სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა.
სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.
„ძვირფასო თანამემამულეებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე – რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე შეთანხმებას ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. შეთანხმების ტექსტი, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, წარმოუდგენლად მტკივნეულია ჩემთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება სამხედრო სიტუაციის სიღრმისეული ანალიზის შედეგად მივიღე. ეს გადაწყვეტილება ასევე ეფუძნება იმის რწმენას, რომ შექმნილ ვითარებაში ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხებაა“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და თურქეთის მხრიდან აზერბაიჯანის მხარდაჭერაზე მიუთითა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, გვიან ღამით, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი პრემიერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
შეკრებილები ხალხს ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.
„ჩვენ არ დავთმობთ მიწებს“, – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
ოპოზიციამ ფაშინიანი კაპიტულაციაში დაადანაშაულა და მისი გადადგომა მოითხოვა. გვიან ღამით საპროტესტო აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის და პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ.
როგორც ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, დემონსტრანტებმა მთავრობის სახლში ავეჯი დაამტვრიეს, ასევე ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი დააზიანეს.
„ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქციის ინფორმაციით, ერევანში, მთავრობის სახლთან სროლის ხმაც ისმოდა.
გვიან ღამით მოსახლეობას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც მიმართა.
„ბედნიერი ვარ, რომ დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან კონფლიქტს წერტილი დაესვა, აზერბაიჯანის მიწების ოკუპაცია სრულდება. მნიშვნელოვან პოზიციებზე შეთანხმების გზით, ჩვენ მივაღწიეთ კონფლიქტის დარეგულირებას, რომელიც, ჩემი აზრით, პასუხობს აზერბაიჯანელი და სომეხი ხალხების, ასევე, რეგიონის ინტერესებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ ერთი დღით ადრე ილჰამ ალიევმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის – შუშის დაკავების შესახებ განაცხადა. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიამ კონფლიქტის ზონაში კიდევ 23 სოფელი გაათავისუფლა.
9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად:
10 ნოემბერს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სრულად წყდება ცეცხლი და ყველა სამხედრო მოქმედება და აზერბაიჯანი და სომხეთი ჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე (პირველი პუნქტი); 2020 წლის 20 ნოემბრამდე აზერბაიჯანის მხარეს ნაღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები დაუბრუნდება. ასევე, სომხეთის რესპუბლიკა 2020 წლის 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს კელბაჯარის რაიონს დაუბრუნებს, პირველ დეკემბრამდე კი – ლაჩინის რაიონს, თუმცა დაიტოვებს ლაჩინის კორიდორს (რომლის სიგანე 5 კმ იქნება), რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის და, ამავდროულად, არ შეეხება ქალაქ შუშას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები დაბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიები კი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას აზერბაიჯანში მოქალაქეები ოვაციებით შეხვდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ აღნიშნავს ქუჩაში საზეიმო განწყობით გამოსული ასობით ადამიანი შეთანხმების გაფორმებას.
Civilians in Azerbaijan are celebrating the agreement between Azerbaijan, Russia and Armenia. pic.twitter.com/92XFB2wxJl
— CaucasusWarReport (@Caucasuswar) November 10, 2020
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
განსხვავებულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განაცხადება: „შეთანხმების მეხუთე პუნქტის საფუძველზე, შეიქმნება სამშვიდობო ცენტრი, რომელშიც როგორც რუსი, ისე თურქი სამხედროები იმოქმედებენ“. მისივე თქმით, თურქეთი ზავის შესრულებას გააკონტროლებს.
საგულისხმოა, რომ ოფიციალურ ტექსტში თურქეთი ნახსენები არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მშვიდობისმყოფელების კონტინგენტი მთიან ყარაბაღში 5-წლიანი ვადით განლაგდება, რაც ავტომატურად 5 წლის ვადით გაგრძელდება, თუ რომელიმე მხარე წინააღმდეგი არ იქნება. მთიან ყარაბაღში 2000 რუსი მშვიდობისმყოფელი შევა.
რუსული მედია უკვე ავრცელებს კადრებს, რომლებზეც ჩანს, როგორ მიემართებიან რუსი სამშვიდობოები მთიანი ყარაბაღისკენ.
❗️ Российские миротворцы выехали в Карабах pic.twitter.com/CITVNIYWAn
— НТВ (@ntvru) November 9, 2020
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარე წლის 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა არაერთ რაიონზე. სულ ბოლოს, 9 ნოემბერს – ქალაქ შუშაზე.
აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი, ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა დროდადრო ხდებოდა ცალკეული შეტაკებები და ინციდენტები.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები