ჩვენი ფავორიტიარტისტი

რატომ ადარებდნენ ოთარ მეღვინეთუხუცესს ლორენს ოლივიეს და რას ამბობდა ამაზე თავად მსახიობი

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულმა მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 80 წლის ასაკში (გარდაიცვალა 2013 წლის 9 მაისს, 81 წლისა) კიდევ ერთხელ გააოცა საზოგადოება საოცარი შემართებით. მსახიობის იუბილე მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის სპექტაკლით – „ანტიგონეთი“ აღნიშნა, რომელშიც ოთარ მეღვინეთუხუცესი კრეონის როლს თამაშობდა. საყვარელ მსახიობს მაყურებელი დიდხანს არ უშვებდა სცენიდან. მარჯანიშვილის თეატრს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ამდენი ხალხი არ ახსოვსო, ამბობდნენ იუბილეს შემდეგ.

* * *

ხალხის სიყვარული ოთარ მეღვინეთუხუცესს არასოდეს აკლდა.

მსახიობის „ანბანს“ იგი ლილი იოსელიანმა აზიარა. მანამდე იყო პიონერთა სასახლე, სადაც, როგორც თავად იხსენებდა, შემთხვევით მოხვდა მხატვრული კითხვის წრეზე, რომელსაც თემურ ჩხეიძის მამა – ნოდარ ჩხეიძე ხელმძღვანელობდა. სწორედ ბატონი ნოდარის დამსახურებაა, მომავალი დიდი მსახიობი თეატრალური ხელოვნებით რომ მოიხიბლა, თუმცა იმ პერიოდში ფეხბურთითაც ძალიან იყო გატაცებული და უბნის ბიჭებთან თამაშზე უარს არასოდეს ამბობდა… მაგრამ, როგორც ამბობენ, საკმარისია სცენის მტვერი ჩაყლაპო და… ბატონ ოთარსაც ასე დაემართა.

ლეგენდის დასაწყისი

ამბობენ, მსახიობზე ლეგენდას მის მიერ შესრულებული როლები ქმნიანო. ალბათ ასეცაა… თეატრში ეს ლეგენდა 1956 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც პიერ კობახიძემ პრემიერა დუბლიორს, ახალბედა მსახიობს – ოთარ მეღვინეთუხუცესს დაუთმო. როგორც ჩანს, გამოცდილმა არტისტმა იგრძნო, რომ თეატრალურ ასპარეზზე თვითმყოფადი ტალანტი აპირებდა გამონათებას და თავისი ღირსეული ნაბიჯით გზა დაულოცა. იმ დღეს სპექტაკლში „მოკვეთილი“ ჩონთას როლი ოთარ მეღვინეთუხუცესმა უზადოდ შეასრულა.

„პრემიერამდე ორი კვირით ადრე ბატონ პიერს მკურნალობა დასჭირდა და რეპეტიციებს იმ პერიოდში მე გავდიოდი. როდესაც დაბრუნდა, ბუნებრივია, პრემიერა მას უნდა ეთამაშა. სხვა თუ არაფერი, უფროსი კაცი ბრძანდებოდა, თან წინა დადგმაში უკვე ჰქონდა შესრულებული ეს როლი, მაგრამ ერთ დღეს გენერალური რეპეტიციის გავლა შემომთავაზა, მითხრა, შევხედავ, რა გააკეთეთ ჩემს არყოფნაშიო. ალბათ მოეწონა, რადგან პრემიერის დათმობა გადაწყვიტა. თეატრში სულ ერთი წლის მისული ახალგაზრდა კაცისთვის ეს ძალიან დიდი რამ იყო. მისი საქციელი მთელი ცხოვრება სამაგალითოდ დამრჩა. მეც გამიკეთებია იგივე ზოგიერთებისთვის. ისე, რა თქმა უნდა, ჩონთა ბატონმა პიერმაც ბევრჯერ ითამაშა“, – იხსენებდა ბატონი ოთარი.

