ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„საქართველოს ყოველი წარმატება უდიდესი სიხარულია ჩემთვის, სულ მცირედი წარუმატებლობა კი – დიდი ტკივილი!“ – მალხაზ ნანიკაშვილი ისრაელიდან

ბარ-ილანის უნივერსიტეტის (Bar-Ilan University, რამათ განი, ისრაელი) ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტში მუშაობს ერთი თბილისელი კაცი, ფილხაზ (მალხაზ) ნანიკაშვილი, რომელიც ისრაელში საცხოვრებლად 10 წლის წინათ წავიდა. ამბობს, რომ გაუმართლა, რადგან ისრაელში 55 წლის ასაკში ჩავიდა და მალევე დაიწყო მუშაობა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტში თავისი სპეციალობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ცნობილი მიზეზების გამო, იძულებული გახდა, თავი დაენებებინა სამეცნიერო საქმიანობისთვის და სხვა სფეროში დაეწყო მუშაობა.

ახლა იგი ცდილობს, ბარ-ილანის უნივერსიტეტსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო წრეებს შორის კონტაქტები დაამყაროს ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. მისი მცდელობა ამ ეტაპზე პანდემიამ შეაფერხა, თუმცა იმედია, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გამოსწორდება, ეს ურთიერთობები გაგრძელდება და თანამშრომლობა წარმატებული იქნება.

მალხაზ ნანიკაშვილი 1980 წელს გავიცანი „მცირე აკადემიაში“, ლეჩხუმში, ცაგერის სოფელ ლაჯანაში – მე მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და ზაფხულში სპეციალურ ბანაკში გამგზავნეს ჩემი რაიონიდან. „მცირე აკადემიაში“ ყოველ წელს იკრიბებოდნენ მაღალი კლასების წარჩინებული მოსწავლეები მთელი საქართველოდან. ლექცია-სემინარებს ახალგაზრდა მეცნიერები გვიკითხავდნენ არჩეული სპეციალობების მიხედვით (მე ქართული ენის და ლიტერატურის ჯგუფში ვიყავი). მალხაზი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული სპეციალისტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ქიმიკოსების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. წარმოსადეგი, მუდამ კეთილგანწყობილი ახალგაზრდა მეცნიერი საყოველთაო სიმპათიით სარგებლობდა.

დაუვიწყარი ერთი თვე გავატარეთ ბანაკში – ლექციების გარდა ათასგვარ ღონისძიებებს ვაწყობდით, იუმორის საღამოების ჩათვლით. არაერთი მეგობარი შევიძინე მაშინ „მცირე აკადემიაში“, რომლებსაც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების შემდეგაც ვხვდებოდი.

რამდენიმე წელში ყველაფერი შეიცვალა, დაიწყო „ბნელი“ 90-იანები და ბევრი მაშინდელი ნაცნობის კვალი დამეკარგა.

ამ ცოტა ხნის წინათ კი სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მალხაზი ისრაელის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში მუშაობს…

მალხაზ ნანიკაშვილი თსუ-ში კონფერენციაზე, 2019 წ.

მესენჯერით ვისაუბრეთ… ისეთი განცდა მქონდა, თითქოს „მცირე აკადემიაში“ დავბრუნდი.

აღმოჩნდა, რომ მან საქართველო მხოლოდ 2010 წელს დატოვა. რატომ წავიდა 55 წლის ასაკში ისრაელში, რას საქმიანობდა მანამდე საქართველოში და როგორ ცხოვრობს ახლა ისრაელში – ამას მკითხველი ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობს.

მალხაზ, ბევრი ქართველი ებრაელი წავიდა ისრაელში 70-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირმა მათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა. ბევრი წავიდა 90-იანი წლების დასაწყისში. შენ მაშინ საქართველოში დარჩი, ეს გასაგებია, მაგრამ რატომ წახვედი 2010-ში?

2010 წელს კარგი მიზეზით არ წამოვსულვარ ისრაელში – დედა გარდამეცვალა და მამა რჩებოდა მარტო. ჩემი მშობლები 1995 წელს წამოვიდნენ საცხოვრებლად (და დასახლდნენ ქალაქ ლოდში), დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა – გული აწუხებდა. ისრაელში გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია ღია გულზე. აქ ყველა პირობა ჰქონდათ – სოციალური დაცვა, პენსია, სამედიცინო მომსახურება… დედის გარდაცვალების შემდეგ (2010 წ.) მამა არ დავტოვე მარტო 82 წლის ასაკში.

