15 იანვარს იწურება პრემიერ-მინისტრის „საშობო დეკრეტის“ მოქმედების ვადა და კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის და იტალიელთა თავისუფალი გადაადგილების თაობაზე მთავრობის ახალი დადგენილება იქნება საჭირო. საგანგებო მდგომარეობის ვადა კი 31 იანვარს იწურება, თუმცა შესაძლებელია კიდევ 6 თვით გაგრძელდეს – 31 ივლისამდე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ იუწყება.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ 5 იანვარს, საღამოს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც წინა დღეს, ორშაბათს მთავრობამ დაამტკიცა. ბრძანებულების თანახმად, კვირამდე, 10 იანვრამდე მთელ იტალიაში ერთი და იგივე წესები იმოქმედებს, თუმცა ისინი სხვადასხვა დღეს განსხვავებული იქნება.
ორშაბათიდან, 11 იანვრიდან იტალია ისევ „ფერად ზონებს“ დაუბრუნდება, რომლებიც ცალკეული რეგიონისთვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით განისაზღვრება.
8 იანვარს, პარასკევს ცნობილი გახდება ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას ახალი გადაწყვეტილება ინფექციის გავრცელების შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება რეგიონების „ფერები“ („წითელი, ნარინჯისფერი და ყვითელი ზონები“).
შეფასების პარამეტრები იცვლება: „ყვითლიდან ნარინჯისფერ ზონაში“ გადასასვლელად საჭირო იქნება ინფექციის ტრანსმისიის ინდექსი Rt 1-ს არ აღემატებოდეს (ადრე დადგენილი 1,25-ის ნაცვლად), ხოლო „წითელი ზონის“ კატეგორია მიენიჭება ტერიტორიას, სადაც Rt 1,25-ს აღწევს, აქამდე განსაზღვრული 1,50-ის ნაცვლად – შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ზომები მკაცრდება.
6 იანვარს, ნათლისღების დღეს მთელი იტალია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით „წითელი ზონა“ იქნება გადაადგილების შეზღუდვით, აუცილებელი საჭიროების გარდა (ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სამუშაოს მოტივით, ოჯახის გაერთიანება ან მეგობრების და ნათესავების მონახულება დასაშვები იქნება მხოლოდ ერთხელ დღეში, თვითსერტიფიკატის საფუძველზე). გათვალისწინებულია ყველა სხვა მკაცრი შეზღუდვა, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაკავებლად იყო მიღებული გასული 10 თვის განმავლობაში.
ხუთშაბათსა და პარასკევს (7-8 იანვარი) ქვეყანა „ყვითელ ფერს“ დაიბრუნებს, თუმცა აკრძალული იქნება რეგიონებს შორის გადაადგილება, გარდა ზემოაღნიშნული აუცილებელი შემთხვევებისა. დაშვებული იქნება თავისუფალი გადაადგილება რეგიონის ფარგლებში.
კომენდანტის საათი 22:00-იდან 05:00 სთ-მდე ისევ ძალშია. 7-8 იანვარს ნებადართულია რესტორნებისა და ბარების მუშაობა 18:00 სთ-მდე, შემდეგ, 22:00 საათამდე ამ ობიექტებს შეუძლიათ მუშაობა გატანით, ხოლო სახლში მიტანის მომსახურებაზე დროის შეზღუდვა არ გავრცელდება.
მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ღია იქნება 20:00 საათამდე.
შაბათ-კვირას – 9-10 იანვარს მთელი იტალია „ნარინჯისფერი გახდება“. მოსალოდნელია, რომ იტალია „ნარინჯისფერი“ იქნება მთელი იანვრის გამოსასვლელ დღეებში. აკრძალულია რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილება, გარდა ზემოაღნიშნული აუცილებლობის შემთხვევებისა (თვითსერტიფიკატის საფუძველზე), 5000-ზე ნაკლები მოსახლეობის დასახლებებიდან გასვლა ნებადართული იქნება მხოლოდ 30 კმ-ის რადიუსში, თვითსერტიფიკატით. ბარები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ 22:00 სთ-მდე, სახლში მიტანით მომსახურება ნებადართული იქნება შეუზღუდავად. მაღაზიები იმუშავებს 20:00 საათამდე, სავაჭრო ცენტრები კი დაკეტილი იქნება.
ორშაბათიდან, 11 იანვრიდან პარასკევამდე,15 იანვრამდე იტალიაში მოქმედი წესები დამოკიდებული იქნება „ფერად ზონებად“ დაყოფაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, რეგიონებს შორის გადაადგილება („ყვითელი ზონების“ შემთხვევაშიც) აკრძალული დარჩება.
„წითელ ზონებში“ მეგობრების ან ნათესავების მონახულება, ისევე როგორც საშობაო დღესასწაულის პერიოდში, შეეძლება მხოლოდ 2 ადამიანს ერთად (14 წლამდე ბავშვები ამ სათვალავში არ შედიან), თუმცა მუნიციპალიტეტის ფარგლებში (რეგიონიდან სხვა რეგიონში – არა).
რაც შეეხება სტატისტიკას: იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 15 378 შემთხვევა გამოვლინდა (სულ დადასტურებულია 2 181 619 შემთხვევა), გარდაიცვალა 649 პაციენტი (მთლიანობაში – 76 329). Fnomceo-ს ინფორმაციით, კოვიდ-19-მა კიდევ 2 ექიმი იმსხვერპლა და ქვეყანაში კორონავირუსის გამო გარდაცვლილ ექიმთა რიცხვი 281-მდე გაიზარდა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები