ესქილეს უცნაური სიკვდილი, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის
ანტიკური ხანის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ბერძენმა დრამატურგმა ესქილემ (ძვ. წ. 525-456), რომელსაც „ევროპული ტრაგედიის მამას“ უწოდებენ, უდიდესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა – თავისი დიდებული ტრაგედიები, რომლებიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც ძველ დროში და მათ ავტორს მთელ დედამიწაზე მიაგებენ პატივს.
ესქილეს ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: „შვიდთა ლაშქრობა თებეზე“, „მიჯაჭვული პრომეთე“ და ტრილოგია „ორესტეა“ („აგამემნონი“, „ქოეფორები“ და „ევმენიდები“). გადმოცემით, მთლიანობაში მან 90-მდე ტრაგედია შექმნა (მათ შორის, სატირული დრამები), რომელთა უმეტესობის – 79-ის დასახელება ცნობილია, თუმცა ჩვენამდე მხოლოდ 7-ია მოღწეული (ზემოაღნიშნულის გარდა, კიდევ „სპარსელები“ და „მავედრებელი ქალები“).
ესქილე ცნობილი იყო, აგრეთვე, როგორც უდიდესი მეომარი, მონაწილეობდა მარათონის და სალამინის ბრძოლებში, თუმცა იგი ბრძოლის ველზე არ დაღუპულა – მისი სიკვდილი ძალიან უცნაურმა ფაქტმა განაპირობა. როდესაც „ორესტეა“ დაამთავრა (458 წ.), ესქილემ მალე ათენი დატოვა და მესამედ გაემგზავრა სიცილიაზე, სადაც ქალაქ ჯელაში (Gela) გარდაიცვალა ძვ. წ. 456 წელს. გადმოცემის თანახმად, არწივმა, რომელსაც დიდი კუ ჰყავდა ატაცებული ცაში, მას ბრჭყალები გაუშვა და კუ სიმაღლიდან დრამატურგს თავზე დაეცა, სავარაუდოდ, ბაკნით, რის შედეგადაც იგი მყისიერად გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, არწივი კუს სიმაღლიდან აგდებს ხოლმე ქვაზე, რათა მისი ჯავშანი დაამსხვრიოს და შემდეგ შეჭამოს. არწივს შეეშალა და ესქილეს თავი ქვა ეგონა თუ შემთხვევით გაუვარდა კუ ზუსტად მაშინ, როდესაც დიდი დრამატურგის თავს ზემო მიფრინავდა, უცნობია. პრინციპში, ამას უკვე მნიშვნელობაც არ აქვს.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები