ნინო კვატაშიძე: „ცხოვრების ამ ეტაპს „მარადიულ მონატრებას“ დავარქმევდი…“
ნინო კვატაშიძემ – პროფესიით პედიატრმა, რომელმაც თავის დროზე წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, წლების წინ ათენში გადაწყვიტა წასვლა ოჯახის სარჩენად. საბერძნეთში, ემიგრაციაში გატარებული წლების შედეგად, რომელთა სიმძიმე სიტყვით ადვილად ითქმის და გადასატანად კი, მხოლოდ ემიგრანტებმა იციან, რა ძნელია, ქალბატონმა ნინომ ორი შვილი დააყენა გზაზე: გოგონა – ანი მონასელიძე პროფესიით ჟურნალისტია, ვაჟიშვილმა – რეზო მონასელიძემ კი დედის მსგავსად სამედიცინო სფერო აირჩია. „ცხოვრების ეს რთული ეტაპიც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება“, – ასე ამხნევებს ქართველ ემიგრანტებს ნინო კვატაშიძე, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ესაუბრა.
ქალბატონო ნინო, რამდენი წელია, რაც ემიგრაციაში ხართ და რატომ გადაწყვიტეთ წასვლა?
2009 წლის 27 იანვარს წამოვედი ყველასგან შორს – უცხო ქვეყანაში, რომ ოჯახი მერჩინა. ძალიან რთულია ცხოვრების ამ ეტაპის გავლა. ჩემი შვილების უკეთესი მომავლისთვის მომიხდა საბერძნეთში წამოსვლა – ბავშვები უკვე აბიტურიენტები იყვნენ, მე კი საარსებო ფულიც ძლივს შემქონდა ოჯახში…
რა არის ყველაზე მძიმედ გადასატანი ემიგრაციაში?
მარტოობა… საშინელებაა, უკიდურესი დეპრესია გეუფლება… თუმცა ემიგრაციაში ყოფნამ მასწავლა, რომ დატვირთული ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო, რომ ეს გრძნობა გავანელო და ბევრი არ ვიფიქრო. ამაზე რთული არაფერია – მშობლიური ქვეყნიდან შორს წახვიდე და გაზარდო სხვისი შვილები, საკუთარი კი ყოველწამს გენატრებოდეს. ცხოვრების ამ ეტაპს „მარადიულ მონატრებას“ დავარქმევდი…
როგორი ოჯახი შეგხვდათ ათენში?
გამიმართლა, კარგ ოჯახში აღმოვჩნდი, ყველანაირად ცდილობდნენ, ჩემს თვალებზე ცრემლი არ ენახათ. ორი ულამაზესი გოგონა გავზარდე, შვილებივით მიყვარს ორივე. ამ ოჯახის დახმარებით ჩემი მონატრებული ანიც ვნახე, ცხრა წლის უნახავ შვილს შემახვედრეს – ვიზალიბერალიზაცია რომ შემოვიდა, ანი ჩემთან სტუმრად ჩამოვიყვანე, ასეთი საჩუქარი გამიკეთეს.
როგორი იყო თქვენი პირველი დღეები ათენში?
მახსოვს, ახალი ჩამოსული ვიყავი და ბავშვები სასეირნოდ მყავდა გამოყვანილი. ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან ქალი მოდიოდა ბავშვებით. ჩვენდაუნებურად, ერთდროულად ერთი და იმავე კითხვით მივმართეთ ერთმანეთს: „ქართველი ხარ?“ – აქ ასეა, მხოლოდ ასეთი კითხვა არსებობს, დანარჩენი არ გაინტერესებს, საიდანაა, რას წარმოადგენს… კვირა დღეა დასვენება და ამ დღეს მოუთმენლად ელოდება ნებისმიერი ემიგრანტი.
თქვენთვის რას ნიშნავს, იყო ემიგრანტი?
ემიგრაციაში, რაც არ უნდა კომფორტულად გრძნობდე თავს ოჯახში, სადაც მუშაობ, მაინც შებოჭილი ხარ – თავისუფლების მოყვარული ფრინველი ხარ, რომელიც საკუთარი ნებით შეპარულა სხვის გალიაში საარსებოდ. ამ გრძნობის გასაქრობად კვირა დღე მეხმარება – მაინც სხვა ენერგიით ივსები, როცა მეგობრებთან ერთად ხარ.
დიასპორული ორგანიზაციის წევრი ხართ?
კი, ქართველ ემიგრანტთა ორგანიზაციის – „ქართული სახლის“ წევრი ვარ, რომელიც ათენში დაარსდა. მისი პრეზიდენტია ქალბატონი დარეჯან ღამბაშიძე.
რას საქმიანობს „ქართული სახლი“?
„ქართულ სახლში“ ძალიან თბილი და მეგობრული გარემოა, იგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები… ქართველებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალება გვეძლევა.
როდის აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?
ვერ გეტყვით, როდის დავბრუნდები, თუმცა ძალიან მომენატრა ჩემი ოჯახი და ჩემი მშვენიერი საქართველო. იცით, მიხარია, რომ წმინდა ნინოს სახელი მქვია, ეს მეხმარება – მისი მფარველობის ქვეშ თავს ყოველთვის მშვიდად და დაცულად ვგრძნობ. სამაგალითო დედა მყავდა, ძლიერი პიროვნება იყო… დედა უფალს ყოველდღე მადლობას სწირავდა ლუკმაპურისთვის. საოცარი იმედი მქონდა მისი და მინდა, მასავით მეც ძალა და იმედი ვიყო ჩემი შვილებისთვის.
რას ეტყოდით ქართველ ემიგრანტებს?
ცხოვრების ეს რთული ეტაპიც გაივლის და ყველაფერი კარგად იქნება! მიყვარხართ, გეფერებით ათენიდან დიდი სიყვარულით!
ესაუბრა ქეთი კვირკველია
კომენტარები