ერთი სიყვარულის ისტორია: ვინ იყვნენ „ალი და ნინოს“ რეალური პროტოტიპები
საქართველოს ლამაზ მხარეში – იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტში არის პატარა, თუმცა დიდი ტრადიციების მქონე სოფელი ინაშაური. როდის გაჩნდა აქ პირველი დასახლებები, უცნობია, თუმცა ეს სოფელი რომ ერთ-ერთი უძველესია, ფაქტია.
დღეს უძველესი ნასახლარების კვალი წაშლილია, მაგრამ სოფლის სიახლოვეს შემორჩენილა V-VIII საუკენეებში აგებული მაცხოვრის ამაღლებისა და XIII–XIV საუკუნეებით დათარიღებული შუა გორას ე.წ. სამგელიის ეკლესიები. ჯიჯოურის მთიდან სოფელს გადმოჰყურებს თამარის მეფობის ხანაში აგებული ციხის ნანგრევები. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ საუკუნეთა განმავლობაში სიცოცხლე დუღდა.
რაც შეეხება თავად სოფლის სახელს, ლეგენდის თანახმად, ეს ადგილი ხშირად იმეწყრებოდა და აქაურ მოსახლეობას აყრა-გადასახლება უწევდა. ერთხელაც საოჯახო ბარგით დატვირთული, ურმებით მიმავალი მგზავრებისთვის უკითხავთ, საიდან მოდიხართო და მათაც უპასუხიათ, იმ ნაშვაური (ანუ დამეწყრილი) ადგილებიდანო…
ინაშაურმა არაერთი ცნობილი ადამიანი გამოზარდა (პროფესორები: ოთარ და ნინო ჩხობაძეები, ელეფთერ და გიორგი ხურციძეები, კალისტრატე გაბუნია, საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი ხარაბაძე და მრავალი სხვა), თუმცა ამ სოფელს უკავშირდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიყვარულის ისტორია, რომელიც მწერალმა ყურბან საიდმა აღწერა წიგნში „ალი და ნინო“. ეს ნინო ყიფიანისა და ალექსანდრე საკანდელიძის ლამაზი სიყვარულის ისტორიაა. „ალი და ნინოს“ მთავარი გმირები კი გახლდნენ ქართველი აზნაურის ქალიშვილი ნინო ყიფიანი და აზერბაიჯანელი უფლისწული ალიხან შირვანშირი.
ყურბან საიდი, იგივე ლევ ნასიმბაუმი ბაქოელი ებრაელი ბიზნესმენის ვაჟი გახლდათ. ლევმა ახალგაზრდობაშივე მიიღო მაჰმადიანობა და ასად ბეი დაირქვა. მას არაერთი სახელოვანი ადამიანის ბიოგრაფია აქვს აღწერილი. რაც შეეხება „ალი და ნინოს“, ეს რომანი მან 1937 წელს გამოსცა ვენაში გერმანულად, ყურბან საიდის ფსევდონიმით.
ნინო ყიფიანისა და ალიხან შირვანშირის სიყვარულის ისტორია ბესტსელერად იქცა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ამბავი ვითარდება XX საუკუნის დასაწყისში, კავკასიაში, პირველი მსოფლიო ომის ფონზე. აზერბაიჯანელ უფლისწულს ალი ხან შირვანშირს ქართველი აზნაურის ქალი ნინო ყიფიანი შეუყვარდება და ასე იწყება მართლაც თავბრუდამხვევი ამბავი სიყვარულისა.
წყვილს ძლიერ უყვარდა ერთმანეთი. ალიხანმა, იმისათვის, რომ საყვარელი ქალი ბედნიერი ყოფილიყო, სამშობლო მიატოვა და საქართველოში წამოვიდა საცხოვრებლად. ნინოც ბევრ რამეს შეელია ალის გამო…
მაგრამ ბოლოს ალიხან შირვანშირი დადგა დიდი არჩევანის წინაშე: საყვარელი ქალი თუ სამშობლო? და მან არჩევანი სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა – მის დასაცავად წავიდა და განჯის მისადგომებთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. მისი უსულო სხული მეგობარმა მდინარის დამშრალ კალაპოტში იპოვა, ხოლო მის უბეში ის ჩანაწერები აღმოაჩინა, რომელიც, ავტორის სიტყვებით, „ალი და ნინოს“ დაედო საფუძვლად…
ალისა და ნინოს რეალური პროტოტიპები მართლაც ულამაზესი წყვილი იყო. ალექსანდრე საკანდელიძე ძალიან შეძლებული ადამიანი გახლდათ. ის ბაქოს ნავთობსაბადოებს ფლობდა და იმ პერიოდისათვის, რომ იტყვიან, უფლისწულივით მდიდარი იყო.
ალექსანდრე 1916 წელს დაქორწინდა თავის სათაყვანო ნინო ყიფიანზე და ოჯახი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, თუმცა მათი ბედნიერი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა – გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკებმა მას ყველაფერი წაართვეს. ალექსანდრე ოჯახთან ერთად მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოც მალევე გასაბჭოვდა, მას ემიგრაციაში წასვლა არც უფიქრია.
ბოლშევიკები ძალიან ავიწროებდნენ, მაგრამ ის მაინც ბედნიერი იყო, რადგან გვერდით ჰყავდა ადამიანი, რომელიც ყველასა და ყველაფერს ერჩივნა.
სანამ ყველაფერს დაკარგავდა, ერთადერთი, რაც მოასწრო, სოფელ ინაშაურში, სასაფლაოს ტერიტორიაზე ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია ააშენა, რომლის ეზოშიც მოგვიანებით პოვა სამუდამო განსასვენებელი ულამაზეს მეუღლესთან ერთად…
მართალია, მწერალმა ფანტაზიას უხმო და წიგნში მნიშვნელოვნად შეცვალა ამ ორი ადამიანი ბედი, მაგრამ, მისდა სასახელოდ, ეს ისე ოსტატურად გააკეთა, რომ რომანმა ამით მხოლოდ მოიგო.
ვანო სულორი
კომენტარები