კინო/ფილმებიკულტურა

„ჯარისკაცის მამა“ – როგორ გადაურჩა რეზო ჩხეიძის კინოშედევრი თაროზე შემოდებას

„ჯარისკაცის მამა“ ქართული კინემატოგრაფიის ჭეშმარიტი შედევრია. რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ამ ფილმით მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანამემამულეებს ხელთუქმნელი ძეგლი აუგო. კინოსურათის პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე 1965 წლის 13 მაისს გაიმართა. მას შემდეგ ფილმს ოდნავაც არ დაუკარგავს კინემატოგრაფიული ხიბლი – მეტიც, ძველი ღვინოსავით სულ უფრო და უფრო ფასეული ხდება.

nostal.ge გთავაზობთ რეჟისორის ძალიან საინტერესო მოგონებებს, თუ როგორ იღებდნენ „ჯარისკაცის მამას“. რეზო ჩხეიძემ წლების წინათ თავად უამბო ავტორს – თამარ ოთიაშვილს ეს დეტალები.

სიჭაბუკისდროინდელი მოგონებები

ფილმის სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი თვითონაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო: მოხალისედ წავიდა და ლესელიძის არმიაში, ტამანის დივიზიაში იბრძოდა. იგი ორჯერ დაიჭრა, რის შემდეგაც სახლში დააბრუნეს. სრულიად ახალგაზრდამ, უამრავ განსაცდელს გაუძლო და ბევრი მოსაგონარი ჰქონდა. ეს მოგონებები უცვლელად უნდა გადაეტანა ქაღალდზე.

სიჭაბუკისდროინდელი მოგონებები არც რეზო ჩხეიძეს ასვენებდა: „300 ათასი ქართველი მეომარი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას. მინდოდა, მათი დაუვიწყარი გმირობის სადიდებლად სიმღერა მეთქვა. საქართველოში ოჯახს ვერ ნახავთ, ეს ტკივილი პირადად რომ არ განეცადოს. პირტიტველა ბიჭები, შავ ჩარჩოში ჩასმული სურათებიდან რომ გვიღიმიან, ჩვენი მოურჩენელი ჭრილობაა. ისინი ჩემი ამხანაგები იყვნენ – თანასკოლელები, თანაკლასელები… ისე მოხდა, რომ მათზე უმცროსი აღმოვჩნდი – მშობლებმა ადრე შემიყვანეს სკოლაში და მხოლოდ ამიტომ არ მოვხვდი ომში. ჩემს ფილმებში ბევრი ისეთი ეპიზოდია, რომლებიც სწორედ სიჭაბუკისდროინდელი მოგონებებითაა ნაკარნახევი“, – მითხრა ბატონმა რეზომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე და სიამოვნებით დამთანხმდა მოეთხრო, როგორ შეიქმნა ეს მართლაცდა დაუვიწყარი ფილმი.

რეზო ჩხეიძე: მე და სულიკო ჟღენტი ახალგაზრდობიდან ვმეგობრობდით, ერთად ვსწავლობდით საკავშირო კინოინსტიტუტში. მან სასცენარო განყოფილება დაამთავრა, მე – სარეჟისორო. მოსკოვში საერთო საცხოვრებელშიც ერთად ვცხოვრობდით და, ბუნებრივია, ერთმანეთს ყველა დარდსა და სიხარულს ვუზიარებდით. ჰოდა, ერთ დღესაც, ორივე რაღაც ერთნაირმა ტკივილმა აგვიტანა, რომელიც ომის თემას უკავშირდებოდა და გადავწყვიტეთ, ეს გრძნობა სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა. სცენარი რომ მომცა და წავიკითხე – ასე 7-8 გვერდი იქნებოდა, თავიდანვე „ჯარისკაცის მამა“ ერქვა – ძალიან მომეწონა და მაშინვე დავიწყე ფიქრი ფილმის გადაღებაზე.

