„აი, ვის ჩაიხუტებს გულში მთაწმინდა“ – ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა
დღეს დილით გარდაიცვალა ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი. ინფორმაცია ანსამბლმა „რუსთავმა“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. ქართველ მუსიკოსს, კომპოზიტორს, ფოლკლორისტსა და ლოტბარს 10 აგვისტოს 81 წელი შეუსრულდებოდა.
ანზორ ერქომაიშვილი, კოვიდ-19-ის დიაგნოზით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული 19 მარტის შემდეგ. იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ანზორ ერქომაიშვილი 1940 წელს დაიბადა ბათუმში. მან პაპის, თვითნასწავლი მომღერლის, არტემ ერქომაიშვილის რჩევით აირჩია მუსიკის გზა – ჯერ კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში ჩააბარა, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაამთავრა. ანზორ ერქომაიშვილმა ჯერ კიდევ სტუდენტობისას დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში მან ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“ დააარსა, 1968 წლიდან 2019 წლამდე კი ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი იყო.
ანზორ ერქომაიშვილმა სამუსიკო ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მან მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა.
ქართული ფოკლორის დიდ მოამაგეს გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.
დიდ ქართველ ლოტბარს მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია. იგი 2014 წელს თბილისმა საპატიო მოქალაქედ აირჩია.
„აი, ვის ჩაიხუტებს გულში მთაწმინდა“, – წერს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, ლიტერატორი და რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე თავის ფეისბუქგვერდზე.
კომენტარები