ერთ სოფელში ერთ თვეში ზედიზედ 3 თვითმკვლელობა მოხდა – მკვლელი, უწყინარი სახელით „ლურჯი ვეშაპი“, საქართველოში დაბრუნდა
დაბრუნდა თუ არა ე. წ. ლურჯი ვეშაპი საქართველოში? ერთ სოფელში ერთ თვეში ზედიზედ უკვე 3 თვითმკვლელობა მოხდა. „კურიერის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა ასაკი 22 წლამდეა. ბოლო მსხვერპლი არასრულწლოვანია, რომელმაც თავი იმავე მეთოდით მოიკლა, როგორც დანარჩენმა ორმა.
მივიწყებულ საშიშ ინტერნეტთამაშზე ისევ ალაპარაკდნენ. დაზუსტებით არავინ იცის, მაგრამ ეჭვობენ, რომ ახალგაზრდების და, მათ შორის, არასრულწლოვანების სუიციდი სოციალურ ქსელში დაიგეგმა.
თვითმკვლელობის სცენარი ყველა შემთხვევაში ერთია, მსხვერპლი ახალგაზრდები კი ერთმანეთისთვის არც ისე ახლობლები არიან, მაგრამ სოფელში მაინც ცდილობენ, იპოვონ კავშირი ამ სამ ისტორიასთან.
ბოლო შემთხვევა სოფელში 4 დღის წინ მოხდა, მსხვერპლი 15 წლის ბიჭია. ამბობენ, რომ მისთვის რაიმე საეჭვო არასდროს შეუნიშნავთ, არც ოჯახის და არც მოზარდის პირადი პრობლემების შესახებ სმენიათ. მომხდარზე საუბარი არ ისურვეს სკოლაში.
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ თინეიჯერის თვითმკვლელობის მიზეზი ინტერნეტთამაშია, ჩნდება კითხვაც, მართლაც არსებობს თუ არა ვირტუალური მკვლელი. სპეციალისტები ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია მიზეზს, რადგან ყოველთვის არსებობს მაპროვოცირებელი, პრევენცია კი პრობლემების მხოლოდ ადრეულ ეტაპზე ამოცნობაა.
როგორ მუშაობს საშიში ინტერნეტთამაში ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე – უფლებადამცველები საერთო სქემაზე საუბრობენ. ანა არგანაშვილი განმარტავს, რომ ისინი ცდილობენ, დათრგუნონ ბავშვების ფსიქიკა, აშინებენ და ემუქრებიან.
„აუცილებელია, მოზარდებს ვასწავლოთ თავის დაცვა, ვუთხრათ, რომ ეს არის უკანონო და ამის ჩამდენის ადგილი არის ციხეში“, – ამბობს ანა არგანაშვილი.
ბავშვთა სუიციდის პრევენციის პროგრამა საქართველოში არ მოქმედებს, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არც სტატისტიკა საჯაროვდება. თემის გაშუქებისას მაღალია მედიის პასუხისმგებლობაც. ბავშვებმა და მშობლებმა კი უნდა იცოდნენ, რომ არსებობენ ადამიანები და უწყებები, რომლებიც დაეხმარებიან, დაიცვან მათი სიცოცხლე და გამოავლინონ დამნაშავეები.
მკვლელი, უწყინარი სახელით „ლურჯი ვეშაპი“
„ლურჯი ვეშაპია“ იმ ვირტუალური ვითომ თამაშის სახელწოდებაა, რომლითაც მისი ადმინისტრატორები, ანუ ჩვეულებრივ მკვლელთა ჯგუფი, ე. წ. კურატორის მეთაურობით, იზიდავენ მოზარდებს, ითრევენ ვითომდა საოცრად საინტერესო თამაშში, აძლევენ უცნაურ დავალებებს, მოგვიანებით გადადიან მოთხოვნებზე, ულტიმატუმებზე, მუქარაზე და ისედაც ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მოზარდები მთლიანად გამოყავთ მდგომარეობიდან.
მკვლელთა ამ ჯგუფის საბოლოო მისია მოთამაშის ანუ პოტენციური მსხვერპლის თვითმკვლელობაზე დათანხმებაა, რითაც ის – სუიციდის ჩამდენი – თითქოსდა რჩეულთა სიაში მოხვდება და საკუთარ „წმინდა მისიას“ შეასრულებს.
„წმინდა მისიას“ უკვე შეეწირა ბევრი მოზარდის სიცოცხლე პოსტსაბჭოთა სივრცეში.
საქართველოში უკვე დაფიქსირდა სუიციდის არაერთი შემთხვევა, რომელიც „ლურჯი ვეშაპს“ უკავშირდება და როგორც დინამიკა გვიჩვენებს, ამ საშინელების დასასრული ჯერ კიდევ არ ჩანს.
კომენტარები