კინოლეგენდა

ქართულ კინოში კი ოთარ მეღვინეთუხუცესი 1958 წელს რეჟისორ სიკო დოლიძის „ფატიმაში“ ჯამბულათის როლით გამოჩნდა. კინოლეგენდაც აქედან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერსონაჟს ხაზგასმულად უარყოფითად ახასიათებდნენ თავად ფილმის ავტორები („ჯამბულათი სცენარის მიხედვით ღრმა გრძნობების მქონე, მაგრამ ვერაგი, გაუტანელი და მხოლოდ საკუთარ ვნებათა ღელვას აყოლილი ადამიანია“), მსახიობი იმდენად მშვენიერია თავისი გარეგნობით და იმდენად მართალი თავისი განცდით, როდესაც საყვარელი ქალის დაბრუნებას ცდილობს, რომ მაყურებელს უჭირს მისი უარყოფა.

ჯამბულათის როლში, „ფატიმა“

შემდეგ იყო ლანა ღოღობერიძის „ერთი ცის ქვეშ“ (ბონდო), შოთა მანაგაძის „კეთილი ადამიანები“ (გიგა), თენგიზ აბულაძის „ვედრება“ (ჯოყოლა)… ტაბლიაშვილის „დიდოსტატის მარჯვენა“ (მეფე გიორგი), თემურ ფალავანდიშვილის „მზე შემოდგომისა“ (ვახტანგი), თამაზ მელიავას „მთვარის მოტაცება“ (არზაყან ზვამბაია), თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“ (ელიოზი), „სპირალი“ (დავით გიორგაძე), „თეთრი ბაირაღები“(ისიდორე), „ანთიმოზ ივერიელი“ (დავით გარეჯის წინამძღვარი), „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“… რომ აღარაფერი ვთქვათ „დათა თუთაშხიაზე“, რომლის რეჟისორთან, გიგა ლორთქიფანიძესთან მსახიობს ლამის მთელი ცხოვრება აკავშირებდა და დიდად ემადლიერებოდა.

სხვათა შორის, იმავეს ამბობდა ბატონი გიგაც: „მთელი ჩემი ცხოვრება ოთარ მეღვინეთუხუცესთანაა დაკავშირებული. ჯერ კიდევ ინსტიტუტში, როდესაც მეოთხეკურსელებთან ვდგამდი ა. ოსტროვსკის „შემოსავლიან ადგილს“, ოთარი და ირაკლი უჩანეიშვილი პირველ კურსზე იყვნენ, მესამე მოქმედებაში, დუქნის სცენაში, გამხდარი, აწოწილი სტუდენტი ვათამაშე. იგი მედუქნის ბიჭს თამაშობდა, ირაკლი კი გიტარაზე უკრავდა. აქედან დაიწყო ჩემი შემოქმედებითი ურთიერთობა ოთართან. მარჯანიშვილის თეატრში ა. კორნეიჩუკის „ესკადის დაღუპვაში“ ბრწყინვალედ ითამაშა მეზღვაურ გაიდაის, ხოლო ლ. ლეონოვის „შემოსევაში“ – იედორის როლი – ერთ-ერთი შესანიშნავი მის მიერ შექმნილ გალერეაში. იგი საოცარი სიმძაფრით ქმნიდა პოლიტპატიმრის არასაიმედო იმიჯს, დაკომპლექსებული კაცის ბუნებას. ამ ორი როლის მიხედვით ნათელი იყო, რომ ქართულ თეატრში მოვიდა ტრაგიკოსის ნიჭით დაჯილდოებული მსახიობი, მაგრამ იმ წლებში განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩონთას როლით არჩილ ჩხარტიშვილის ბრწყინვალე სპექტაკლში „მოკვეთილი“. აქ გამოიკვეთა ნამდვილი ეროვნული გმირის სახე, რომელსაც შემდეგ მრავალი ათეული წლის მანძილზე სრულყოფდა.

ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია წარმოუდგენელია ოთარ მეღვინეთუხუცესის სირანო დე ბერჟერაკის, ნიკოლოზ პირველის, სატინის, ფიროსმანის, ლიმონას, ოიდიპოსის უბრწყინვალესი აქტიორული შესრულების გარეშე.

ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა კინოშიც გაგრძელდა – ოთარის დათა თუთაშხია გვირგვინია როგორც მისი, ისე ჩემი შემოქმედებითი ცხოვრებისა“.

აქვე განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ რეჟისორ დიმიტრი ასტრახანის ფილმი „განვედ ჩემგან“, სადაც მეღვინეთუხუცესი ებრაელის როლს თამაშობს. ფილმი ტრიუმფით უჩვენეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ამ გმირმა მსოფლიო აღიარება მოუტანა მეღვინეთუხუცესს – იგი მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს. ჟურნალისტები წერდნენ: ასეთ მსახიობს ჰოლივუდში საუკეთესო რეჟისორები გადაიღებდნენო.