დღევანდელი  გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ვფიქრობ, ადრე რომ წამოვსულიყავი, ალბათ უფრო მეტს მივაღწევდი ჩემს პროფესიაში. ძალიან არ მიყვარს ეს „ალბათ“, მაგრამ ჩემი სპეციალობის დატოვება ნამდვილად არ მომიწევდა უპერსპექტივობის გამო.

უაღრესად  მადლიერი ვარ ჩემი ყველა მასწავლებლის, თბილისის უნივერსიტეტის პედაგოგების და შემდეგ ჩემი ხელმძღვანელის (აკადემიკოსი ევგენი შჩუკინი) მოსკოვში, სადაც დისერტაცია დავიცავი. იმდენად თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ ახლა თავს ჩემს სპეციალობაში, თუ არა ის განათლება, რომელიც თბილისსა და მოსკოვში მივიღე, ეს გამიჭირდებოდა.

უფრო ადრე კი იმიტომ არ წამოვედი, რომ საქართველოში წარმატებული ვიყავი, ლაბორატორიის გამგის მოადგილე, თითქოს კარგად მიდიოდა ყველაფერი…

ამ დროს ინგრევა ქვეყანა, მრჩება ორი შვილი და მილიონერი ვხდები – კუპონებში.

მერე ქიმიას „შევეშვი“ და სხვადასხვა სფეროში დავიწყე მუშაობა, რადგან ქიმიკოსობით იმ პერიოდში ოჯახს ვერ შევინახავდი. ვმუშაობდი საქველმოქმედო ორგანიზაციაშიც (AJJDC – „ჯოინთი“ – ამერიკის ებრაელთა გაერთიანებული გამავრცელებელი კომიტეტი), შემდეგ ვიყავი ამიერკავკასიაში პირველი ებრაული საქველმოქმედო ცენტრის – „ხესედ ელიაჰუს“ პირველი დირექტორი, აზიის რეგიონის საზოგადოებრივი და სოციალური ინსტიტუტის დირექტორი.

მე ფიზიკური ქიმიის სპეციალისტი ვარ, ჩემმა მეგობრებმა, ორგანული ქიმიის სპეციალისტებმა, რომლებიც ისეთ ნატიფ სინთეზებს აკეთებდნენ, რომ 15-20 სტადია მიდიოდა რეაქციები, უცებ ვალერიანის წვეთების გამოშვება დაიწყეს, კოოპერატივები გახსნეს –  თავი ხომ უნდა გადაერჩინათ! ასე მოხდა სპეციალისტების დეკვალიფიკაცია.

რომ ჩამოვედი ისრაელში, დავიწყე მუშაობა და ჩემი თვალით ვნახე, რამდენად წინაა წასული აქ მეცნიერება, ერთადერთი, რის სურვილიც დღიდან ჩამოსვლისა, მქონდა და მაქვს: ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც საქართველოში არიან, სულ ცოტა, ნორმალურ ხელსაწყოსთან მუშაობის საშუალება ჰქონდეთ. მართლა ძალიან მინდა ეს…

რა თქმა უნდა, ჭკუას არავის ვასწავლი, მაგრამ 90-იან წლებიდან საქართველომ თავისი განვითარების კონცეფცია და პროგრამა ვერ დადო – რა უნდა. ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება, ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება – ესაა პროგრესი, ესაა საქართველოს  მომავალი…

მართლაც რთული წლები გამოვიარეთ, საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებები „არაპრიორიტეტულად“ იქცა, ამან საქართველო ძალიან დააზარალა…

მახსოვს, ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში ვმუშაობდი – მეტრო „დელისიდან“ ჯიქიას ქუჩაზე უნდა ავსულიყავი, ტროლეიბუსი არ იყო, ავტობუსი არ იყო, ყოველთვის ხომ ვერ წახვიდოდი ტაქსით?! ფეხით ერთი საათი გინდოდა. ახვიდოდი და ისიც არ იცოდი, შუქი ან წყალი იქნებოდა თუ არა.

ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად მოუმზადებელი და ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ინტელიგენცია.

როგორც ვიცი, ლექციებსაც კითხულობდი უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე…

80-იანი წლების ბოლოს 50-კაციანი ჯგუფიდან ჩემს ლექციებს 15-20 კაცი ესწრებოდა, სემინარებზე 17-20-კაციანი ჯგუფიდან 7-8 სტუდენტი მოდიოდა და ესეც დიდი მიღწევა იყო იმ დროისთვის, რადგან დასწრების აღრიცხვას ჟურნალში არ ვაწარმოებდი. იმის მაგივრად, რომ ესწავლათ, ახალგაზრდები მიტინგებზე დადიოდნენ.

ერთხელ ერთი სტუდენტი გოგონა მოვიდა და მითხრა (სხვები ამასაც არ თვლიდნენ საჭიროდ, ისე აცდენდნენ):  ბატონო მალხაზ, დღეს ვერ მოვალ სემინარზე, მიტინგზე მივდივარო, 89 თუ 90 წელი იყო…

ვუთხარი, საქართველო დამოუკიდებელი მაინც გახდება და მაშინ უფრო დასჭირდება სპეციალისტები, მცოდნე ადამიანები. თქვენ ჯობია, ისწავლოთ-მეთქი…

არასწორი პრიორიტეტები იყო: „გეპეიში“ იურიდიულს და ჟურნალისტიკას რომ გახსნი (ამ სპეციალობების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რა თქმა უნდა) და საინჟინროს დაკეტავ, როცა  ქართველი ინჟინრები, განსაკუთრებით სამთო ინჟინრები, ხიდების ინჟინრები, მთელ საბჭოთა კავშირში მოთხოვნადები იყვნენ, რაზე უნდა ილაპარაკო საერთოდ?!..

საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე?

კი, რამდენჯერმე ჩამოვედი, ბოლოს გასული წლის ნოემბერში ვიყავი ჩამოსული: ჩემი ინიციატივით და ბატონ თამაზ მარსაგიშვილის (განათლების მინისტრის მოადგილე იყო მაშინ) დიდი დახმარებით, მოვახერხე და ბარ-ილანის უნივერსიტეტის დელეგაცია ჩამოვიყვანე თბილისში – ბარ-ილანის ახალი ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი და 3 ლაბორატორიის გამგე. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა, მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარულ უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტში, „ბაქტერიოფაგში“… ძალიან კარგი შთაბეჭდილებით წამოვედით ბენდუქიძის [აგრარული] უნივერსიტეტიდან, ძალიან ადეკვატური დონეა, აგრეთვე, ილიას უნივერსიტეტიდან, ძალიან მოეწონათ და პერსპექტიულად მიიჩნიეს „ბაქტერიოფაგთან“ თანამშრომლობა… თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩატარდა აკადემიკოს ბეჟან ჭანკვეტაძის  ხელშეწყობით.

მიხეილ ჩხენკელის ვიზიტი ბარ-ილანის უნივერსიტეტში

იანვარში კი ბარ-ილანში იყო ჩამოსული განათლების ახალი მინისტრი ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი. მერე გავაგრძელეთ მუშაობა და პრაქტიკული ნაბიჯიც გადაიდგა: ბარ-ილანმა გააფორმა ხელშეკრულება რუსთაველის ფონდთან და ახლა უნდა გამოცხადებულიყო კონკურსები ერთობლივი კვლევების შესახებ ორივე მხარის დაფინანსებით (სპეციალური ფონდი უნდა შეიქმნას), სხვადასხვა მიმართულებებით: ნანოტექნოლოგიების, ბიოლოგიის, ფიზიკის მიმართულებით – ძალიან მიხარია, რომ ეს ურთიერთობა დაიწყო.

რუსთაველის ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია და ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დრორ ფიქსლერი

რუსთაველის ფონდის დირექტორის მოადგილე იყო ძალიან კარგი ქალბატონი ნინო გაჩეჩილაძე, რომელიც გვეხმარებოდა კომუნიკაციაში…

ცოტა ხნის წინ რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახალი ხელმძღვანელია ჯაბა სამუშია, რომელიც ისრაელშიც იყო ჩამოსული. მივწერე, მივულოცე და მითხრა, რომ ამ პროექტს არაფერი ემუქრება და აუცილებლად გაგრძელდებაო. ვნახოთ…

რუსთაველის ფონდის დელეგაცია ბარ-ილანში

ბარ-ილანის უნივერსიტეტში სხვა ქართველი მეცნიერი თუ მუშაობს? ან ქართველი სტუდენტები თუ სწავლობენ? საერთოდ, ისრაელში სასწავლებლად ქართველები, თუ არ ვცდები, ნაკლებად მიდიან, ალბათ სწავლის მაღალი გადასახადის და ცხოვრების სიძვირის გამო.

