ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

26 წლის ქართველი გოგონა ვარშავის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს

გოგონა, რომელსაც nostal.ge-ს კორესპონდენტი ესაუბრა, ჯერ მხოლოდ 26 წლისაა, მაგრამ საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს. იგი ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, სადაც სწავლობს და პარალელურად ასწავლის კიდეც – ლექციებს კითხულობს, თან სხვადასხვა სახის კვლევების კოორდინატორია. იგი ნამდვილად სამაგალითო ადამიანია და სასიხარულოა, როცა ჩვენს ქვეყანას უცხოეთში ასეთი ახალგაზრდები წარმოადგენენ.

თინათინ ახვლედიანი ძალიან დატვირთულია, მაგრამ ჩვენი საიტისთვის მოიცალა და რამდენიმე კითხვაზე ვარშავიდან გვიპასუხა.

თინა, რამდენი ხანია, რაც საქართველოდან წახვედი და რატომ? თავიდან სასწავლებლად წახვედი თუ სამუშაოდ?

ბოლო შვიდი წელია, რაც საქართველოში არ ვიმყოფები. თავდაპირველად გაცვლითი სასწავლო სტიპენდია მოვიპოვე თსუ-ში ბაკალავრიატზე სწავლის დროს და საბერძნეთში წავედი სასწავლებლად. შემდეგ, უკვე ერასმუს-მუნდუსის ორწლიანი გრანტით პოლონეთში ჩამოვედი მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად, რომლის დასრულების შემდეგაც ვარშავის უნივერსიტეტში დავიწყე ლექციების კითხვა. ასევე, ერთი წლის განმავლობაში ვმუშაობდი გუგლისა და ვარშავის უნივერსიტეტის მიერ დაარსებულ კვლევით ცენტრში მეცნიერ-თანამშრომლად. შემდგომ დოქტორანტურაში ჩავაბარე და უკვე კვლევითი გრანტების საფუძველზე მომიწია რამდენიმე თვით ამერიკაში (ინდიანა), შემდეგ ჩინეთში (შანხაი) და ბოლოს ავსტრიაში (ვენა) ცხოვრება და კვლევების წარმოება. ამჟამად ვხელმძღვანელობ პოლონეთის ეროვნული მეცნიერების ცენტრის მიერ გამოყოფილ სამწლიან საგრანტო პროექტს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ვაჭრობის თემატიკასთან დაკავშირებით და თან ვაგრძელებ ლექციების კითხვას ვარშავის უნივერსიტეტში (მაგისტრატურაში ვასწავლი საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკას, ბაკალავრიატში – მაკროეკონომიკას); ამასთანავე, დავიწყე ახალ ერთწლიან სამაგისტრო კურსზე სწავლა ევროპის კოლეჯში, რომელიც ბრიუგეში (ბელგია) მდებარეობს.

ზოგადად, ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, თვითმფრინავში საკმაოდ დიდ დროს ვატარებ, თუმცა წელს მაინც განსაკუთრებით ხშირად მიწევს ფრენა.

არ გაგიძნელდა უცხო ქვეყანაში ადაპტირება და თავის დამკვიდრება?

სიმართლე რომ გითხრათ, არა. თუ დამიჯერებთ, აქამდე სამსახურის ძებნა არც დამჭირვებია. ვარშავაში მაგისტრატურაში სწავლის დროს პოლონეთში საუკეთესო საერთაშორისო სტუდენტად დამასახელეს (40 000 საერთაშორისო სტუდენტიდან) და შემდეგ გუგლის კვლევის ცენტრშიც ჩემი ლექტორის რეკომენდაციით დავიწყე მუშაობა. ლექციების კითხვის შემოთავაზებაც დეკანისგან მივიღე მაშინვე, როგორც კი მაგისტრატურა დავასრულე. ანუ ჩემი გამოცდილებიდან რომ ვიმსჯელო, თუ იმდენს შრომობ, რომ „საუკეთესო“ გიწოდონ, მაშინ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადგილზე დაგტოვონ კიდევაც. ეს იმიტომ, რომ კარგი კადრი აქ ყველას ძალიან სჭირდება, ასაკისგან დამოუკიდებლად (ასაკით მე საკმაოდ პატარა ვარ იმ საქმეებისთვის, რომლებსაც ამჟამად ვხელმძღვანელობ).

რა არის შენი საყვარელი საქმე, ინტერესის ობიექტი?

ჩემი ინტერესის ობიექტი და საქმე არის კვლევა ეკონომიკურ საკითხებზე. ვაქვეყნებ სამეცნიერო სტატიებს საერთაშორისო ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის და ეკონომიკური ზრდის თემებზე. კვლევის გრანტებიდან გამომდინარე, ძირითადად, ჩემი კვლევები მოიცავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, თუმცა ვისურვებდი, რომ საქართველოზეც ვაკეთებდე ანალოგიურ კვლევებს. ამიტომ დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ აუცილებლად ვეცდები, დრო გამოვნახო და გრანტები მოვიძიო ქართული ეკონომიკის კვლევის პროექტების დასაფინანსებლად.

ძალიან მიყვარს ჩემს სტუდენტებთან ურთიერთობაც და რეალურად ძალიან დიდ ენერგიას ვიღებ ლექციების ჩატარებით. წლის განმავლობაში რამდენჯერმე მიწევს საერთაშორისო კონფერენციებზე მოხსენებით გამოსვლა, რაც ასევე ძალიან სასიამოვნო და პროდუქტიული პროცესია იმ კუთხით, რომ ვხვდები  უაღრესად ინტელექტუალურ ადამიანებს, მათ შორის, ნობელის პრემიის ლაურეატებსაც, რომლებიც საკმაოდ საინტერესო შეკითხვებს მისვამენ და საყურადღებო რჩევებს მაძლევენ ხოლმე.

როგორ ატარებ თავისუფალ დროს (თუ გრჩება საერთოდ)?

ჩემი საკმაოდ დატვირთული და „მობილური“ ცხოვრების წესის გამო, დღე თუ მკაცრად არ დავგეგმე, თავისუფალი დრო ნამდვილად არ მრჩება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ, ემოციურ ბალანსს საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ და თუკი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, ყოველთვის სპორტს და ჩემს ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობას ვუთმობ; შემდეგ მოდის მუსიკა და ხატვა. სპორტი არის ჩემი ყოველდღიური რუტინის კომპონენტი და კვირის განმავლობაში დაახლოებით 20-25 კილომეტრს დავრბივარ; ასევე, კვირაში ერთხელ დავდივარ იოგაზე. სირბილი ჩემთვის ალბათ ყველაზე დიდი განტვირთვის საშუალება და, რეალურად, თავისუფალი დროის კარგი „ინვესტიციაა“.

ამას გარდა, ვუკრავ პიანინოზე, სისტემატურად ვმღერი უნივერსიტეტის გუნდში და ვხატავ. ჩემი და პიანინოს ურთიერთობა უფრო აეროპორტებს უკავშირდება, სადაც ყოველთვის ვუკრავ ნახევარ საათს მაინც ფრენის წინ. რომელიმე გამვლელი ტურისტი ყოველთვის მიღებს ხოლმე ვიდეოს და მიკვირს, რომ ჩემი თავი ინსტაგრამის ლაივ ვიდეოებში ჯერ კიდევ არ მიპოვნია. 🙂

ხატვას, ძირითადად, მაშინ მივყოფ ხოლმე ხელს, როცა ზედმეტად ემოციური განწყობა მეუფლება, ან როცა ახლობელი ადამიანის დაბადების დღეა და მინდა ჩემი ნახატი ვაჩუქო. თვითმფრინავში, როდესაც 8 საათზე უფრო ხანგრძლივი ფრენა მიწევს, პრეზენტაციის მომზადების შემდეგ თუ არ დამეძინა, ფილმებს ვუყურებ ხოლმე.

ძირითადად, რომელ ქალაქში ცხოვრობ?

ამ ეტაპზე ვცხოვრობ ვარშავასა და ბრიუგეში. ბრიუგეში ევროპის კოლეჯში ვსწავლობ, ხოლო ვარშავაში, როგორც გითხარით, უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ, აგრეთვე, პოლონეთის ეროვნული მეცნიერების ცენტრის კვლევით საგრანტო პროექტს ვხელმძღვანელობ.

იცნობ მანდ მოღვაწე ქართველებს?

ვარშავაში ვიცნობ ბატონ დავით ყოლბაიას, რომელიც ჩემთვის სამაგალითო პიროვნებაა და უდიდეს პატივს ვცემ. იგი ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტზე მოღვაწეობს და ისტორიკოსობასთან ერთად არის ქართველოლოგიც. ასევე ვიცნობ ქართველ ახალგაზრდებსაც, თუმცა ჩემი ძალიან დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახერხებ მათთან შეხვედრას. დედაჩემიც კი წუხს ხოლმე, როცა მეგობრებს ვაცნობ და არცერთი არ არის მათგან ქართველი. თუმცა ვარშავის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე პირველი ქართველი დოქტორანტი ვარ და არც სხვა ქართველი ლექტორი გვყავს, შესაბამისად, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ქართველებთან შეხვედრა არ მიწევს. ბრიუგეში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა და 6 ქართველი სტუდენტი ვართ. ძალიან გონებაგახსნილი, კეთილი და განათლებული ახალგაზრდები არიან.  გამიმართლა, რომ მათ შევხვდი და ჩემს სამეგობრო წრეს ახალი ქართველები მეგობრებიც შეემატნენ.

თინა, მომავალში რა გეგმები გაქვს?

რაღა დაგიმალო და – ცოტა დავიღალე, ამიტომ ამ სამაგისტრო პროგრამის დასრულებისა და დოქტორის ხარისხის მოპოვების შემდეგ ცოტა ხნით სწავლისგან უნდა დავისვენო. ივნისში ან ივლისში საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებ. ყოველთვის ჩამოვდივარ, როცა დროს გამოვნახვ ხოლმე, ჩემი ახლობლებისა და მეგობრების სანახავად, ჩემს ულამაზეს და უსაყვარლეს სამშობლოში, რომელიც სულ მენატრება.

კიდევ უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ.

გმადლობ.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close