ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია პანდემიამდელი ნორმალური ცხოვრების დაბრუნების აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხალხის სურვილზე, რომ აიცრან.
ზოგიერთს, ზოგადად, ვაქცინების უსაფრთხოებაში შეაქვს ეჭვი, ზოგსაც COVID-19-ის ვაქცინების სიახლე და სწრაფად შექმნა აეჭვებს. ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Metafact-მა ამ ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ იმუნოლოგიის, ბიოსტატისტიკისა და ვაქცინოლოგიის 14 ექსპერტს დაუსვა კითხვა.
რას შეიცავს COVID-ის ვაქცინები?
Moderna-ს და Pfizer-ის ვაქცინები რნმ (რიბონუკლეინის მჟავა, მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში. რედ.) ვაქცინებია. რნმ არის კორონავირუს SARS-CoV-2-ში არსებული ინფორმაცია, რომელშიც დაშიფრულია ვირუსის ყველა მექანიზმი.
ორგანიზმის მხრიდან იმუნური პასუხის მისაღებად ტრადიცული ვაქცინები ვირუსის მკვდარ ან მოდიფიცირებულ ვერსიას იყენებენ, შესაბამისად, ორგანიზმს ვირუსის ამოცნობას ასწავლიან და მის მიმართ იმუნიტეტს გამოუმუშავებენ. რნმ ვაქცინები კი ამის ნაცვლად იყენებენ კორონავირუს SARS-CoV-2-ის რნმ-ის მოდიფიცირებულ ვერსიას.
როდესაც რნმ უჯრედში შედის, თქვენი უჯრედი ვირუსის საკუთარ ფრაგმენტს ამზადებს, რომელიც შემდეგ თქვენს ორგანიზმს სხვა ვაქცინების მსგავსად ასწავლის, როგორ გამოიმუშაოს იმუნიტეტი. თავად ეს რნმ საზიანო არ არის; თქვენი უჯრედები რნმ-ს ისედაც მუდამ წარმოქმნიან და იყენებენ.
ლა-ჯოლას იმუნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ კროტის განმარტებით, ნებისმიერ დროს ადამიანის უჯრედს 5000-ზე მეტი სხვადასხვა რნმ შეტყობინება აქვს და ყველა მათგანი დროებითი შეტყობინებაა, რომლებიც უჯრედის მიერ წაკითხვიდან წუთების ან საათების შემდეგ ქრება.
ვაქცინით შეტანილი რნმ ინიექციიდან ერთი დღის შემდეგ ნადგურდება. გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინა შეიცავს რნმ-ის მხოლოდ მცირე ფრაგმენტს, შეტყობინებას, რომელიც კორონავირუსის მხოლოდ ერთი ცილისთვის არის განკუთვნილი. კორონავირუსი 25 სხვადასხვა ცილას შეიცავს და, შესაბამისად, წუხილი იმის შესახებ, რომ ეს რნმ ვირუსს ქმნის, უსაფუძვლოა.
რნმ შეფუთულია ცხიმის ციცქნა ბუშტებში, რომელსაც ლიპიდურ ნანონაწილაკებს უწოდებენ. ამ ლიპიდებს ჩვენი უჯრედები შლიან და აქრობენ. სხვა ინგრედიენტებს შორის არის წყალი, გარკვეული მარილები და შაქარი, რომლებიც ამ ნაწილაკებს სტაბილურობას უნარჩუნებს.
ნანონაწილაკების გზით რნმ-ის შეყვანის ეს ტექნოლოგია ვაქცინებში ამ დრომდე არ იყო გამოყენებული, თუმცა პრეპარატები, რომლებშიც ლიპიდური ნანონაწილაკებია გამოყენებული. 1990-იანი წლებიდან არის მოხმარებაში და ამ დრომდე 20-ზე მეტი ასეთი წამალია დამტკიცებული FDA-ს თუ EMA-ს მიერ. ზოგიერთი ეს მედიკამენტი რნმ-ს ეფუძნება, რნმ ვაქცინების მსგავსად. ისინი, ძირითადად, კიბოს მკურნალობაში და გენურ თერაპიაში გამოიყენება.
თუ გაინტერესებთ, საიდან იციან მეცნიერებმა, რომ COVID-19-ის ვაქცინები უსაფრთხოა, გააგრძელეთ კითხვა აქ: 1tv.ge/news/saidan-ician-mecnierebma
კომენტარები