საქართველოს მოქალაქე სტუდენტი ან დოქტორანტი მე აქ ჯერ არ შემხვედრია, მაგრამ საქართველოდან ჩამოსული ებრაელები – მათემატიკოსები, ეკონომისტები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები კი საკმაოდ არიან. ბარ-ილანი სავსეა სტუდენტებით ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან… თუ საქართველოს სურვილი აქვს, მაღალი დონის სპეციალისტები ჰყავდეს, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პოსტდოქტორანტურა ბარ-ილანში ძალიან მაღალ დონეზეა. რაც შეეხება სწავლის გადასახადს, დაფინანსების უამრავი წყარო არსებობს, ისრაელსაც აქვს ფონდები, ზოგჯერ თვითონ პროფესორს აქვს თავისი ფონდი და შეუძლია მიიღოს სტუდენტი (დოქტორანტი). როგორც ჩემს დროს 2 საათი უნდოდა თბილისიდან მოსკოვში ჩაფრენას, ისე 2 საათის გზაა თბილისიდან თელ-ავივამდე. ისეთი გარემო, როგორიც აქ ხვდება, არცერთ ქვეყანაში არ დახვდება საქართველოდან ჩამოსულ არც სტუდენტს და არც დოქტორანტს…

რას გულისხმობ?

თბილი დამოკიდებულება, კეთილი დამოკიდებულება… ისრაელში ყველა გეუბნება, რომ საქართველოსთან კეთილმეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ამას იგრძნობ ყველა ნაბიჯზე.

უნდა იყოს თანამშრომლობა საბუნებისმეტყველო და ტექნიკის დარგში, თუ უნდა საქართველოს განვითარება, თორემ ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე – ფილოსოფია, ფილოლოგია, ისტორია – სადაც გინდა ისწავლე: თბილისის უნივერსიტეტის ნაცვლად დაამთავრა თელ-ავივის უნივერსიტეტი და ისტორიკოსი გახდა – რა მნიშვნელობა აქვს ამას ქვეყნის განვითარებისთვის? რა თქმა უნდა, შესაბამისად, საბუნებისმეტყველო და ტექნიკის დარგის სპეციალისტს უნდა შეუქმნა ბაზა, რომ შემდეგ მას სამუშაო პირობები ჰქონდეს საქართველოში.

ახლახან  გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის მთავარი მიმართულება ტექნოლოგიებია…

10-12 წლის წინ ისრაელის მთავრობამ გამოყო თანხა ახალი ტექნოლოგიების ინსტიტუტების დასაფინანსებლად. ააშენეს 5 ინსტიტუტი სხვადასხვა უნივერსიტეტში (მათ შორის, ბარ-ილანის უნივერსიტეტის ახალი ტექნოლოგიების ინსტიტუტიც).

ტრიპლექსის ტიპის შენობაა აშენებული და იცით, რატომ, რა იდეაა ჩადებული? ერთ სართულზე არის სამი ფრთა: ერთ ფრთაზე არიან ფიზიკოსები, მეორეზე – ქიმიკოსები, მესამეზე – ბიოლოგები. წყალი, სამზარეულო, სველი წერტილები – სამივე ფრთისთვის საერთოა და ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს და ბიოლოგებს ამის გამო ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, საუბარში კი ბევრი იდეა იბადება, ერთმანეთთან კავშირი ძალიან ინტენსიურია და ბევრი ერთობლივი შრომაა გაკეთებული. როდესაც ბარ-ილანში მეცნიერები ჩამოდიან და პრეზენტაციას აკეთებენ, იმაზეა აქცენტი, პირველ რიგში, უნივერსიტეტის შიგნით რამდენ ადამიანთან აქვთ ურთიერთობა ფიზიკოსს, ქიმიკოსს, ბიოლოგს თუ ინჟინერს – სხვადასხვა ფაკულტეტი როგორ თანამშრომლობს ერთმანეთთან.

ბარ-ილანის უნივერსიტეტის ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე თევზაძეს მივწერე წერილი: თუ ქუთაისს უნდა, რომ ისრაელის გამოცდილება, ფილოსოფია გაიზიაროს, ბარ-ილანი მზადაა თანამშრომლობისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მხარეზე.

ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მიხარია, რომ შენს მეორე სამშობლო საქართველოზე ასე ზრუნავ და, როგორც ვხედავ, საქართველო შენთვის ისევ ყოველდღიური თემაა – სულ ქართულ ამბებს იხსენებ, სულ ქართველ მეგობრებზე საუბრობ… რაზე გწყდება გული და რას ისურვებდი ახლა ყველაზე მეტად?

ახლა ძალიან მინდა საქართველოში ჩამოსვლა. ებრაელ ხალხს მეხსიერების ხალხს ეძახიან და ჩემს მეხსიერებაში ჩემი საძმაკაცო და სამეგობრო წარუშლელია. მარტში გარდამეცვალა ერთ-ერთი უახლოესი, უსაყვარლესი მეგობარი რამაზ კობალაძე – ვერც სანახავად ჩამოვედი, სანამ საავადმყოფოში იწვა და ვერც დასაფლავებაზე… მთელი თბილისი, მთელი საქართველო იცნობდა და პატივს სცემდა, ისეთი კაცი იყო, მგონი, 200 მარტო ნათლული ჰყავდა. მის დასაფლავებაზე ხალხი კანტიკუნტად მივიდა, რადგან ზუსტად პანდემიის პერიოდს დაემთხვა.

საავადმყოფოში დაწვა, შემდეგ რეანიმაციაში გადაიყვანეს. ვაპირებდი სანახავად ჩამოსვლას და რამდენიმე დღეში უკან გაბრუნებას, მაგრამ სწორედ იმ დროს მიიღეს რეგულაციები ისრაელმა და საქართველომ და ვერ შევძელი.

რამაზი 16 მარტს გარდაიცვალა და 19-ში, თავის დაბადების დღეზე დაკრძალეს. ერთადერთი, რაც  გავაკეთე, ისრაელის ქალაქ ლოდში წმინდა გიორგის ეკლესიაში წავედი (წმინდა გიორგის საფლავია), სანთლები ვიყიდე თბილისში გამოსაგზავნად, მაგრამ სანთლებიც კი ვერ გამოვაგზავნე – კომუნიკაცია არ იყო.

რომელ ქალაქში ცხოვრობ? შენი ოჯახის წევრები, შვილები სად არიან?

ვცხოვრობთ ისრაელის ერთ-ერთ ლამაზ და მეტად პერსპექტიულ ქალაქში – რიშონ-ლე-ციონში, რომლის დაარსება უკავშირდება როტშილდების სახელს – პირველი ქალაქი ციონში.

ჩემი ქალიშვილი ირინა 2001 წელს წამოვიდა ისრაელში – მეორე კურსის სტუდენტი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტში, დაანება თავი სწავლას, რადგან ისრაელში გათხოვდა. აქ სტომატოლოგიურზე გააგრძელა სწავლა და ახლა მუშაობს. კარგი ოჯახი აქვს, ღირსეული მეუღლე ჰყავს, 3 შვილს ზრდიან, ჩემი უფროსი შვილიშვილი – გოგონა 18 წლის გახდება მალე და ჯარში წავა 2 წლით.

ვაჟი, ირაკლი 31 წლისაა, თბილისში დაამთავრა ბიზნესის ადმინისტრირება და მართვა, GAU (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი) და ისრაელში 2012 წელს ჩამოვიდა, ჩემს მეუღლესთან (ლალი დავითაშვილი) ერთად. მანამდე მე მამასთან ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, მამაჩემი 2013 წელს გარდაიცვალა. ახლა ირაკლი ისრაელის ერთ-ერთ ძალიან ცნობილ კომპანიაში მუშაობს, ჯერ ცოლი არ ჰყავს.

წარმატებებს ვუსურვებ შენს შვილებს. დარწმუნებული ვარ, მეორე სამშობლო – საქართველო არასდროს დაავიწყდებათ და იქნებ მათაც შეიტანონ თავიანთი წვლილი საქართველო-ისრაელის მეგობრული თუ საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებაში.

ინტერვიუს ბოლოს რას ეტყოდი საქართველოს და ქართველებს? 

მინდა, რომ აყვავებული და წარმატებული იყოს!!! მერწმუნეთ, საქართველოს ყოველი პატარა წარმატება  უდიდესი სიხარულის და სიამაყის მომტანია ჩვენთვის და სულ მცირედი წარუმატებლობა – დიდი ტკივილი!

გვიყვარდეს საქართველო!!!

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close