სხვათა შორის, თავიდანვე გაგვიჩნდა პრობლემები, დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა კინოსტუდიაში. მაშინდელი „პირველი მაისის“ რაიონში, რომელსაც კინოსტუდია „ქართული ფილმი“ ეკუთვნოდა, რაიკომის მდივანი ბატონი ედუარდ შევარდნაძე იყო. მას მივუტანე სცენარი და ვთხოვე წაეკითხა. იმ პრობლემების შესახებაც ვუთხარი, რომელიც ფილმთან დაკავშირებით კინოსტუდიაში შეიქმნა. ორი დღის შემდეგ დაგვიბარა მე და სულიკო და გვითხრა: შესანიშნავი სცენარია, მე ყველაფერს ვიღონებ, რომ ეს ფილმი გადაიღოთო. რაიკომის პირველ მდივანს მაშინ მართლაც ბევრი რამ შეეძლო და ჩვენც მალე მოგვეცა საშუალება, რომ „ჯარისკაცის მამა“ წარმოებაში ჩაგვეშვა. თუმცა აქაც პრობლემები შეგვექმნა: სამხატვრო საბჭომ დააყენა საკითხი, რომ მთავარი როლი სხვა მსახიობს უნდა ეთამაშა და არა სერგო ზაქარიაძეს, არადა, ამ როლის „ამწევი“ მსახიობი საქართველოში მე სხვა არ მეგულებოდა. ახლა ძნელი წარმოსადგენიც კია, იმდენი რამ გადაგვხდა თავს.

იძულებული ვიყავი, მათ მოთხოვნაზე დავთანხმებულიყავი. წინააღმდეგობა რომ გამეწია, ალბათ სამუდამოდ აგვიკრძალავდნენ მუშაობას. რამდენიმე კანდიდატურა გადავიღე. კაკო კვანტალიანიც გავსინჯეთ. ის კარგი იქნებოდა, თუ შვეიკისნაირ პერსონაჟს დავხატავდით, ჩვენ კი სხვა ამოცანა გვქონდა. გადავიღეთ ასევე დავით გამრეკელი, რომელიც არაჩვეულებრივი ბანი იყო, მაგრამ მსახიობად არ გამოდგებოდა. ქუთაისის თეატრის მსახიობი ბაყუჩია მეგრელიშვილიც გავსინჯეთ… მოკლედ, ბოლოს და ბოლოს, ყველამ აშკარად დაინახა, რომ ბატონი სერგო ერთადერთი იყო, ვისთვისაც ეს გმირი შეიქმნა.

სერგო ზაქარიაძისთვის რომ გითქვამთ, ჯარისკაცის მამა თქვენ უნდა ითამაშოთო, მგონი, აგიტირებიათ კიდეც…

მაშინ „ზღვის ბილიკს“ ვიღებდით. ვიცოდი, რომ სერგო სტუდიაში იყო და გრიმს იკეთებდა. შევედი საგრიმიოროში და ვეუბნები: სულიკო ჟღენტმა სცენარი მომცა, ერთ კახელ კაცზეა, ომის დროა, შვილი ჰყავს ფრონტზე-მეთქი.
– ჰმ?! – ნიშანი მომცა, რომ მისმენდა, მაგრამ თან ყურადღება გრიმზე ჰქონდა გადატანილი. გავაგრძელე მოყოლა. თანდათან დაინტერესდა:
– მერე?.. ბოლოს ნახავს შვილს? – მეკითხება. ვატყობ, გრიმი აღარ აინტერესებს.
– ნახავს, ბერლინის მისადგომებთან, მაგრამ დაჭრილია და ხელში ჩააკვდება.
– უჰ, რას ამბობ, კაცო?! – თითქოს შეხტაო, ისე წამოიძახა და თვალებიდან დიდი ცრემლები ჩამოუგორდა. – მე რატომ მომიყევი?
პირდაპირ ვუთხარი, ფილმის გადაღებას ვაპირებ და მინდა, რომ თქვენ ითამაშოთ-მეთქი. მე აქ ვარო, ცრემლებით სავსე თვალებით მითხრა.

საინტერესოა, მაინც როგორ დაარწმუნეთ სამხატვრო საბჭო, რომ გიორგი მახარაშვილი სერგო ზაქარიაძეს უნდა ეთამაშა?

სულ უბრალოდ: შევკრიბე უკვე გადაღებული მასალები, დავსვი ყველა და ვაჩვენე: აი, ბატონო, მკვდარ-ცოცხალს ვეღარ არჩევთ-მეთქი?! ისინიც დარწმუნდნენ ჩემს სიმართლეში.

პროტოტიპი თუ ჰყავდა ჯარისკაცის მამას?