* * *

დიდებულ არტისტს კი  საკუთარი თავით კმაყოფილების გრძნობა არასოდეს ჰქონია. ახალგაზრდობაში ლილი იოსელიანის მიერ დადგმულ სპექტაკლში „ფსკერზე“ სატინი რომ ითამაშა, ყველას ძალიან მოეწონა, თავად კი ეჭვი ღრღნიდა, უკმაყოფილო იყო, ფიქრობდა, რომ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო და ვერ გააკეთა. რომ ულოცავდნენ, ეგონა, ყველამ ყველაფერი იცოდა და შემწყნარებლობის გამო ულოცავდნენ, ამიტომაც არ იღებდა მილოცვებს. ვასო გოძიაშვილიც კი გაუბრუნებია უკან. გაცეცხლებულა ვასო: „ვინ არის ეს ვირი, მილოცვა რომ არ უნდაო“…

„მსახიობი ყოველთვის ძიებაში უნდა იყოს“, – უთქვამს ჟერარ ფილიპს. ოთარ მეღვინეთუხუცესი სწორედ ასეთი ტიპის არტისტებს მიეკუთვნებოდა, სულ ეძებდა და ვინც არ უნდა განესახიერებინა თეატრსა თუ კინოში – ოტელო თუ მეფე გიორგი, კრეონი თუ ელიოზი, ფიროსმანი თუ ოიდიპოს მეფე, დონ კიხოტი თუ არზაყანი – საკუთარი თავისთვის არასოდეს უღალატია.

სხვათა შორის, ოთარ მეღვინეთუხუცესს ლორენს ოლივიეს ადარებდნენ და არცთუ უსაფუძვლოდ. თავად ამბობდა, „ძირითადში, ალბათ იმით თუ შევედრები, რომ მეც მისნაირ როლებს ვთამაშობ და შეიძლება ეს ქმნის მსგავსებას. ოტელოს როლში ლორენს ოლივიე ძალიან გვიან ვნახე, უკვე აღარ ვიყავი პატარა, რომ ვინმესთვის მიმებაძა“.

„რრჩება მარადისობაში გარდასულ ჭეშმარიტ მსახიობს ამქვეყნად?

დაბოლოს…  2001 წლის 4 დეკემბერს მოსკოვის ა. იაბლოჩკინას სახელობის მსახიობის სახლში გამართულ შემოქმედებით საღამოზე ოთარ მეღვინეთუხუცესმა სიტყვა წარმოთქვა და აღნიშნა: „რა რჩება მარადისობაში გარდასულ ჭეშმარიტ მსახიობს ამქვეყნად? ის რამდენიმე კინოკადრი, რომელიც ალბათ თავადაც არ აკმაყოფილებდა ბოლომდე, რამდენიმე რეცენზია და მაყურებლის ოვაცია… მაგრამ რჩება ლეგენდა, რომელიც თაობიდან თაობაში საოცარი შარავანდედით იმოსება. ასე მოხდა ლონდონში, როდესაც გალინა ულანოვას თეატრის წინ აღტაცებული თაყვანისმცემელი შეეგება, მძღოლს მოტორი გამოართვევინა, მანქანას მხრებით მიაწვა და სასტუმრომდე მიაცილა. ასე მოხდა თბილისში, როდესაც „ურიელ აკოსტას“ დასრულებისას უშანგი ჩხეიძის ეტლს მაყურებელმა ცხენები გამოხსნა, თავად შეება და სახლამდე ყიჟინით მიიყვანა. ასე მოხდა მოსკოვში „ოტელოს“ შემდეგ, როდესაც ხალხმა მცირე თეატრიდან გამოსული აკაკი ხორავა მხრებზე შეისვა და სასტუმრო „მოსკოვამდე“ ციმციმ ატარა…“

და ეს ხდება „დათა თუთაშხიას“ ხსენებისას…

დათა თუთაშხია მაყურებლისთვის ოთარ მეღვინეთუხუცესია!

მსახიობის ოთხმოცი წლის იუბილეზე გაგზავნილ წერილში თავად მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმაც (ბერი დავითი) კი ლამის აღიარა, დათა თუთაშხია უფრო მეღვინეთუხუცესისაა, ვიდრე ჩემიო….

თამარ ოთიაშვილ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close