კინო/ფილმები

„ვერის უბნის მელოდიების“ დაუვიწყარი ამბები და ჰანგები

რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმებს შორის „ვერის უბნის მელოდიებს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ქართულ კინემატოგრაფში, ფაქტობრივად, პირველად მთელი სისრულით სწორედ ამ ფილმში აისახა მიუზიკლისათვის დამახასიათებელი ტრადიციები და მეორეც, მსახიობების გალერეა, რომელიც რეჟისორმა „ვერის უბანში“ შეკრიბა, ნებისმიერ კინოსურათს დაამშვენებდა.

და კიდევ – ფილმის ეკრანზე გამოსვლის (გადაღებულია 1973 წელს, ეკრანზე 1974 წელს გამოვიდა) შემდეგ, ალბათ არცერთ ახალ წელს „ვერის უბნის მელოდიების“ გარეშე არ ჩაუვლია.  

ყველაფერი ასე დაიწყო

გიორგი შენგელაიას შუათანა შვილს, სანდროს, ბავშვობისას ძალიან უყვარდა მიუზიკლები. ამ ჟანრის ფილმების სანახავად მამას იგი კინოთეატრებში ხშირად დაჰყავდა. ერთხელ სანდრო მოულოდნელად მიუტრიალდა და ჰკითხა: „რა ფილმებს იღებ, არ შეგიძლია ასეთი ფილმი გადაიღო?“ შვილის შეკითხვამ რეჟისორი დააფიქრა და… „თუ დამიჯერებთ, „ვერის უბნის მელოდიები“ მართლა მისთვის გადავიღე. თან მაშინ სოფიკო ჭიაურელის ქმარი ვიყავი და მინდოდა, რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რომ სოფიკოს კარგი როლი ეთამაშა. ამ ფილმის ისტორია, ფაქტობრივად, აქედან იწყება“, – მითხრა ბატონმა გიორგიმ  წლების წინ, როდესაც  „ვერის უბანში“ „მეგზურობა“ ვთხოვე.

„მელანიას ოინებიდან“ „ვერის უბნის მელოდიებამდე“

გიორგი შენგელაიამ და მისმა უახლოესმა მეგობარმა, შესანიშნავმა პოეტმა ანზორ სალუქვაძემ ძველ სიუჟეტებში დაიწყეს ქექვა და პიესა „მელანიას ოინები“ აღმოაჩინეს, რომელიც თავის დროზე ძველი თბილისის სცენებზე იდგმებოდა. ეს პიესაც, ისევე როგორც ყველა ძველი პიესა (მაგალითად, „სამშობლო“ ფრანგული პიესიდან იყო გადმოღებული, „ხანუმა“ კი ავსტრიული ვოდევილის, „მაჭანკალის“ შეცვლილი ვარიანტია), უცხოურიდან იყო გადმოკეთებული. მეგობრებმა პიესიდან მხოლოდ ფაბულა, უფრო სწორად, ფაბულის ნაწილი აიღეს და შექმნეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ძალიან მალე „ვერის უბნის მელოდიები“ გადაიღეს. პიესაში მთავარი გმირი შეშას იპარავს და შემდეგ მთელი მოქმედება პოლიციაში ხდება, ფილმში კი, მოგეხსენებათ, სიუჟეტი როგორ ვითარდება. სხვათა შორის, პიესაში გოგონები ნახსენებიც არ არიან.

გამჟღავნებული საიდუმლო

მიუზიკლი სპეციფიკური ჟანრია. ის ინგლისში ძველი დროის რელიგიური მისტერიებიდან წარმოიშვა, შემდეგ კი სახალხო თეატრში პოვა ასახვა. მას თავისი ტრადიციები აქვს: უყვარს ცოტა ზღაპრული სიუჟეტი, უნდა იყოს კოსტიუმირებული და მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული თავისებურება ისიც არის, რომ გარდა სამსახიობო ხელოვნების საუკეთესოდ ფლობისა, ფილმის გმირი კარგად უნდა მოძრაობდეს, ცეკვავდეს, მღეროდეს…

რეჟისორმა ამ მხრივ (და არა მარტო) მსახიობების მართლაც შესანიშნავი ანსამბლი ჩამოაყალიბა: სოფიკო ჭიაურელი, ვახტანგ კიკაბიძე, ალიასა ფრეინდლიხი, კახი კავსაძე, დოდო აბაშიძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ზურაბ კიკალეიშვილი, გიორგი ქავთარაძე… და, ცხადია, ია ნინიძე და მაია კანკავა, რომლებიც მაშინ პატარა გოგონები იყვნენ. ამ გოგონების შესარჩევად ათასობით ბავშვი გასინჯეს და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვეს შესაფერისი კანდიდატები.

„როდესაც ეს გოგონები როლებზე დავამტკიცე, დანარჩენ მსახიობებს სინჯები ვაჩვენე და ვუთხარი, ასე უნდა ითამაშოთ-მეთქი. მგონია, რომ მათ მართლაც ბავშვურად, ძალიან გულწრფელად ითამაშეს. არ შემიძლია აქვე ერთი საიდუმლო არ გაგიმხილოთ: უნდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის კამერტონი ია ნინიძე და მაია კანკავა იყვნენ. ისინი რომ არა, შეიძლება მსახიობებს ცოტა სხვანაირად ეთამაშათ.

გარდა ამისა, ფილმში ძალიან ბევრი იმპროვიზაციაა და იმპროვიზაციის ეს ელემენტებიც ბავშვებისგან წამოვიდა – ისინი თვითონვე იგონებდნენ უამრავ რამეს. მსახიობებისგანაც ბევრი იმპროვიზაცია მოდიოდა. ზოგჯერ პირდაპირ გადაღებაზე იგონებდნენ ტექსტებს. ფილმში არის ერთი სცენა, როდესაც დოდო აბაშიძის გმირი პოლიცმაისტერი პანკესას (რამაზ ჩხიკვაძე) ჩხრეკს. ჩხრეკას აღა გეორქა ესწრება, რომლის როლსაც ეროსი მანჯგალაძე ასრულებს. ეს სცენა ისე მთავრდება, რომ დოდო ამბობს: „როგორც პილატე, მე ხელებს ვიბან ამ უბნიდან“. ამ დროს ეროსი რაღაცას ეუბნება. გადაღების დროს დოდო უცებ მიტრიალდა და უთხრა: „ტარაკან!“ – აღა გეორქა მართლა ტარაკანს ჰგავდა. ეს ფრაზა სცენარში არ იყო, მაგრამ ფილმში დარჩა…“ – მიამბო გიორგი შენგელაიამ

მაია კანკავა – თამრო

„ბატონმა გიორგი შენგელაიამ დიდი საჩუქარი გამიკეთა, როდესაც „ვერის უბნის მელოდიებში“ თამროს როლზე დამამტკიცა. ამ ფილმში კი არ ვთამაშობ, ეს გოგონა თავად ვარ – ასეთი ვიყავი ბავშვობაში: ვმღეროდი, ვცეკვავდი, ინსტრუმენტთან რაღაცებს ვთხზავდი, სარკის წინ კონკრეტულ გმირებს ვასახიერებდი და ასე შემდეგ.

გადაღებები, ძირითადად, პავილიონში გვქონდა. მახსოვს, მე და ია ვიღაცის მიერ ნათქვამ სიტყვას, ნებისმიერ სიტუაციას თუ ურთიერთობას ავიტაცებდით და ამას ვთამაშობდით ხოლმე. ეს იყო პლასტიკაში გათამაშებული, ვთქვათ, გიორგისა და სოფიკოს რაღაც მონოლოგი (მე გიორგი ვიყავი, ია – სოფიკო), თუ ჩვენი გრიმიორის – ლეილას სიარულის მანერა. ახალგაზრდა გოგო იყო, საოცრად გამხდარი, რომელიც ისე დადიოდა, თითქოს ნიავი მიაქანებდა – ამას ვასახიერებდით ხოლმე. ყოველივე ამის გამო კი გადაღებები იწელებოდა, თუმცა შედეგად ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და ორიგინალური გამოდიოდა.

