პოლიტიკაკრიმინალი

ჰააგის ტრიბუნალმა სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა – საქართველოს მორიგი გამარჯვება 2008 წლის ომის საქმეზე

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გამოსცა მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანება გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ, ესენი არიან:

  • მიხაილ მინძაევი (აგვისტოს ომის პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი);
  • ჰამლეტ გუჩმაზოვი (აგვისტოს ომის პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი);
  • დავით სანაკოევი (აგვისტოს ომის პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი).

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოიკვეთა აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (იმ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ შეუწყო ხელი ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ აღნიშნული პირების მიერ 2008 წლის 8-დან 27 აგვისტომდე პერიოდში ჩადენილია შემდეგი დანაშაულები: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და გადაცემა.

„ჩემი შუამდგომლობა აღნიშნული პირების დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე კონკრეტულად ეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთის, სასტიკი მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდეგ ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირების უკანონო გადაყვანის ფაქტებს რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის კონტექსტში. გამოძიებამ ასევე დაადგინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორ ვიაჩისლავ ბორისოვის სავარაუდო როლი, რომელიც განზრახ უწყობდა ხელს ზოგიერთი დანაშაულის აღსრულებას. ბორისოვი ახლა გარდაცვლილია.

მომხდარის დროს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი სამოქალაქო პირების უმეტესობა გაიქცა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები განდევნეს, რუსულმა და, პირველ რიგში, სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავება. მათი უმეტესობა მოხუცი და მძიმე დაავადების მქონე პირი იყო, რომლებსაც არ შეეძლოთ და არ უნდოდათ საკუთარი სახლების მიტოვება. მათ არ წარუდგინეს დაპატიმრების მიზეზი და არც საპროცესო უფლებები იყო დაცული. მტკიცებულებით დადგინა, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ანტისანიტარიასა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში იმყოფებოდა. მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ, სცემდნენ, აწამებდნენ“, – ნათქვამია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის განცხადებაში.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მინძაევისგუჩმაზოვისა და სანაკოევის დაკავება აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოზე მათი გამოცხადება და ის, რომ ისინი არ შეუქმნიან საფრთხეს გამოძიებას ან სასამართლო მოსმენებს.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წლის ომის საქმეზე საქართველოს მორიგი გამარჯვებაა და ქართული მხარე გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საერთაშორისო მართლმსაჯულება აღსრულდეს საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე:

„რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტი) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წადგნენ.

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით“, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

„დოკუმენტში ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად არის დადასტურებული, რომ ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას“, –  განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის, თქმით, „საქართველოსთვის, რომლის მთავარი გამოწვევა და პრობლება არის ოკუპაცია, სამართლებრივი ინსტრუმენტებით შეიარაღება და, შესაბამისად, ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ“, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან წელს 14 წელი სრულდება. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება 2016 წლის იანვარში დაიწყო და შესასწავლად განსაზღვრა პერიოდი 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close