„ვამაყობ, რომ აქ, ამხელა საფრანგეთში „პატარა საქართველო“ შევქმენი!“
„ყველას უნდა გავაგებინო, თუ რა არის ქართული სული და ქართული ხელოვნება“, – ამბობს საფრანგეთში მოღვაწე ქორეოგრაფი ზურა ცუცქირიძე, რომელმაც ნიცასა და ლიონში ქართული ცეკვის სტუდია დააარსა და ქართველებთან ერთად სხვა ეროვნების ბავშვებსაც ასწავლის არა მარტო ქართულ ცეკვას, არამედ ქართულად ლაპარაკსაც.
ბატონო ზურა, რამდენი ხანია რაც საფრანგეთში ცხოვრობთ და გაგიჭირდათ შეგუება?
უკვე 5 წელია, რაც საფრანგეთში, კერძოდ, ნიცაში ვცხოვრობ. უნდა ვაღიარო, რომ აქაური ცხოვრების რიტმი საკმაოდ რთულია ქართველი კაცისთვის, მაგრამ მაინც გავართვი თავი ჩემი ოჯახის დახმარებით და ახლა უკვე საყვარელი საქმე საკუთარ პროფესიად ვაქციე.
გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
მყავს მეუღლე – ნინო გეთიაშვილი-ცუცქირიძე და სამი ქალიშვილი: ქეთი, ბარბარე და კატო ცუცქირიძეები.
მეუღლე როგორ გაიცანით?
ჩემს კონცერტს დაესწრო და სცენიდან მოვხიბლე, მას მერე სულ მოხიბლული დადის (იცინის). ანსამბლ „რუსთავში“ ვცეკვავდი, იუბილე იყო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და იქ გავიცანი პირველად, მაშინ 17 წლის ვიყავი.
ცეკვის გარდა რა პროფესია გაქვთ კიდევ?
დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფსიქოლოგიის განხრით და, ასევე, აჭარის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (დაუსწრებლად). თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემი ცხოვრება დავუთმე სცენას. 4 წლიდან ვცეკვავ. ანსამბლ „მართვეში“ „ავიდგი ფეხი“. ამის მერე იყო სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, ვარ უმაღლესი კატეგორიის მოცეკვავე. ერთხანს „სუხიშვილებშიც“ ვცეკვავდი. 24 წელი ვიმუშავე ანსამბლ „რუსთავში“, 13 წელი ქორეოგრაფი ვიყავი. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მას.
არაჩვეულებრივი ფაქტია, რომ ცეკვის სტუდია გახსენით საფრანგეთში. მარტო ქართველი ბავშვები დადიან?
ქართული ცეკვის სტუდია „დეისი“ ნიცაში თითქმის ერთი წელია, რაც დავაარსე, 5 თვის წინ კი ქალაქ ლიონშიც გავხსენი. სტუდიაში ქართველების გარდა სხვა ეროვნების ბავშვებიც დადიან. ყველას უნდა გავაგებინო, თუ რა არის ქართული სული და ქართული ხელოვნება. აქაურ ქართველ ბავშვებს ძალიან უჭირთ მშობლიურ ენაზე ლაპარაკი, ბევრი მათგანი აქ დაბადებულია და საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს საქართველოზე, ქართულ კულტურაზე… სწორედ ამის შემხედვარე გადავწყვიტე, გამეერთიანებინა ეს ბავშვები. ვცდილობ, გაკვეთილის დროს ცეკვის ილეთების გარდა ამა თუ იმ ცეკვის ისტორიაც ავუხსნა.
სამომავლოდ რას აპირებთ?
სამომავლოდ გაფართოებას ვფიქრობ, ვაპირებ ცეკვის სტუდია გავხსნა ქალაქ სტრასბურგშიც.
თავისუფალი დროის გამონახვას თუ ახერხებთ და რით ხართ ხოლმე დაკავებული?
თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, სულ გაკვეთილები და გაკვეთილები… ორშაბათიდან პარასკევამდე ნიცაში ვატარებ ცეკვის გაკვეთილებს, შაბათ-კვირას კი – ლიონში; როგორც კი პატარა დრო გამომიჩნდება, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს საყვარელ ოჯახთან ერთად ვიყო, რადგანაც ჩემი გოგონები ძალიან მენატრებიან. სანამ სტუდიას გავხსნიდი, მთელ ყურადღებას მათ ვუთმობდი, მათ სწავლას ვაკონტროლებდი და ასე შემდეგ – სულ მათ გვერდში ვიყავი, ახლა კი ძალიან განვიცდი, რომ ამის დრო აღარ მაქვს.
საქართველოში დაბრუნებაზე ფიქრობთ?
მე ჩემი ქვეყანა ისე მიყვარს თავისი ლამაზი ქართველებით, რომ სტუდიასაც ჩემი სოფლის სახელი – დეისი (ხარაგაულის რაიონშია) დავარქვი. მთელი ბავშვობა მაკავშირებს ამ სოფელთან, ასევე, ცეკვასთან – ჩემი ყველაზე ტკბილი მოგონებები მათ უკავშირდება; ასე რომ, ორივე გავაერთიანე და ჩემი საყვარელი „დეისი“ მაქვს ახლა აქ.
ამაყი ვარ იმით, რომ აქ, ამხელა საფრანგეთში „პატარა საქართველო“ შევქმენი: ჩვენთან, სტუდიაში ქართული ატმოსფეროა, ყველა სხვა ეროვნების ბავშვებმა, რომლებიც სტუდიაში მოდიან, იციან, რომ არა მარტო ქართული ცეკვა, არამედ ქართული ლაპარაკიც უნდა ისწავლონ. ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის რამხელა ბედნიერებაა, სხვადასხვა ეროვნების ბავშვები ქართულ ჰიმნს რომ მღერიან. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ბევრ ქართველს გავაერთიანებ და ცეკვა „ხორუმით“ ვაჩვენებ, ვინ ვართ და როგორი მაგრები ვართ ქართველები!
როგორ მიმართავდით საფრანგეთიდან საქართველოსა და ქართველებს?
ჩემს ქართველებს ვეტყოდი: ძალიან მიყვარხართ და მენატრებით! – რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები ამაში. მჯერა, რომ მალე მოვა ის დრო, როცა ჩვენ ყველანი დავბრუნდებით ჩვენს საყვარელ საქართველოში.
დიდი მადლობა, ბატონო ზურა, წარმატებებს გისურვებთ!
დიდი მადლობა თქვენ!
ესაუბრა ქეთი კვირკველია
იხ., აგრეთვე: შვედეთში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა ზაალ კოკაიამ ინსულტით დაზიანებული ტვინის კერების აღსადგენად ღეროვანი უჯრედების გამოყენების შესახებ კვლევაში დიდ წარმატებას მიაღწია: http://nostal.ge/2018/06/22/zaal-kokaia-svedetsi-morvawe/
კომენტარები