მახსოვს, „ანა-ბანა, ანა-ბანა, მამამ შეშა მოგვიტანაო“, რომ ვღერით და შეშას ვხერხავთ, ამ სცენის გადაღებისას 40 გრადუსი სიცხე მქონდა. მე კი ამ დროს სიცივეში, ზაფხულის ტანსაცმლით მომიწია გარეთ გასვლა… ერთხელ ცხენებმაც გაგვიტაცეს მე და ია. ალბათ გახსოვთ ის სცენა, მედროგე პავლეს ცხენზე რომ ვსხდებით და „ტანცკლასში“ მივდივართ. ერთ-ერთი გადაღების დროს ავედით დროგზე და ცხენებმა გაგვიტაცეს. ბატონმა გიორგიმ გადაგვარჩინა – გაქანებულ ცხენებს წინ გადაუდგა, არადა, იყო საშიშროება, რომ ცხენებს გადაეთელათ…“

ტანცკლასის მასწავლებელი

გოგონების ცეკვის მასწავლებლის, ინოჩენცის როლზე რეჟისორს თავიდან ცნობილი ქორეოგრაფი იური ზარეცკი ჰყავდა დამტკიცებული, რომელიც შემდეგ კახი კავსაძით შეიცვალა. აი, როგორ იხსენებს ბატონი კახი ამ ფაქტს:

„ერთ მშვენიერ დღეს მივდივარ თეატრში, სპექტაკლი მქონდა – „ჩვენი მელოდიები“, სადაც მე და იზა გიგოშვილი ვცეკვავდით… შევდივარ თეატრში და – უცებ გიორგი შენგელაია მხვდება. მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი. მითხრა, ფილმს ვიღებო. მერე, ბიჭო, უჩემოდ როგორ იღებ-მეთქი, გვეხუმრე. შეწუხდა, უკვე ყველა როლი დამტკიცებულიაო. მივხვდი, რომ ჩემი ხუმრობით უხერხულ სიტუაციაში ჩავაგდე… მერე რაღაც-რაღაცებზე კიდევ ვისაუბრეთ და მე საგრიმიოროში შევედი, რომ სპექტაკლისთვის მოვმზადებულიყავი. თურმე ცეკვის მასწავლებლის – ინოჩენცის როლზე ცნობილი ქორეოგრაფი იური ზარეცკი ჰყავდა დამტკიცებული და იმ დღეს მისი ნამუშევრის სანახავად იყო მოსული. აქედან გამომდინარე, იმ საღამოს „ჩვენს მელოდიებს“ დაესწრო. სპექტაკლის შემდეგ კულისებში შემოვიდა და გამომიცხადა: ცეკვის მასწავლებელი შენ უნდა ითამაშოო. ზარეცკისთვის უთქვამს, შენ ფილმს ქორეოგრაფიულად გააფორმებ, ცეკვის მასწავლებელს კი კახი ითამაშებსო.

ძალიან დიდი აზარტით ჩავები ამ სამუშაოში. იტალიური ენის შესწავლაც კი დავიწყე. რაღაცებს ვიგონებდი, ვფანტაზიორობდი. როგორც კი რამე ახალს მოვიფიქრებდი, გავვარდებოდი გიორგისთან, აი, ნახე, რა მოვიფიქრე-მეთქი. მახსოვს, ერთხელ გამთენიისას დავადექი თავზე. არ მეუბნებოდა, წადი, თავი დამანებეო, მაგრამ… მოკლედ, კარგა მაგარად „გავუხურე“ საქმე. მერე უკვე, „ვერის უბნის მელოდიების“ გადაღებები რომ დავიწყეთ, გიორგიმ არაჩვეულებრივი მსახიობი და შესანიშნავი ქალბატონი ალისა ფრეინდლიხი გამაცნო. მასთან დღემდე დიდი მეგობრობა მაკავშირებს და ძალიან მიყვარს. დარწმუნებული ვარ, მასაც ძალიან ვუყვარვარ“.

