პოლიტიკაnewsსაბერძნეთი

საბერძნეთი კუნძულ კასტელორიზოზე დამატებით სამხედრო ძალებს გზავნის

ბერძნული გაზეთი „ესტია“ საბერძნეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კუნძულ კასტეორიზოზე სამხედრო ძალებია მობილიზებული. მიღებულია ზომები სავარაუდო თურქული დესანტის მოსაგერიებლად.

გაზეთი იტყობინება, რომ კუნძულზე საბერძნეთის სახმელეთო და საზღვაო ძალების მსხვილი შენაერთებია კონცენტრირებული. გამორიცხული არ არის, გენშტაბმა წყალქვეშა ნავიც გააგზავნოს ბერძნული შენაერთების მხარდასაჭერად. საგულისხმოა, რომ კუნძულის მცხოვრებლებშიც ვრცელდება ინფორმაცია თურქების მოსალოდნელი აგრესიის შესახებ. არსებობს ვარაუდი, რომ თურქები შეეცდებიან კუნძულზე ლტოლვილებთან ერთად გაგზავნონ კერძო პირები, რომლებიც პროვოკაციებს მოაწყობენ.

შეგახსენებთ, რომ კასტელორიზო საბერძნეთის აღმოსავლეთით მდებარე ყველაზე შორეული კუნძულია, რომელიც თურქეთის სანაპიროსგან სულ რაღაც 1.25 საზღვაო მილის (ერთი საზღვაო მილი უდრის 1,852 კმ-ს) დაშორებით მდებარეობს, ხოლო კუნძულ როდოსს მას 72 საზღვაო მილი აშორებს. ამდენად, აღნიშნული კუნძულის დაცვა, სამხედრო თვალსაზრისით, საბერძნეთისთვის უკიდურესად ძნელია, მით უმეტეს, რომ კასტელორიზოსთან ახლოს მდებარეობს დიდი თურქული სამხედრო-საჰაერო ბაზა „დალამანი“.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ამჟამად არსებული კრიზისი, უმთავრესად, კვიპროსის საზღვაო აკვატორიაში აღმოჩენილი ენერგომატარებლების ექსპლუატაციის საკითხის გამო შეიქმნა. თურქეთი ენერგორესურსების მოპოვებით მიღებული შემოსავლის წილს ითხოვს. კუნძული კასტელორიზო თავისი მდებარეობით ზღუდავს თურქეთის საზღვაო აკვატორიას და საშუალებას არ აძლევს მას, დაასაბუთოს საკუთარი პრეტენზიები. ამდენად, თურქეთის ხელისუფლების ამოცანაა, შეზღუდოს საბერძნეთის სუვერენიტეტი კუნძულის ირგვლივ არსებულ საზღვაო ზონაში.

ცხადია, საბერძნეთი აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს აცხადებს. ამდენად, გამორიცხული არ არის, თურქეთი შეეცადოს, ძალადობრივად მიითვისოს მეზობელი სახელმწიფოს კუთვნილი კუნძული და ფაქტობრივი მდგომარეობის შეცვლით სცადოს ბერძნებზე ზემოქმედების მოხდენა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close