accademia di belle arti-ში გადის ინტენსიურ კურსს. ფოტოსესიაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ქართველი ვიზაჟისტი თამთა გვარელი, იტალიელი ფოტოგრაფი არიან გეორგინი და იტალიელი მოდელი ბიანკა კოზეტა ბურინი. nostal.ge-ს კორესპონდენტი მარიამს მილანში დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მარიამ, სად სწავლობ და რომელ სპეციალობაზე?
მილანში ვსწავლობ Haute future fashion academy-ში, Fashion styling-ზე, იმიჯმეიკერის პოზიციაზე.
რამდენი ხანია, რაც იტალიაში ხარ და რატომ წახვედი?
ვსწავლობდი თბილისის 49-ე საჯარო სკოლაში, დედა იტალიაში ცხოვრობდა და ხშირად მიწევდა მასთან სტუმრობა, რამაც განაპირობა ჩემი წასვლა იტალიაში სასწავლებლად. თბილისში იტალიური ენის კურსებზე დავდიოდი „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ კოლეჯში და იტალიური იქ ვისწავლე.
ვინ არის შენი, როგორც იმიჯმეიკერის, მასწავლებელი უნივერსიტეტში?
Veronica Mazziotta, Vogue art-ის კრეატიული დირექტორი.
თავიდანვე გიზიდავდა მოდის სამყარო?
მოდის სამყაროს, რაც გავიზარდე, თვალყურს ვადევნებ, თუმცა გადაწყვეტილი არ მქონდა ამ განხრით სწავლა. ორი წლის წინ იტალიაში ჩავაბარე სოციოლოგიაზე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს სფერო „ჩემი“ არ იყო. სექტემბერში Haute future fashion academy-ში ჩავაბარე და პარალელურად დავიწყე ინტენსიური კურსების გავლა Nouva accademia di belle arty-ში.
რთული არ იყო უცხო ქვეყანაში ადაპტირება?
რა თქმა უნდა, თავიდან მეც გამიჭირდა, როგორც ხდება ხოლმე – უცხო გარემო, უცხო ადამიანები… მენატრებოდა თბილისი, ჩემი მეგობრები… მაგრამ მაინც მარტივად შევეგუე, თან სულ ვამბობ, რომ მილანი რაღაცით თბილისს ჰგავს. 🙂
თავისუფალ დროს რით ხარ დაკავებული?
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, მოდის სფეროში მოღვაწე ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, თუმცა მეგობრებთან ყოფნასაც ვახერხებ – ძალიან მიყვარს მათთან ერთად დროის გატარება და სეირნობა.
საქართველოში ნაკლებად პოპულარულია შენი პროფესია, იმიჯმეიკერები, ფაქტობრივად, არ გვყავს. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით და აპირებ თუ არა დაბრუნებას?
ხშირად მიფიქრია ამ საკითხზე… საქართველოში მოდის სფეროც ახლახან წამოიწია წინ და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ მალე ახალი თაობა დიდ წარმატებას მოგვიტანს და ჩემი პროფესიაც პოპულარული გახდება ჩვენს ქვეყანაში. დაბრუნებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, სწავლის დასრულებისთანავე ვაპირებ, დავბრუნდე საქართველოში.
შენ იყავი იმიჯმეიკერი მოდელისა, რომლის ფოტოც VOGUE ITALIA-მ გამოაქვეყნა თავის ოფიაციალურ ვებგვერდზე. როგორი იყო შენი ემოცია?
ყოველდღიურად ვამოწმებ VOGUE ITALIA-ს ოფიციალურ ვებგვერდს და დღესაც, რომ შევედი, სრულიად მოულოდნელად დამხვდა ჩემი მოდელის ფოტო. ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, რომლებიც გადაღებაში მონაწილეობდნენ. არც ამხელა გამოხმაურებას ველოდი, რაც ჩემთვის ნამდვილად სასიამოვნოა.
სად წარმოგიდგენია მომავალში საკუთარი თავი შენი სპეციალობით?
ხმამაღალი განაცხადია ამ ეტაპზე, მაგრამ მაინც გეტყვი, რომ მარჯიელას იმიჯმეიკერად ვისურვებდი მუშაობას, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად არაერთი ეტაპი დამრჩა გასავლელი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ერთხელაც, როგორც მარჯიელას იმიჯმეიკერმა, მოგცეთ ექსკლუზიური ინტერვიუ. 🙂
ესაუბრა ქეთი კვირკველია
კომენტარები