კი, ჰყავდა… როგორც სულიკო მიამბობდა, მის ასეულში ყოფილა ერთი ხანში შესული ქართველი კაცი, გურჯაანელი რამინ მახარაშვილი, რომელიც ყველა ახალგაზრდა თანამებრძოლს შვილივით უყურებდა და მამასავით უვლიდა. მძიმე ტყვიამფრქვევს ჩამოართმევდა, ტკივილს დაუამებდა, მშიერს დააპურებდა… ერთხელ ისიც უნახავს, ხიშტის წვერით როგორ ჩიჩქნიდა მიწას სანგარში და პურის მარცვლებს თესავდა, თან რაღაცას თავისთვის ღიღინებდა თურმე. აი, ასეთი კაცის ხსოვნა ჩამოიტანა სულიკომ ფრონტიდან და მისი სახის სამუდამოდ უკვდავყოფა მოინდომა.

რატომ კახელი?

სერგო ზაქარიაძემ ფილმში ვიღაც კონკრეტული პიროვნება – გიორგი მახარაშვილი კი არ განასახიერა, არამედ თავისი ერის, თავისი ხალხის წარმომადგენლის კრებითი სახე შექმნა. მისი წარმოშობის, კუთხური კუთვნილების საკითხიც არ ყოფილა შემთხვევითი.

რეზო ჩხეიძე: ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ის სამყარო, სადაც ვაზი ხარობს, ძლიერი საქართველოა, ისეთი, როგორზეც მუდამ ვოცნებობდი, როგორიც გვინდოდა, რომ ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, აზრადაც არ მქონია, ერთმანეთისთვის დამეპირისპირებინა საქართველოს სხვადასხვა კუთხე, მით უფრო, რომ ჩვენი სამეულიდან ყველანი დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები ვიყავით: მე იმერელი გახლავართ, ჩემი ფუძე ბაღდათშია, სულიკო გურული იყო, ბატონი სერგო ზაქარიაძე კი – ზესტაფონელი, მაგრამ ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ფილმის გმირი კახელი უნდა ყოფილიყო, თანაც აუცილებლად მევენახე, იმიტომ რომ ვაზი მთავარი კულტურაა საქართველოსი და, საერთოდ, აღორძინების, მოსავლის, სიუხვის სიმბოლო გახლავთ. ბოლოს და ბოლოს, რელიგიური სიმბოლოც არის: ქართული ჰიმნოგრაფია ღვთისმშობელს ახლად აყვავებულ ვენახს ადარებს. ალბათ გახსოვთ, თვითონ გმირიც რომ ღიღინებს გახარებული და ბედნიერი, როცა ნანგრევებად ქცეულ გერმანიაში შემთხვევით გადარჩენილ ხელისგულისოდენა ვენახს დაინახავს; როგორ ეფერება თითოეულ ვაზს, როგორც თავის შვილს. შეგვეძლო, მის ნაცვლად მუშა, სიმინდის მომყვანი ან თუნდაც მეჩაიე გამოგვეყვანა, მაგრამ ქართველი კაცისთვის ვაზს სულ სხვა მადლი და ძალა აქვს. ის უთუოდ რაღაც ძალიან მშობლიურის ასოციაციას იწვევს. აი, ასეთი საფუძვლები აქვს ამ ფილმს და ალბათ ამიტომაცაა, ასე რომ შეიყვარა ხალხმა.

სხვათა შორის, ვენახის ეპიზოდს რიგაში ვიღებდით. გაზეთში წავიკითხეთ, რომ ტალინში ვიღაცამ საქართველოდან ჩამოიტანა ვაზის ნერგები და გაახარა. ვაზის საყიდლად მხატვარი და ადმინისტრატორი გავგზავნეთ. აღმოჩნდა, რომ ვაზი გამხმარიყო. ღეროები ჩამოვატანინეთ, მაგრამ ფოთლები არ ჰქონდა. ვსხედვართ და ვუყურებთ. უცებ მხატვარმა ერთ ხეს ახედა, უყურა, უყურა და ეს არ გამოდგებაო? – იკითხა. შევხედეთ, ნამდვილად ვაზის ფოთლებია, ვერ გაარჩევ. იმ ხის ტოტები დავამტვრიეთ და ვაზის ღეროებს მივამაგრეთ. ეჭვი არავის არასოდეს შეჰპარვია, რომ ნამდვილი ვაზი არ არის.