„ვიღაცას შეშა მოუპარია…“

ვარდოს როლს რომ სოფიკო ჭიაურელი შეასრულებდა, რეჟისორს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, მედროგე პავლეს როლზე ვახტანგ კიკაბიძის დამტკიცება კი სინჯების შემდეგ მოხდა. რეჟისორს დიდ მიღწევად მიაჩნდა ამ ფილმში ზურაბ კიკალეიშვილის მონაწილეობაც. ის კლასიკური ბალეტის მსახიობი იყო, მაგრამ ფილმში არაჩვეულებრივად გარდაიქმნა. ზურაბ კიკალეიშვილი ფილმში იაშკას როლს ასრულებს – მეგაზეთეს, რომლის სიმღერაც „ვიღაცას შეშა მოუპარია, ვერის უბანში მოუპარია, თუ დაიჭირეს, ბასტა!“ დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. მან თავისი როლი მართლა ძალიან მაღალ დონის ინგლისური მიუზიკლის შესაბამისად შეასრულა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ფილმში მსახიობების უმრავლესობა თვითონ მღერის: ბუბა მომღერალია და თვითონ მღერის, ალისა თვითონ მღერის, თვითონ მღერიან, აგრეთვე, რამაზ ჩხიკვაძე, ბავშვები და, თქვენ წარმოიდგინეთ, დოდო აბაშიძეც კი, რომელსაც, როგორც ამბობენ, საერთოდ არ ჰქონდა სმენა. „თუ სხვა მსახიობების ჩაწერას, რომელთაც გრძელი სიმღერები ჰქონდათ, 6-8 საათს ვუნდებოდი, დოდოს ოთხი დღის განმავლობაში ვწერდი და ბოლოს მისი ნამღერი „დავაწებე“. ამის გამო ეროსი მანჯგალაძე ძალიან გამინაწყენდა (დოდო და ეროსი მეგობრები იყვნენ), ამ უსმენოს მიეცი სიმღერა და მე არაო“, – სიცილით იხსენებდა რეჟისორი.

ერთი სიტყვით, ამ მხრივ სოფიკო ჭიაურელის შემთხვევა გამონაკლისი იყო. მას ძალიან მაღალი ხმა ჰქონდა და ამიტომ ფილმში სოფიკოს ნაცვლად ნანი ბრეგვაძე მღერის.

ფილმის უკვდავი მელოდიების ავტორი კომპოზიტორი გოგი ცაბაძეა. როგორც გიორგი შენგელაიამ გვითხრა, „გოგი ძალიან ადვილად და ლაღად წერდა მუსიკას, დაჯდებოდა როიალთან და უცებ ქმნიდა დაუვიწყარ ჰანგებს. რამდენიმე სიმღერის თემად ხალხური ტექსტი სპეციალურად შევარჩიეთ. მათ შორის, ფილმის ბოლოს ქრისტეშობაზე რომ სიმღერაა, ისიც“.

