მსოფლიოპოლიტიკა

ენერგოკრიზისი ევროპაში – გაზის, დენის, ბენზინის და დიზელის ფასები რეკორდულად იზრდება

ევროპაში ყველაზე მაღალი ფასები ელექტროენერგიაზე საბერძნეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ხორვატიაშია

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება, რამაც თითქმის მთლიან კონტინენტზე გამოიწვია ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 1975 წლის შემდეგ არ ყოფილა. 

Intercontinental Exchange, Inc.-ის (ICE) მონაცემებით, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში 600%-ით გაიზარდა და 6-ჯერ უფრო ძვირია წინა წელთან შედარებით. ევროკომისიის მონაცემებით კი, ელექტროენერგიის ფასი 200%-ითაა გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. იზრდება ქვანახშირის ფასებიც.

Euronews-ის თანახმად, ევროპაში ყველაზე მაღალი ფასები ელექტროენერგიაზე საბერძნეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ხორვატიაშია – 230 ევროს ფარგლებში 1 მგვტ.სთ-ზე. გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში კი ფასი 1 მგვტ.სთ-ზე 75 ევროს ფარგლებშია.

როგორ იზრდებოდა გაზზე ფასები ევროპაში ბოლო თვეების განმავლობაში:

გააგრძელე კითხვა აქ: energokrizisi-evropashi-gazis-denis-pasebi

გარდა ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული კრიზისისა და ელექტროენერგიაზე ფასის რეკორდული ზრდისა, ევროკავშირში ნახტომისებურად გაიზარდა დიზელის და ბენზინის ფასიც. მაგ., გერმანიაში დიზელის ფასმა ერთ კვირაში ორჯერ მოხსნა 2012  წლის რეკორდი – არასდროს ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის ფასი ამ ქვეყანაში, საშუალოდ, 1,56 ევრო არ ყოფილა. ამასთან, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა 95-იანი ბენზინის ფასიც. Super E10-ის ერთი ლიტრი 10% ეთანოლით 1,67 ევრო ღირს, Super E5 კი 3-5%-ით და მეტითაც ძვირია.

„დოიჩე ველე“ ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) წევრები რუსეთთან, ყაზახეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, გარდა იმისა, რომ ხელოვნურად აფერხებენ მიწოდებას მსოფლიო ბაზარზე, მოპოვებასაც ამცირებენ (სექტემბერში მოპოვება 15%-ით შემცირდა), თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელოვნურ შეფერხებას უარყოფს.

ნავთობის მოპოვების შემცირება ხდება იმ ფონზე, რომ გლობალურ დონეზე იზრდება მოთხოვნა ქვეყნების უმეტესობაში დაწყებული ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ; ნავთობის ფასის ზრდა დამატებით კიდევ მძიმდება მეორე ენერგომატარებლის – გაზის გაძვირების გამო. გამოცემის შეფასებით, ოპეკის ქვეყნებსა და ავტორიტეტული არაბული ქვეყნების კარტელური გარიგება არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც ფასების კატასტროფულ ზრდას განაპირობებს. გერმანიაში მაღალი დაბეგვრაც „ასხამს ამ პრობლემის ცეცხლზე ნავთს“. საერთოგერმანული საავტომობილო კლუბის –  ADAC-ის ცნობით, ბენზინის საცალო ფასის 64% გერმანიაში გადასახადებზე მოდის.

გერმანიის მოსახლეობა და ბიზნესმენები სთხოვენ სახელმწიფოს, დროებით შეამციროს საწვავზე დამატებითი ღირებულების გადასახადი (რომელიც 19%-ს უდრის) (თუმცა აღსანიშნავია, რომ არავინ მოუწოდებს CO2 სერტიფიკატებზე უარის თქმას, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ცოტა ხნის წინ დაიწყო).

2020 წლის მეორე ნახევარში გერმანიის მთავრობამ ეს გადასახადი 6 თვით უკვე შეამცირა ყველა საქონელსა და მომსახურებაზე პანდემიის დროს ანტიკრიზისული ზომის სახით. ამავე გზით წავიდნენ ახლა, ენერგომატარებლების ფასის ზრდის ფონზე, იტალიის, ესპანეთის და ჩეხეთის მთავრობები, საფრანგეთში კი ნაკლებ უზრუნველყოფილი ოჯახები კომპენსაციის სახით 100 ევროს მიიღებენ თვეში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close