* * *

ფილმის მრავალჯერ ნახვის შემდეგაც კი შეუძლებელია ბოლო ეპიზოდში მამისა და მომაკვდავი შვილის შეხვედრის სცენის უცრემლოდ ყურება. „ვი ნე ვიდელი მოი სინ, ტაკოი ვისოკი, კრასივი, გოდერძი, მახარაშვილი“… – გიორგი მახარაშვილის ეს სიტყვებიც ყველას კარგად ახსოვს. ამ „ვისოკი“ და „კრასივი“ ბიჭის ეპიზოდურ, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავ როლში (ფაქტობრივად, ფინალურ კადრში) რეზო ჩხეიძემ არაერთ კანდიდატს შორის თეატრალური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი, ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა, გიორგი კობახიძე გამოარჩია. ეს მისი პირველი როლი იყო კინოში. სამწუხაროდ, გიორგი კობახიძე მძიმე ავადმყოფობის გამო რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა. „ჯარისკაცის მამაზე“ საუბრისას იგი იხსენებდა: ისეთი განცდები ჰქონდა ზაქარიაძეს, ხელს რომ მკიდებდა, ვიმუხტებოდი, თითქოს მთელი მისი ნიჭი ჩემზე გადმოდიოდაო.

„ამ ფილმს საბჭოთა არმიაში არ ნახავენ!“

რეზო ჩხეიძე: როდესაც უკვე მზა სურათი მოსკოვში ჩავიტანეთ – მაშინ, მოგეხსენებათ, ასეთი წესი იყო, ფილმი აუცილებლად საბჭოთა კავშირის დედაქალაქში უნდა დაემტკიცებინათ – მის სანახავად კინემატოგრაფიის მინისტრმა კვირა დღეს მოიცალა. საქმე ის გახლავთ, რომ წლის ბოლო იყო და გეგმის შესრულებისთვის ერთი ერთეული აკლდებოდათ, ამიტომაც ჩქარობდნენ სურათის ჩაბარებას…

მოკლედ, მობრძანდა მინისტრი მეუღლესთან ერთად და ორივემ წინა რიგში დაიკავა ადგილი. ჩვენი ჯგუფი უკან მოთავსდა. დასრულდა ფილმი და – მინისტრი მოსალოცად განწყობილ ადამიანს სულაც რომ არ შეეფერება, ისეთი ნაბიჯებით გამოემართა ჩემკენ, თვალი თვალში გამიყარა და თითქმის დამარცვლით მიბრძანა: „ამხანაგო ჩხეიძე, ამ ფილმს საბჭოთა არმიაში არ ნახავენ!“

მოულოდნელობისაგან გავშრი – ამაზე მეტი დარტყმა შეუძლებელი იყო: თუ საბჭოთა არმია არ ნახავს ფილმს გერმანული ფაშიზმის დამარცხებაზე, ეს ნიშნავდა, რომ მას საერთოდ არ გაუშვებდნენ ეკრანზე! ჰოდა, მეც ვკითხე, რატომ-მეთქი? „იცით, რატომ? თქვენი გიორგი მახარაშვილი ჯარისკაცია, მაგრამ ხელს შემოჰკრავს რუს ლეიტენანტს. ეს კი საბჭოთა არმიის წესების დარღვევაა, რაც დაუშვებელია!“

მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. ვუთხარი, არ გეთანხმებით-მეთქი. შევთავაზე, თავდაცვის მინისტრის შესაბამისი უწყებისთვის გვეჩვენებინა ფილმი და დასკვნების გამოტანაც მისთვის მიგვენდო. რესტორან „არაგვში“ სუფრა გვქონდა გამზადებული და წარმატების აღნიშვნას ვაპირებდით, მაგრამ ამ საუბრის შემდეგ საქეიფოდ ნამდვილად არ გვქონდა საქმე. სურათი არ მიიღეს. წლის ბოლოა. ვიღუპებით. თბილისში ვერ დარეკავ და ვერ იტყვი, რაც ხდება. აღარ ვიცით, რა ვქნათ.

