ქეცბაია ბერძნებს აფრთხილებს, ქართველები „სათანადოდ შეაფასონ“
საბერძნეთის და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 31 მარტს პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში.
ამ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ბერძნული გამოცემა SDNA საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის (2010-2014), თემურ ქეცბაიას აზრით დაინტერესდა, რომელიც კარგად იცნობს როგორც ქართულ, ისე ბერძნულ ფეხბურთს – იგი ჯერ „აეკში“ თამაშობდა შემდეგ „ოლიმპიაკოსის“ და „აეკის“ მწვრთნელი იყო, ამჟამად კი კვიპროსულ „ანორთოსისს“ წვრთნის. ბერძნულ გამოცემასთან ინტერვიუში ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა და ბერძნები გააფრთხილა.
„საქართველოს ძლიერი გუნდი ჰყავს, ახალი მწვრთნელი (ვილი სანიოლი) და შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი. როგორც ვნახეთ, გუნდს პირველ თამაშში შვედეთთან გაუჭირდა, მაგრამ პირადად მე მომეწონა მისი თამაშის სახე მოედანზე. გუნდი მომენტებს ქმნიდა და ფინალურ ძალისხმევაში ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, ფრესაც იოლად მიაღწევდა.
არ ვიტყოდი, რომ საქართველოს ნაკრები სრულად შემტევი გუნდია. ის დაცვაზე აკეთებს აქცენტს, თამაშობს ორგანიზებულად და ეძებს შესაძლებლობებს, რომ შეუტიოს. კონკრეტულ მოთამაშეებს არ გამოვარჩევ. როგორც აღვნიშნე, გუნდის შემადგენლობაში არის ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებსაც თავის გამოჩენა სწყურიათ და განვითარების კარგი პერსპექტივები აქვთ.
საბერძნეთის ნაკრებს ერთმნიშვნელოვნად არ გამოადგება საქართველოს ნაკრების არასათანადოდ შეფასება. გუნდი თამაშს სერიოზულად უნდა მიუდგეს, თუ უნდა, რომ არ დაზარალდეს“, – აცხადებს ქეცბაია ბერძნულ გამოცემასთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, B ჯგუფის პირველ შეხვედრაში სტუმრად ესპანეთთან ფრედ ითამაშა და ქულა მოიპოვა (1:1), საქართველოს ნაკრებმა კი უკვე ორი მატჩი გამართა და ორივეში დამარცხდა: გასვლაზე – შვედეთთან (0:1), ხოლო მეორე ტურში, თბილისში – ესპანეთთან 1:2.
საბერძნეთი-საქართველოს შეხვედრა ხვალ, 31 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება (საბერძნეთის დროით 21:45 სთ-ზე).
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები