ხელოვნებაარტისტი

ნინო ანანიაშვილი რუსეთში ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს

ქართველი პრიმა ბალერინას, ნინო ანანიაშვილის კარიერაში სიახლეა – 2021 წლიდან იგი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. ამ პოსტის პარალელურად იგი ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.

ნინო ანანიაშვილი ერთხელ უკვე მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, როდესაც 2016 წლის თებერვალში მოსკოვში, თავისი პედაგოგის, გამოჩენილი ბალერინა რაისა სტრუჩკოვას საღამოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა.

გადაწყვეტილების მიზეზებსა და იმაზე, თუ რას გეგმავს ნინო ანანიაშვილი, როგორ შეხვდნენ სიახლეს მისი ოჯახისა და დასის წევრები და მოელის თუ არა კრიტიკას კარიერის რუსეთში გაგრძელების გამო, თავად ნინო ანანიაშვილი `რადიო თავისუფლებასთან~ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

ანანიაშვილის თქმით, ხელოვნების წარმომადგენლებს გასულ წელს ძალიან გაუჭირდათ, მათ დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, კარგია, რომ ოპერისა და ბალეტის მსახიობებს ხელფასები შეუნარჩუნდათ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ამ რთულ სიტუაციაში მათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ.

„მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და, ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება [ნოვოსიბირსკის თეატრიდან შემოთავაზებაზე დათანხმება – რედ.] მიმაღებინა იმ ვითარებამ, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა“, – ამბობს ანანიაშვილი ინტერვიუში.

მისივე თქმით, მარტში ერთი წელი გახდება, რაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დაკეტილია და ისევ უცნობია, როდის გაიხსნება, ყველა დადგმამ მომვალი წლისთვის გადაიწია, გაურკვეველია, როგორი იქნება საბალეტო დასის ფინანსური მდგომარეობა, თუმცა აშკარაა, რომ პრობლემები გარდაუვალია. ანანიაშვილი ამბობს, გამოსავალი ასეთ თანამშრომლობაში იპოვა: „ნოვოსიბირსკის თეატრიც ეძებდა ისეთ თეატრს, რომელთანაც შეძლებდნენ თანამშრომლობას მსახიობების, პედაგოგების, ქორეოგრაფების მხრივ. … ნოვოსიბირსკის თეატრი არ გაჩერებულა, თვეში აქვთ 25 სპექტაკლი, ძალიან კარგი რეპერტუარი“.

მისი თქმით, საქართველოშიც რჩება, სხვაგვარად ამ შემოთავაზებას არ მიიიღებდა, რადგან მანამდეც ჰქონდა რამდენიმე შემოთავაზება, რომელიც თბილისის თეატრიდან მის წასვლას მოითხოვდა, ამიტომ მაშინ უარი თქვა.

„სხვანაირად მე ამ შემოთავაზებას არ დავთანხდებოდი. მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ.

…თან აღარც მე ვარ ახალგაზრდა, სცენას თავი დავანებე, აღარ ვცეკვავ. ამიტომ დროც მეტი მაქვს და ენერგიაც. რომ შემომთავაზონ, მესამე თეატრსაც ავიღებდი… ეს შესაძლებელია და ამ მხრივ მე არ ვარ ერთადერთი. ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ შესაძლოა, რამდენიმე დასს უხელმძღვანელო. მე ხომ სტრატეგიის შემუშავება და რეპერტუარის შექმნა მევალება…

თუ ხარ სამხატვრო ხელმძღვანელი და ზიხარ მხოლოდ შენთვის, აღარავის სჭირდები. და საკმარისია სადმე კონკურსზე გამოვჩნდე, იმწამსვე ახალი წინადადებები მოდის. მაგალითად, როცა ვახტანგ ჭაბუკიანის „ლაურენსია“ გავიტანეთ ესპანეთში, კიდევ მოითხოვეს. სულ უნდა მოძრაობდე, რომ შენ შესახებ იცოდნენ. არ დაგივიწყონ. მე მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით უფრო მეტ სარგებლობას მოვუტან ჩვენს საბალეტო დასს“.

კითხვაზე, თუ როგორ შეხვდა მის გადაწყვეტილებას მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე, ანანიაშვილი ამბობს, რომ მას ეს სულ არ გახარებია: „ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახლში ნაკლებად ვიქნები. უბრალოდ, ჩვენ გაყოფილი გვაქვს სფეროები – მე არასოდეს ვერევი პოლიტიკაში, ის თავად იღებს თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ხანდახან არც ვარ საქმის კურსში. ეს კი ჩემი ცხოვრებაა დღეს, ჩემი სფეროა, ჩემი პროფესია და ხელოვნება. და ამ პროფესიით მინდა მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის“.

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ radiotavisufleba.ge-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close