სამი დღის შემდეგ თავდაცვის სამინისტროდან გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ პოლიტსამმართველოს თანამშრომლები, გენერალ ვოსტოკოვის ხელმძღვანელობით, „ჯარისკაცის მამას“ ნახავენ. ეს ვოსტოკოვი იმით იყო ცნობილი, რომ თუ რამე ადამიანურს ნახავდა სურათში, ყველაფერს უმოწყალოდ ცელავდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვითხრეს. რაღას ვიზამდით, წავედით დაზაფრულები. პატარა, 40-50-კაციან დარბაზში გენერლები, მინისტრის მოადგილეები და განყოფილების უფროსები იყვნენ შეკრებილნი, ვოსტოკოვიც იქ იყო. თავიდანვე როგორღაც გულღიად შეგვხვდა და ამან ცოტა გაგვამხნევა.

– მაინც რა არ მოეწონა, რატომაა უკმაყოფილო თქვენი მინისტრი? – მკითხა ვოსტოკოვმა. მე ვუთხარი, რომ პირადად ჩემი მინისტრი ძალიან კმაყოფილი იყო ფილმით: ბატონ ოთარ ქინქლაძეს ვგულისხმობდი, ბრწყინვალე პიროვნებას, რომელიც მაშინ კინემატოგრაფიის კომიტეტის თავმჯდომარე იყო და რომელმაც მოსკოვში კეთილი სურვილებით გაგვისტუმრა.

მოკლედ, ვოსტოკოვს განვუმარტე, რომ უკმაყოფილო აქაური მინისტრი იყო, სწორედ მას არ მოუვიდა თვალში ზოგიერთი რამ. „კარგი, ვნახოთო“, – ბრძანა გენერალმა და ფილმიც დაიწყო. ვხედავ, რომ სიამოვნებით უყურებენ სურათს, ყველა ეპიზოდზე ძალიან სწორი და კარგი რეაქცია აქვთ. სადაც საჭიროა, იცინიან კიდეც, თან ხშირად ჩვენკენ იხედებიან და გვანიშნებენ, მშვენიერიაო. ბოლო სცენებმა ცრემლიც კი მოჰგვარათ. სურათი ტაშის გრიალით დამთავრდა. ვოსტოკოვი ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამომართვა და კვლავ მკითხა: „მითხარით, მაინც რა არ მოეწონა იმ თქვენს მინისტრს?“ – საქმის არსი ავუხსენი და ვუთხარი, როგორ დაიზღვია თავი რომანოვმა (ასეთი იყო მინისტრის გვარი).

– ეს ხომ სისულელეა! – აღშფოთდა ვოსტოკოვი, – ჯარისკაცი კი არ სცემს ლეიტენანტს, არამედ მამა ტუქსავს შვილს, ჭკუას ასწავლის, ცხოვრების წესს უწუნებს.

გენერლებმაც დაადასტურეს მისი ნათქვამი, რაც ჩვენთვის ნამდვილი ხსნა იყო. სხგვაგვარად „ჯარისკაცის მამა“ ეკრანს ვერ ნახავდა, ყოველ შემთხვევაში, კარგა ხნით მოუწევდა „თაროზე შემოდება“.

ფილმმა ეკრანზე გამოსვლისთანავე (1964 წ.) დიდ წარმატებას მიაღწია და ირლანდიაში X საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემია მიიღო; 1965 წელს დიპლომით დაჯილდოვდა სან-ფრანცისკოსა და თესალონიკის კინოფესტივალებზე; ხოლო 1966 წელს „ჯარისკაცის მამას“ რომის მეორე საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი – „კაპიტოლიუმის იუპიტერი“ მიენიჭა. 1965 წელს მოსკოვის მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სერგო ზაქარიაძე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა, 1966 წელს კი გიორგი მახარაშვილის როლისთვის მას ლენინური პრემია მიენიჭა.

1964 წელს გადაღებული შავ-თეთრი კინოსურათი 2012 წელს ამერიკულ-ბელგიურმა კომპანიამ ფერად ფორმატში გადაიტანა და დღეს მაყურებელს უკვე შეუძლია „ჯარისკაცის მამას“ ფერადად უყუროს.

თამარ ოთიაშვილი

მსგავს თემაზე: „ჩვენი ეზო“ – რეზო ჩხეიძისთვის ყველაზე ძვირფასი ფილმი

მანანას როლისთვის 11 წლის ნანული სარაჯიშვილი რეზო ჩხეიძემ აღმოაჩინა

ჯარისკაცის მამის ძეგლი გურჯაანში. მოქანდაკე – მერაბ ბერძენიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close