22 მაისი – წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღე
„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს (ახალი სტილით) – წმინდანის ხსენების დღეს და 22 მაისს – როცა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილები მირონიდან იტალიის ქალაქ ბარიში გადაასვენეს.
მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკის მხარის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპირო) ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მისი სათნო და ღვთისმოშიში მშობლები, თეოფანე და ნონა უფალს დიდხანს ევედრებოდნენ, მათთვის შვილი მიემადლებინა. მათ აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ღმერთმა ისმინა მათი წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და მისცათ ვაჟი, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულმოქმედი, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.
წმინდანმა პირველი სასწაული დაბადებისთანავე აღასრულა: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი ავადმყოფობისგან განიკურნა. ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას კი ახალშობილი ყრმა სამი საათი ყველას დაუხმარებლად იდგა ემბაზში. გადმოცემის თანახმად, წმინდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით დედის რძეს მხოლოდ ერთხელ იღებდა, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.
წმინდა ნიკოლოზმა სიყრმიდანვე კარგად ისწავლა საღმრთო წერილი. წმინდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც ძლიერ ახარებდა ძმისშვილის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშობა, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს ამ სიტყვებით მიმართა: „ძმანო!Mმე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინის ცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქმნება“.
წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება მრავალი სასწაულით აღინიშნა. იგი მეტად გულმოწყალე და თავმდაბალი იყო. ცდილობდა, თავისი სულიერი საქმენი ჩუმად შეესრულებინა, რათა სხვებისთვის ნათელი არ გამხდარიყო. სურდა, ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა.
როდესაც წმინდა ნიკოლოზის ბიძა იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა, სამწყსოზე ზრუნვა ნეტარ ნიკოლოზს გადააბარა. უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება, მღვდელმთავრის დაბრუნების შემდეგ კი თავად წავიდა წმინდა მიწის მოსალოცად. იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა უპირველესად გოლგოთას მიაშურა, გულმხურვალედ ილოცა უფლის ჯვარცმის ადგილზე, შემდეგ კი ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმინდა ადგილი მოილოცა. არსებობს გადმოცემა, რომ იერუსალიმის ტაძრის კარები წმინდა მამის მიახლოებისას თავისით გაიღო და იგი დაუბრკოლებლად შევიდა მასში.
სამშობლოში დაბრუნებული ნიკოლოზი უფლის განგებით მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დაადგინეს. 325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლო – მრწამსი მიიღო. გადმოცემის თანახმად, კრებაზე დამსწრეთა რიცხვი 2000-ზე მეტი იყო, მათგან 318 ეპისკოპოსი. არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმინდა ნიკოლოზმა ვერ მოითმინა და ყველას თანდასწრებით სილა გააწნა ბილწ ერეტიკოსს. ეკლესიის მამებს ეს საქციელი შეუფერებლად მოეჩვენათ და ნიკოლოზს მთავარეპისკოპოსის ხარისხის შესამოსელი გახადეს, მაგრამ მალე იხილეს, თვითონ უფალმა როგორ გადასცა ნეტარ ნიკოლოზს სახარება, ღვთისმშობელმა კი – ომოფორი. ამ ხილვის შემდეგ უფლის რჩეული კვლავ მღვდელმთავრის რანგში აღადგინეს და პატივი მიაგეს.
კარგა ხანს იცხოვრა მღვდელმთავარმა თავის სამწყსოსთან ერთად. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ჩაგრულნი მასში მსწრაფლშემწეს და მცველს პოულობდნენ, უბედურნი – მწყალობელს და ნუგეშისმცემელს, მასთან მოსაუბრენი რწმენაში მტკიცდებოდნენ, წარმართნი სამუდამოდ უარყოფდნენ წარმართობას და ქრისტეს რწმენის მიმდევრები და აღმსარებლები ხდებოდნენ.
წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. სარწმუნოებისთვის მან დევნა და პატიმრობაც დაითმინა. ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და 342 წლის 6 დეკემბერს მშვიდობით მიიცვალა 85 წლის ასაკში. წმინდანის უხრწნელი ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა.
XI საუკუნეში საბერძნეთს მძიმე ჟამი დაუდგა. 1086 წელს თურქებმა ბეძნული ქალაქები და სოფლები ააოხრეს, თავს დაესხნენ ლუკიის მხარესაც და სხვა ქალაქების მსგავსად მირონიც გაძარცვეს. მოსახლეობის ნაწილი დახოცეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. შეურაცხყვეს ტაძრები. ის ეკლესიაც გაიძარცვა, სადაც წმინდა ნიკოლოზის სათნო ნაწილები იყო დასვენებული. ჟამთააღმწერელ თეოფანეს ცნობით, თავდასხმის ფლოტის მეთაურმა თურქმა ჰუმეიდმა წმინდა ნიკოლოზის აკლდამის გატეხა გადაწყვიტა, მაგრამ მხოლოდ წმინდანის გვერდზე არსებული სამარხის შემუსვრა შეძლო, როგორც კი წმინდანის ლუსკუმისაკენ გაეშურა, ჭექა-ქუხილი ატყდა და გემები დაილეწა. ჰუმეიდი შიშისგან იქაურობას გაეცალა.
ამის შემდეგ ქრისტიანებს წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადათ და უთხრათ: „გადაიტანეთ ჩემი ნაწილები ქალაქ ბარიში, რადგან ღმერთს არ სურს მათი ამ ქალაქში დატოვება“.
ბარელებმა ძალიან გაიხარეს ამ ამბით, მღვდელმსახურნი დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მირონში მორწმუნეებთან ერთად და წმინდანის მირონმდინარე ნაწილები ქალაქ ბარიში, წმინდა იოანე წინამორბედის ეკლესიაში გადაასვენეს. ეს მოხდა 1087 წლის 9 მაისს (ძველი სტილით). ნაწილთა გადმოსვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ერთი წლის შემდეგ კი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია აშენდა, რომელიც პაპმა ურბან მეორემ აკურთხა.
წმინდა სასწაულმოქმედი სიკვდილის შემდეგაც არ ტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვის კვლავ კურნების უშრეტ წყაროს წარმოადგენს. სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მას უფრო დიდი სასაწაულმოქმედების ნიჭი უბოძა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი საოცრებებისა, იმ სიკეთის და სათნოებისა, რომელთა კეთებასაც წმინდა ნიკოლოზი დღესაც განაგრძობს.
წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ტრაპეზთან ვერცხლით მოჭედილი ლუსკუმა დგას, რომლის საფეხურებიც სწორი და სუფთა მარმარილოს ფილებით არის მოფენილი, თავსახურზე კი ვერცხლის 50-მდე კანდელია განლაგებული. ტრაპეზს გარშემო მარმარილოს მოაჯირი აქვს შემოვლებული, მოაჯირს იქით კი მირონით სავსე თასი დევს, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ნაწილებიდან გადმოედინება. მასთან დროდადრო მღვდელმსახური მიდის და იქ მისულ ადამიანებს კეთილსურნელოვან მირონს ჯვრისებურად სცხებს შუბლზე. იქვეა მოთავსებული წმინდა ნიკოლოზის მშრალი ნაწილები, რომელთა შეხებაც მლოცველებს ხარიხის მიღმა შეუძლიათ.
წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი საქართველოს ეკლესიის მფარველი წმინდანია. იგი ქართველ მორწმუნეებს გამორჩეულად უყვართ.
მოამზადა თამთა გურულმა
კომენტარები