მედიცინაჯანმრთელობა

ტვინის და სისხლძარღვების დაბერების შენელება მარტივი საშუალებით

მეცნიერები გამუდმებით ეძებენ ორგანიზმის დაბერების პროცესების შენელების საშუალებებს. როგორც გაირკვა, ამას ხელს უწყობს ბაქტერიები, რომლებიც ადამიანის პირის ღრუში ბინადრობენ. მათ კი ამისთვის  ბოსტნეულში არსებული ნიტრატები სჭირდებათ.

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბევრი მცენარე შეიცავს არაორგანულ ნაერთებს – ნიტრატებს (აზოტმჟავას მარილები). საქმე ისაა, რომ ნიტრატები ფართოდ გამოიყენება სასუქად. დიდი რაოდენობითაა ნიტრატები ჭარხალში, ფოთლოვან სალათაში, ისპანახში, ნიახურსა და სტაფილოში.

ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ნიტრატები მავნეა და ეს აზრი ფართოდაა გავრცელებული, თუმცა ბოლო წლების გამოკვლევები სულ უფრო ხშირად უჩვენებს ამ შეხედულების საწინააღმდეგო სურათს, რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია ამ ნივთიერებების ისეთ რაოდენობაზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენს პირის ღრუში მცხოვრები ბაქტერიების წყალობით საკვებში არსებული ნიტრატები აზოტის ოქსიდად (NO) გარდაიქმნება, აზოტის ოქსიდი კი სისხლძარღვების მუშაობის რეგულაციასა და ნეიროტრანსმისიაში (ქიმიური სიგნალების გადაცემა ტვინისთვის) მონაწილეობს – ეს ნივთიერება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის სწორ მუშაობაში.

აზოტის ოქსიდის შინაგანად გამოყოფა ასაკოვან ადამიანებში ხშირად ნელდება და ამ პროცესს უკავშირებენ მეცნიერები ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გაუარესებას.

ექსეტერის უნივერსიტეტის (the University of Exeter, დიდი ბრიტანეთი) მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომ ჭარხლის წვენის მიღება ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის ზრდას 70-80 წლის ადამიანების პირის ღრუში, ამავე დროს, „მავნე“ ბაქტერიების რაოდენობა ექსპერიმენტის დროს შესამჩნევად შემცირდა.

კვლევა 20 დღეს გაგრძელდა და მასში 26-მა ჯანმრთელმა ხანდაზმულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი 10 დღის განმავლობაში დღეში ორჯერ სვამდნენ ნიტრატებით მდიდარ ჭარხლის წვენს, ხოლო მომდევნო ათი დღე – „პლაცებო წვენს“ ნიტრატების გარეშე.

აღმოჩნდა, რომ ჭარხლის წვენმა კეთილსაიმედო გარემო შექმნა ბაქტერიებისთვის, რომელთა არსებობა ორგანიზმში გულის, სისხლძარღვებისა და ტვინის კარგ მუშაობას უკავშირდება. ექსპერიმენტის მონაწილეებს შესამჩნევად შეუმცირდათ სისტოლური (ე. წ. „ზედა“) წნევა.

მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს მიკრობიომის (ყველა ბაქტერია) ცვლილებები მონაწილეთა პირის ღრუში. მათ გამოყვეს  ბაქტერიათა კლასტერები, რომლებიც, როგორც წესი, ერთნაირ პირობებში მრავლდება.

გაირკვა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეთა მიერ ნიტრატების დანამატების მოხმარების შემდეგ შემცირდა ბაქტერიების რაოდენობა „პრევოტელა-ვეილონელას“ კლასტერიდან – ამ ბაქტერიებს უკავშირებენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას. აგრეთვე, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ შემცირდა Clostridium difficile-ის სახეობის ბაქტერიების რაოდენობა, რომლებსაც ნაწლავური სისტემის ინფიცირება და დიარეის გამოწვევა შეუძლიათ.

ეს სამუშაო ექსეტერას სამედიცინო სკოლის მეცნიერების ერთობლივი კვლევის ნაწილია პირის ღრუს მიკრობიომისა და ტვინის კოგნიტიური უნარების კავშირზე. მკვლევრები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ შეუწყობს ხელს სწორი დიეტა ხანდაზმული ადამიანების კოგნიტიური უნარების გაქრობის შენელებას.

„ეს დასკვნები ბევრს ნიშნავს ჯანმრთელი დაბერების შესახებ კვლევებისთვის. დიეტაში ნიტრატებით მდიდარი პროდუქტების დამატება სულ რაღაც 10 დღეში აუმჯობესებს პირის ღრუს მიკრობიომს (ბაქტერიების მიქსი). ასეთი ჯანმრთელი მიკრობიომის ხელშეწყობას ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ასაკის მატებასთან ერთად ტვინის დაბერებისა და სისხლძარღვების ცვეთის შენელება შეუძლია“, – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ანი ვანჰატალო (Anni Vanhatalo) ექსეტერის უნივერსიტეტიდან.

კვლევა გამოცემა Redox Biology-ში გამოქვეყნდა. 

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close