მსოფლიოპოლიტიკა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის მოლაპარაკება გაიმართა

ცოტა ხნის წინ დასრულდა თურქეთის ქალაქ ანტალიაში მოლაპარაკება უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის. მოლაპარაკება თურქეთის, კერძოდ კი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ინიციატივით გაიმართა, კოლეგებს ანტალიაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ უმასპინძლა, რომელიც მოლაპარაკებების პროცესს ესწრებოდა. საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ ლავროვმა და კულებამ ცალ-ცალკე პრესკონფერენციები გამართეს სხვადასხვა დარბაზში, თუმცა ერთსა და იმავე დროს. 

ანტალიის შეხვედრას, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო, მსოფლიო სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი ასობით ჟურნალისტი აშუქებდა, მათ შორის, საქართველოდანაც.

მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მას უშედეგო უწოდა. მისი თქმით, იგი ჩავიდა კონკრეტული შეთანხმების მისაღწევად და ჰქონდა უფლებამოსილება, გადაწყვეტილება მიეღო მაგ., ჰუმანიტარული დერეფნების საკითხზე, ან ნებისმიერ დროს ტელეფონით დაკავშირებოდა პრეზიდენტ ზელენსკის და გადაწყვეტილების მიმღებ სხვა პირებს, ლავროვს კი ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ის მხოლოდ „მოსასმენად ჩავიდა ანტალიაში“.

როგორც კულებამ განაცხადა პრესკონფერენციაზე, მხარეები ვერ შეთანხმდნენ ვერც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ლავროვისგან ვერც ქალაქ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის საჭირო ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზების დაპირება მოისმინა.

„მე ამ შეხვედრაზე ორი მიზნით ჩამოვედი, პირველია მარიუპოლის მიმართულებით და იქიდან ჰუმანიტარული კორიდორის ორგანიზება. ამ ქალაქში ჰუმანიტარული თვალსაზრისით ახლა ყველაზე უფრო რთული მდგომარეობაა და მოგველაპარაკა თუნდაც 24 -საათიან ზავზე, რათა მოგვარებულიყო მოსახლეობის პრობლემები“, – განაცხადა კულებამ, თუმცა, მისი თქმით, ვერცერთ საკითხზე სათანადო პასუხი ვერ მიიღო.

ლავროვმა, თავის მხრივ, თქვა, რომ რუსეთი განწყობილია უკრაინასთან სერიოზული დიალოგისთვის. მან დაადასტურა, რომ მოსკოვის ინიციატივა ჰუმანიტარული დერეფნების ყოველდღიურად გახსნის შესახებ ძალაში რჩება, თუმცა, ლავროვის თქმით, დიალოგის ძირითადი არხია რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის ტერიტორიაზე, სადაც სამი რაუნდი უკვე შედგა და რუსეთი საკუთარ წინადადებებზე უკრაინის პასუხს  ელოდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიაში ისევ გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინას თავს არ დასხმია, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაციაა“ უკრაინის „დენაციფიკაციისთვის“, რომ „არ აპირებს ამ ქვეყნის ოკუპაციას და არც სხვა ქვეყნებზე თავდასხმას გეგმავს“.

პუტინის და ზელენსკის პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ლავროვმა განმარტა, რომ პუტინი არ გაურბის პირისპირ შეხვედრას, თუმცა ეს არ უნდა იყოს „შეხვედრა შეხვედრისთვის“ და მის მოსამზადებლად საჭიროა მუშაობა, რათა შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებები იყოს მომზადებული.

ლავროვმა პირდაპირ არ უპასუხა ერთ-ერთი უცხოური მედიასაშუალების წარმომადგენლის კითხვას, თუ რა დანახარჯები აქვს რუსეთის არმიას და მის შეიარაღებაზე, თქვა, რომ კითხვა კარგად ვერ გაიგო და პასუხი სულ სხვა მიმართულებით წარმართა. მან გააკრიტიკა ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო და თქვა, რომ ეს არის ტერორიზმის გაძლიერებისთვის სერიოზული საფრთხე, რადგან ეს საზენიტო გადასატანი სისტემები შესაძლოა მომავალში ტერორისტების ხელში აღმოჩნდეს და მათ სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ გამოიყენონ.

„რაც შეეხება გარედან იარაღის მიწოდებას, ევროკავშირის ქვეყნები არღვევენ პრინციპებს, რომ გზავნიან იარაღს უკრაინაში. სად მოხვდება საზენიტო გადასატანი სისტემები შემდეგ, ეს გაურკვეველია. ეს დიდი ხნის განმავლობაში შექმნის საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის. რუსეთი არ დასხმია თავს უკრაინას და არ გეგმავს სხვა ქვეყნებზე თავდასხმას. შეიქმნა პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის. ჩვენ არავინ არ მოგვისმინა. პუტინმა ამაზე არაერთხელ განაცხადა. რესპუბლიკებზე თავდასხმა თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. აქვე საინტერესოა, რას აკეთებს პენტაგონი უკრაინის ტერიტორიაზე ბიოლაბორატორიებში. აშშ-ში ამ ინფორმაციას უარყოფენ, ევროკავშირში კი ინფორმაციას არ ფლობენ. გაერომაც განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია… ამერიკელები ამას ძალიან საიდუმლოდ აკეთებენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აკეთებენ ლაბორატორიებს რუსეთის მახლობლად. ის, ვინც ავსებს უკრაინას იარაღით, ის არის შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი“, – განაცხადა ლავროვმა.

უნდა ითქვას, რომ პრესკონფერენციის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშკარად იყო „не в своей тарелке“, როგორც რუსები ამბობენ და მოუსვენრობა ეტყობოდა – განსაკუთრებით გააღიზიანა იგი უკრაინელი ჟურნალისტის კითხვამ ყირიმთან დაკავშირებით. ჟურნალისტის თქმით, თურქეთმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს რუსეთი ყირიმელი თათრების წინააღმდეგ, რომ ცოტა ხნის წინ მათ ყირიმელი თათარი ქალიც მოიტაცეს – ზაპოროჟიეს საოლქო საბჭოს დეპუტატი, ყირიმელი თათარი, ლეილა იბრაგიმოვა. „თქვენ ახალ დონეზე გადახვედით… აქამდე ქალებს არ იტაცებდით“, – უთხრა ჟურნალისტმა ლავროვს.

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დღეებში აცხადებენ, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ შეწყდება, თუ უკრაინა ნეიტრალურ სტატუსს დათანხმდება, ყირიმს აღიარებს რუსეთის ტერიტორიად და დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობას“ ცნობს. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე არ გამორიცხავენ, არის მსჯელობის დაწყება უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს. ზელენსკი პუტინთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს და ამბობს, რომ ომის შეწყვეტა მხოლოდ ამ შეხვედრას შეუძლია. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ წინააღმდეგობრივ საკითხებზე პოლიტიკური ვარიანტების შეთავაზება შეუძლია.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თურქეთი მზად არის, უმასპინძლოს პირისპირ შეხვედრას უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პუტინს შორის.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close