ჭირის სუფრებს შეწირული ქვეყანა – საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო
თითოეულ პაციენტს, რომელიც კორონავირუსის გამო სტაციონარში ხვდება, დაავადების უფრო მძიმე ფორმა აქვს, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს
ეპიდსიტუაცია საქართველოში თანდათან რთულდება. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო.
„თითქმის ყველა აფეთქება, რომელიც გვაქვს, დაკავშირებულია ჭირის სუფრებთან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, ჩვენი ჭირის სუფრები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება და ამაზე უარი უნდა ვთქვათ.
საგანგაშოა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც სტაციონარში ხვდება, დაავადების უფრო მძიმე ფორმა აქვს, ვიდრე ეს იყო პირველი და მეორე ტალღის დროს. გაახალგაზრდავებულია საავადმყოფოში მოხვედრილი პაციენტების ასაკიც. იზრდება რეინფიცირების მაჩვენებელიც.
საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 1085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 1374), გარდაიცვალა შვიდი პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 432-ით გაიზარდა (გუშინ – 422-ით).
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში დადასტურდა 664 შემთხვევა, აჭარაში – 96, იმერეთში – 52, ქვემო ქართლში – 40, შიდა ქართლში – 31, გურიაში – 24, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 120, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია (ჩატარებული ტესტირებებიდან დადებითი პასუხების პროცენტული რაოდენობა): დღიური – 3,03%, ბოლო 14 დღის – 2,56%, ბოლო შვიდი დღის – 2,67%.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დადებითობის მაჩვენებელი თუ 4%-ს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე.
„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს აცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.
ამასთან, გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რამდენად მაღალია რისკი, დადებითობის 4-პროცენტიანი მაჩვენებელი დაფიქსირდეს და ისევ აღმოვჩნდეთ ჩაკეტვის გადაწყვეტილების წინაშე, ტიკარაძე პასუხობს, რომ „დღეს ეს რისკი ძალიან მაღალია“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ის, რომ თუკი გადავიტანდი ინფექციას და გარანტირებული მქონდა, რომ აღარ შემხვდებოდა, ახლა ასე არ არის. იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები, ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, ამის გამო რეინფიცირების შემთხვევები თანდათან იზრდება, როგორც ყველგან, ისე საქართველოში“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 14 აპრილის მდგომარეობით ქვეყანაში უკვე ჩატარებულია 23 493 აცრა (ჯერჯერობით მხოლოდ პირველი დოზა) „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინით.
რაც შეეხება მასობრივ იმუნიზაციას, ეროვნული გეგმის მიხედვით, ივლისიდან იგეგმება დღეში 10 000-დან 15 000-მდე აცრის გაკეთება. რამდენად განხორციელდება ეს გეგმა და დავამარცხებთ თუ არა ვირუსს, ეს ყველა ჩვენგანის არჩევანზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, ამჟამად ვაქცინების მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ორ მთავარ მწარმოებელთან მიმდინარეობს. ეს არის ამერიკული კოპანია „ნოვავაქსი“, რომლის ვაქცინაც ბაზარზე ივნის-ივლისში გამოჩნდება და ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ფაიზერთან“ 1 მლნ დოზა ვაქცინის მოწოდებაზე.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 90 000 დოზა ქვეყანაში აპრილში უნდა შემოვიდეს, თარიღი ზუსტდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 291 214 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 278 683 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3901 პაციენტი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ნინო ხოშტარია
p. s. აცრაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკეთ ნომერზე 15-22.
კომენტარები