ავსტრიაში ქირურგმა პაციენტს ჯანმრთელი ფეხი მოჰკვეთა – როგორ ისჯება საექიმო დანაშაული
ავსტრიელი ქირურგი პაციენტისთვის მტკივანის ნაცვლად ჯანმრთელი ფეხის მოკვეთისთვის დააჯარიმეს. შემთხვევა მიმდინარე წლის მაისში მოხდა, არც მეტი – არც ნაკლები, შუაგულ ევროპაში, ავსტრიის ქალაქ ფრაიშტადში (Freistadt), ლინცის (Linz) რეგიონულმა სასამართლომ კი განაჩენი გუშინ, პირველ დეკემბერს გამოიტანა. დაზარალებული, 82 წლის მამაკაცი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. იგი კლინიკიდან გაწერის შემდეგ სახლში გარდაიცვალა.
43 წლის ქირურგ ქალს, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა, სასამართლომ 2 700 ევრო დააკისრა ჯარიმის სახით „ადამიანური შეცდომისთვის“, საიდანაც ნახევარი შეუჩერა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ დათვალეს ჯარიმა. 5000 ევროს კომპენსაციას კი გარდაცვლილის ქვრივი მიიღებს, რომელმაც სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
როდესაც ხანდაზმული პაციენტი ფრაიშტადის კლინიკაში შევიდა ფეხის ამპუტაციისთვის, ქირურგმა მონიშვნა შეცდომით ჯანმრთელ თეძოზე გააკეთა და შედეგად პაციენტს ჯანმრთელი ფეხი მოჰკვეთეს. ქირურგმა თავისი შეცდომის შესახებ ოპერაციიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაიგო.
სპეციალურ პრესკონფერენციაზე კლინიკის ხელმძღვანელობამ შეცდომისთვის ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ამ სამწუხარო ფაქტის მიზეზები და გარემოებები გულმოდგინედ გააანალიზეს. თავად ქირურგმა კითხვებს უპასუხა და საოპერაციო სისტემაში კონტროლის ჯაჭვის ხარვეზზე ისაუბრა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან კლინიკა დატოვა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები