„112“-ის ახალი ინოვაციური აპლიკაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი – „112“-ის მობილური აპლიკაცია შექმნა, რომელიც მოქალაქეებს ჩუმი განგაშის გაგზავნის და ოპერატორთან მიმოწერის საშუალებას აძლევს.

აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ და რუსულ ენებზე. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ჩატვირთოს ის თავის ტელეფონში და ისარგებლოს.

„112“-ის ახალი მობილური აპლიკაციის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურის ჯგუფის მისვლის დროს შემთხვევის ადგილზე.

აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩათი“). ამ ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც საუბრის საშუალება არ აქვს, ან ზარის განხორციელებით საფრთხე ექმნება.

აღსანიშნავია, რომ მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი და მათ დღეიდან საქართველოც შეემატა.

ახალი პროექტის პრეზენტაცია „112“-ის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ამ დღის აღსანიშნავად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, მოადგილეებთან ერთად, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის რუსთავის „ქოლცენტრს“ ეწვია.

ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა „112“-ის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და „112“-ის ეფექტიან მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

11 თებერვალს „112“-ის დღეს მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს. მისი მიზანია მოსახლეობაში „112“-ის ცნობადობის გაზრდა.

წყარო: პირველი არხი

კომენტარები