ბუბა იხსენებს

„როცა სურათი დაამონტაჟეს, გიორგიმ მხოლოდ მერე შენიშნა, რომ ფილმს რაღაც აკლდა, არადა, სურათში მოქმედება ზაფხულში ხდებოდა, მაშინ კი უკვე დეკემბერი იყო, ლაპარაკის დროს პირის ანაორთქლი ჩანდა. „ვაიმე, ბუბა, დავიღუპეთო, – მითხრა გიორგიმ, – ერთი ეპიზოდი დაგვრჩა გადასაღები, უიმისოდ არაფერი გამოვაო“. მოკლედ, პავლეს დროგით უნდა გამევლო პეროვის დაბლა, მის პარალელურ ქუჩაზე – გადაღება იქ გადაწყვიტეს. ღამე, 12 საათის შემდეგ ქუჩა გადაიკეტა, მოიყვანეს დროგი. საშინელი ქარია, სიცივე ძვალ-რბილში ატანს. ერთი „ლამაზო“ გვყავდა, გოგი ერქვა ნამდვილი სახელი, მხატვარი იყო კინოსტუდიაში. ჰოდა, მე და „ლამაზო“ შეყუჟულები ვართ სადარბაზოში, სანამ გადაღებაზე დაგვიძახებენ. ვიღაცის კარზე ვართ ატუზულები და ვეუბნები: ეჰ, გოგიჯან, ახლა რომ ეს კარი გაიღოს და ბინის პატრონმა გვითხრას, ბიჭებო, ხომ არაფერს დალევთ, მადლი არ იქნება? ამ სიტყვების დამთავრებაც ვერ მოვასწარი, მართლაც გამოიხედა კაცმა და გვკითხა: დალევთ რამეს? საიდან გაიგეთ-მეთქი? – გამეცინა. ფანჯრიდან გიყურებდით, აქ რომ შემოხვედით და ვიფიქრე, ძალიან ცივა, ცოდოები არიან-მეთქი. ოღონდ ჩუმად შემოდითო, გვთხოვა, ცოლი მყავს შეუძლოდ და არ მინდა გავაღვიძოო. სიხარულით შევყევით და ოც წუთში რომ დაგვიძახეს, კარგად შეჟუჟუნებულები გამოვედით იქიდან.

მახსოვს, როდესაც, ბაქოს ფესტივალზე „ვერის უბნის მელოდიებმა“, როგორც მუსიკალურმა ფილმმა, პირველი პრემია მიიღო, ჩვენებაზე გვერდით ვასილ შუკშინი მეჯდა (მაშინ მისი „წითელი ძახველიც“ დააჯილდოეს). უცნაური კაცი იყო, ღმერთმანი. უცებ თავი ჩაღუნა და შევნიშნე, ჩუმად როგორ მოიწმინდა ცრემლი. რა იყო-მეთქი? – ვკითხე. ის კადრი თუ გახსოვთ, პავლე სახლში რომ ბრუნდება, ბავშვებს უკვე სძინავთ, ის კი უბიდან საჭმელს ამოიღებს და ნაღვლიანი ალერსით დაჰყურებს შვილებს, ამაზე მითხრა სწორედ, რა კარგად თამაშობ, ბაბუაჩემი გამახსენდა, იმანაც ასე იცოდა, ნახევარ პურს მოგვიტანდა და გაგვიყოფდა, ჩვენც ეგრე გავიზარდეთო… მართლა მაგარი ფილმი გააკეთა გიორგიმ…“

***

მოსკოვის „კინოს სახლში“ ფილმის ჩვენების დროს ერთი ასეთი ამბავიც მოხდა: ფილმი რომ დამთავრდა, ხალხში დიდი აჟიაოტაჟი ატყდა, რადგან ძალიან მოეწონათ. უცებ ერთი კაცი გარეთ გამოვარდა და სახლში რეკავს: „სლუში, ზინა, ია პასმატრელ ტაკუიუ კარწინუ!!! „მელოდიი ევრეისკოგო კვარტალა“… თვითონ ის კაცი ებრაელი იყო.

„ვერის უბნის მელოდიები“ ეკრანზე 1974 წელს გამოვიდა. 1977 წელს ფილმმა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ქართული კინოს ისტორიაში ის ყველაზე დიდშემოსავლიანი ფილმების რიცხვში შევიდა.

რამდენიმე წლის წინ გიორგი შენგელაიას დაუვიწყარი მიუზიკლი რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ღია ცის ქვეშ გააცოცხლა.

თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close