მედიცინა

დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების უნარი და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ დაფიქსირებულია კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 ადამიანშია აღმოჩენილი. მისი თქმით, შესაძლოა, კორონავირუსის ახალ ვარიანტს „ომიკრონის“ გავრცელება და „დელტას“ სიმძიმე ახასიათებდეს.

ამასთან, ცერცვაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით რაიმე ახალ სიმპტომებზე საუბარი არ არის.

რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარსელის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომელიც ჯერ არ არის დადასტურებული, მაგრამ მაინც ჩანს, რომ დაფიქსირებულია ახალი შტამი და რომ ეს ახალი შტამი მათ დააფიქსირეს, სულ ცოტა, 17 ადამიანში აშშ-სა და ევროპაში; მათგან სამი შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში. ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული „დელტასი“ და „ომიკრონის“, პირობითად მას დაარქვეს „დელტამიკრონი“ ან „დელტაკრონი“.

„რამდენადაც ცოტა შემთხვევაა დადასტურებული, ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე, ან მსუბუქი მიმდინარეობა ექნება. შესაძლოა ამ შტამს ჰქონდეს „ომიკრონის“ გავრცელების უნარი, გადამდებლობა და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე. ჯერჯერობით 17 შემთხვევაა დადასტურებული, ამიტომ  ეს მსჯელობა მხოლოდ ახალი შტამის სტრუქტურის მეცნიერულ ანალიზს ეყრდნობა. სიმპტომებზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ არის, როგორც ჩანს, მას ჩვეულებრივი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ახასიათებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ჩვენი მკითხველისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიური და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერებმა გაავრცელეს განცხადება, რომ აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე. წ. ჰიბრიდს წარმოადგენს. თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ შტამის არსებობა არ დაადასტურა. მაშინ კვიპროსელმა ვირუსოლოგმა პროფესორმა კოსტრიკისმა აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი „დელტაკრონის“ ინფექციურობის ხარისხსა და იმაზე, რომ შესაძლოა მან „ომიკრონი“ ჩაანაცვლოს. ზოგიერთი სპეციალისტი პირიქით ფიქრობდა, რომ „ომიკრონი“ მას გამოდევნის. კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრი მიხალის ხაჯიპანდელასი კი აცხადებდა, რომ ახალი ვარიანტი, სავარაუდოდ, დიდი შეშფოთების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან ის წარმოადგენს ორი ვარიანტის ჰიბრიდს, რომლებიც უკვე არსებობენ.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close