იტალიის პარლამენტში 24 იანვარს გამართულ გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც რესპუბლიკის მე-13 პრეზიდენტის ასარჩევად პირველი ტური გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა.
ხმის მიცემის შემდეგ, რომელიც თითქმის 5 საათს გაგრძელდა, 1008 ბიულეტენიდან უმეტესობა ცარიელი აღმოჩნდა. ხმის მიცემის მეორე რაუნდი დღეს, ადგილობრივი დროით 15 საათზე დაიწყება.
ყველაზე სავარაუდო კანდიდატად მოქმედი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ითვლებოდა, თუმცა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები (მათ შორის, მემარჯვენე „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი) შიშობენ, რომ მთავრობის მეთაურის პოსტიდან მარიო დრაგის წასვლა მორიგ პოლიტიკურ არასტაბილურობას გამოიწვევს.
ორშაბათს მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ მემარჯვენე ცენტრისტული პარტიები მუშაობენ, რათა რამდენიმე „ხარისხიანი კანდიდატი“ წამოაყენონ და ამით მიანიშნა, რომ მარიო დრაგის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ იქნება.
სალვინი დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ენრიკო ლეტას და „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერს ჯუზეპე კონტეს შეხვდა და შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ“ და სამშაბათს ისევ გეგმავენ შეხვედრას.
მისი თქმით, რადგან ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების 2/3, მეორე ტური გაიმართება 25 იანვარს, 15 საათიდან (თბილისის დროით 18 სთ).
კენჭსყრის შედეგებიდან აღმოჩნდა, რომ 672-მა ამომრჩეველმა ბიულეტენი ცარიელი დატოვა, 88-მ კი ბიულეტენი „გააფუჭა“ – პროტესტის ნიშნად ხუმრობით ხმა მისცეს სიაში არმყოფ კანდიდატებს, მაგ., ტელეწამყვანებს, გარდაცვლილ პოლიტიკოსებს, ან იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილ მეკარეს დინო ძოფის. გაუქმებულად ჩაითვალა კიდევ 49 ბიულეტენი ტექნიკური ხარვეზების გამო.
პირველი ტურის ასეთი შედეგი მოსალოდნელი იყო, რადგან მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა წინასწარ განაცხადეს, რომ ცარიელ ბიულეტენებს მოათავსებდნენ საარჩევნო ყუთში. თანაც არჩევნების დაწყებამდე მათ შეთანხმება ვერ მოახერხეს მისაღებ კანდიდატზე.
მათგან, კი ვინც ნამდვილად მისცა ხმა, 36-მა უპირატესობა მიანიჭა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს პაოლო მადალენას, ხოლო 16-მა ამომრჩეველმა – ამჟამინდელ პრეზიდენტს, სერჯო მატარელას.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ამომრჩეველთა შორის 321 სენატორია, მათგან 6 – სიცოცხლის ბოლომდე სენატორი (ხანდაზმული ასაკისა და ინვალიდობის მიუხედავად პირველ ტურში მათგან 5-მა ხმა მისცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია მხოლოდ საპატიო პრეზიდენტს, 96 წლის ჯორჯო ნაპოლიტანოს), 630 – დეპუტატი (ქვედა პალატიდან) და 58 იტალიის 20 ოლქის რეგიონული საბჭოების მიერ არჩეული კოლეგიის წევრები.
კორონავირუსით ინფიცირებულმა ან კარანტინში მყოფმა დეპუტატებმა, სენატორებმა და რეგიონული ხელისუფლებების წარმომადგენლებმა პარლამენტის პარკინგზე მდგარი სასწრაფო დახმარების მანქანებიდან მიიღეს მონაწილეობა პირველი ტურის კენჭისყრაში.
შეგახსენებთ, რომ კოლეგიის მიერ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ასარჩევად ფარული კენჭისყრა რამდენიმე ტურად იმართება ერთდღიანი ინტერვალით. თითოეული ტური დაახლოებით 5 საათს გრძელდება.
ბევრი დეპუტატის აზრით, იტალიის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მე-4 ტურზე ადრე ანუ ხუთშაბათამდე არ გაირკვევა. მე-4 ტურში კანდიდატს გამარჯვებისთვის 505 ხმა ჰყოფნის (1009-ის ნახევარს პლუს 1). იყო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ასარჩევად 23 ტური გახდა საჭირო – ეს მოხდა 1971 წელს, როდესაც მხოლოდ 23-ე ტურში მოახერხა ჯოვანი ლეონემ აბსოლუტური უმრავლესობის (50%-ს + 1) მოგროვება და პრეზიდენტი გახდა.
და კიდევ ერთი შენიშვნა: კონსტიტუციის თანახმად, რესპუბლიკის პრეზიდენტი არ უნდა იყოს 50 წელზე ახალგაზრდა.
ახალი პრეზიდენტი 7-წლიანი ვადით შეცვლის მოქმედ პრეზიდენტს – სერჯო მატარელას, რომლის უფლებამოსილების ვადა 3 თებერვალს იწურება.
სხვათა შორის, ბოლოს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა ყველაზე მეტ რაოდენობას (25%) სურს, ქვეყნის პრეზიდენტად სერჯო მატარელა დარჩეს. თავად იგი უარს აცხადებდა მეორე ვადით არჩევაზე, თუმცა ახლა უკვე დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტის პოსტზე ისევ 80 წლის სერჯო მატარელა ვიხილოთ.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები